Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახლი საზღვრების გარეშე“


82 წლის მიხეილ ილურიძე ყოველდღე სახლის ეზოში გამოდის და მთას გაჰყურებს, სადაც რუსეთის მესაზღვრეები ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს ამონტაჟებენ და გზა გაჰყავთ. სახლი მთის ძირში დგას, მაგრამ ეს სახლი მისი არ არის. ამ სახლში ცოტა ხნის წინ მოხუცთა თავშესაფარი განთავსდა. მარტოხელა მიშა პაპაც აქ გადმოვიდა, სადაც უვლიან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.

„სახლი საზღვრის გარეშე“- ასე ჰქვია ხანდაზმულთა თავშესაფარს, რომელიც სოფელ ხურვალეთისა და დევნილთა დასახლების განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოხუცებისთვის გაკეთდა. აგრაფინა სამნიაშვილიც ხურვალეთელია. ამბობს, რომ სოფლის სიახლოვეს რუსული ტექნიკის გამოჩენა აშინებს, მაგრამ ერთად შეკრებილი მოხუცები უფრო იმედიანად არიან.

ჟენია მელაძე-დრიაევას ერთი შვილი მავთულხლართებს მიღმა ჰყავს, მეორე იქვე სოფელში ცხოვრობს. 85 წლის მოხუცი თავშესაფარში ხშირად მიდის და სამედიცინო დახმარებას იღებს. ამ სახლში ეთნიკური ოსები და ქართველები ხშირად იკრიბებიან.

სახლი ლუდა სალიას ეკუთვნის. იგი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ხურვალეთის სახლში მისი დედამთილ-მამამთილი ცხოვრობდა და აგვისტოს ომის შემდეგ მალე გარდაიცვალნენ, სახლი კი დიდხანს დაკეტილი იყო. სოფელი იცლებოდა, სალია კი ფიქრობდა რა შეიძლებოდა ამ სახლში გაეკეთებინა. შემდეგ გაჩნდა ხანდაზმულთა თავშესაფრის მოწყობის იდეა. ლუდა სალია გულისტკივილით ამბობს, რომ სოფელში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ შიში დაძლეულია და თავშესაფარიც მუშაობს.

მოხუცთა თავშესაფარი 10 ბენეფიციარზეა გათვლილი. გარდა ამისა, მუშაობს დღის ცენტრიც, სადაც ხანდაზმულებს ეხმარებიან. არსებობს მოხუცთა შინმოვლის პროგრამაც.ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით პროექტს ახორციელებენ გერმანული ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი არსენიშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოხუცები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან, ამ პროგრამის მიზანი კი ის არის, რომ მათი ყოფა შემსუბუქდეს.

„სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც შიდა ქართლში 6 სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფინანსდა. ამ საწარმოების დიდი ნაწილი სოციალური სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG