Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზარელი დანაშაული მოსკოვში, ისლამური ექსტრემიზმით შეშფოთების ფონზე


სამართალდამცველები მეტრო „ოქტიაბრსკოე პოლესთან“
სამართალდამცველები მეტრო „ოქტიაბრსკოე პოლესთან“

მოსკოვში მოხდა საზარელი დანაშაული, რომელმაც რუსეთში და მის საზღვრებს მიღმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია. პოლიციელებმა მეტროსთან დააკავეს ქალი მას შემდეგ, რაც მან ჩანთიდან ამოიღო ბავშვის მოკვეთილი თავი. ინტერნეტით მალევე გავრცელდა ამ სცენის ამსახველი ვიდეო: მასზე ჩანს შავით შემოსილი, თავსაფრიანი ქალი, რომელიც ყვირის, რომ ტერორისტია.

მოსკოვში მეტრო „ოქტიაბრსკოე პოლესთან“ გახდნენ საზარელი სცენის მოწმე: შავით შემოსილმა ქალმა ჩანთიდან ამოიღო ბავშვის მოკვეთილი თავი, მას აქეთ-იქით აქნევდა და, როგორც მას შემდეგ ინტერნეტში მალევე გავრცელებულ ვიდეოზე ისმის, ყვიროდა, რომ ტერორისტია: მე მოვკვდები, მაგრამ თქვენ ყველანი დაისჯებითო. პოლიციელებმა ის სულ რამდენიმე წამში დააკავეს. პოლიციის ცნობით, ქალი ძიძად მუშაობდა - სწორედ იმ ბავშვის, ოთხი წლის გოგონას, მომვლელად, რომლის მოკვეთილი თავიც თან ჰქონდა. მედიის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ გაიგეს შეძახილი “დიდ არს ალაჰი“. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს შავით შემოსილი ქალი, მას თავზე აქვს მოხვეული, როგორც ჩანს, ისლამური თავსაფარი...

რუსეთის მედიის ცნობით, დადგენილია ქალის ვინაობა. ის არის 39 წლის გიულჩეხრა ბობოკულოვა, უზბეკეთიდან. მოსკოვის პოლიციის ცნობით, ის ფსიქიატრიული შემოწმების ჩასატარებლად წაიყვანეს. 29 თებერვალს, უფრო ადრე, მეხანძრეებმა იპოვეს ბავშვის თავმოკვეთილი გვამი, როცა მოსკოვის ერთ-ერთ სახლში ცეცხლს აქრობდნენ.

ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივი სამმართველოს ვერსიით, ბობოკულოვა იცდიდა, სანამ გოგონას მშობლები და უფროსი ძმა დატოვებდნენ ბინას, შემდეგ ბავშვი მოკლა და ბინას ცეცხლი წაუკიდა.

რუსეთის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ ცნობით, ბობოკულოვა მეტროსთან ყვიროდა, ასევე, „მძულს დამოკრატიაო“. ამავე გაზეთის ცნობით, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მას და სხვა თვითმხილველებს ჯერ ეგონათ, რომ ქალს ხელში ეჭირა თოჯინის თავი. ის ყვიროდა, ასევე, „მათ შვილი მომიკლეს, ყველას აგაფეთქებთო“. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, პოლიციამ დახურა მეტროსადგური „ოქტიაბრსკოე პოლე“, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ იპოვა. მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ.

გავრცელებული ცნობებით, მოკლულ ბავშვს სწავლის პრობლემა ჰქონდა და ვერ დადიოდა. მისი მშობლები დასავლეთ რუსეთში მდებარე ორიოლის ოლქიდან იყვნენ და მოსკოვში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. როგორც მოკლული ბავშვის დედ-მამამ უთხრა პოლიციას, ძიძა მათთან უკვე წელიწად-ნახევარია მუშაობდა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ისლამისტ ექსტრემისტებს არაერთი სისხლისმღვრელი თავდასხმა მოუწყვიათ მოსკოვში, მაგრამ ინციდენტს, როგორიც დღეს მოხდა, პრეცედენტი არა აქვს. სავარაუდო მკვლელობა მოხდა იმ ფონზე, როცა რუსეთში შეშფოთებას იწვევს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტებისაგან მომდინარე საფრთხე. „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებასთან ერთად, რუსეთში გამწვავებულია დაძაბულობა, ერთი მხრივ, ეთნიკურ რუსებსა და, მეორე მხრივ, რუსეთში ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან სამუშაოდ ჩასულებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG