Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმადიან მესხებს დოკუმენტების ჩაბარების ვადა ეწურებათ


დაახლოებით ორ კვირაში ამოიწურება ვადა, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებმა მაჰმადიანმა მესხებმა საქართველოში დაბრუნებისთვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება უნდა დაასრულონ. გასული საუკუნის 40-იან წლებში, საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოდან გადასახლებულ მესხებს სამშობლოში დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურები საქართველოს პარლამენტმა 2007 წელს დამტკიცებული რეპატრიაციის კანონით დაუდგინა. მისმა ამოქმედებამ მაჰმადიან მესხებში, - როგორც თავად ამბობენ - სიხარული გამოიწვია. თუმცა, ორი წლის წინ წინანდელი ეს ემოცია მესხთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ვათანის“ წარმომადგენლებს კანონის შინაარსის გაცნობამ გაუნელა.

კანონი დეპორტირებული მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველია, მათ არანაირ სხვა უფლებას არ ანიჭებს და ისიც უცნობია, თუ ვინ უნდა აღასრულოს - მსგავს შეფასებებს თბილისში, „თავისუფალი აზრის სახლში“ შეკრებილი მაჰმადიანი მესხები გამოთქვამდნენ.

„რატომ უნდა აღასრულებდეს კანონს საზოგადოება ვათანი?! მაშინ, სად არის სახელმწიფო?! 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომისას საქართველოდან მესხების გადასახლებისთვის ვაგონებიც გამოძებნეს, გზაში საჭირო პროდუქტიც და 20 ათასიანი არმიაც, რომელმაც ეს დავალება ათ დღეში შეასრულა. დღეს მესხებს სამშობლოში, საქართველოში დაბრუნება უნდათ, მაგრამ არცერთ სახელმწიფოს ჩვენი დახმარება არ სურს“ - თქვა დისკუსიის მონაწილემ იბრაჰიმ ბურხანოვმა, რომელიც მესხთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ვათანს“ აზერბაიჯანში ხელმძღვანელობს. მისგან განსხვავებით, დისკუსიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს უკრაინის და თურქეთის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტექნიკური მიზეზით თბილისში ჩამოსვლა დააგვიანეს.
საქართველოდან გასული საუკუნის 40-იან წლებში დეპორტირებული მესხები და მათი შთამომავლები - დაახლოებით 450 ათასი ადამიანი, - ისტორიული სამშობლოს გარდა, ამჟამად მსოფლიოს 8 ქვეყანაში ცხოვრობენ. რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე თემურ ლომსაძე ამბობს, რომ საქართველოდან მესხების გადასახლების მიზეზი ექსპერტებმა დღემდე ვერ დაადგინეს. ამასთან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, მათ შორის ევროსაბჭოს ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რეპატრიაციის კანონი არასრულყოფილია. თემურ ლომსაძის შეფასებით, მაჰმადიან მესხებს არც ამ კანონის და არც მისი დამტკიცების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო გაუმართლათ. 2007 წლის ნოემბრიდან დაწყებული პოლიტიკური პროცესები, რომელიც დღემდე გრძელდება და აგვისტოს ომი, ის ფაქტორებია, რომლის გამოც, მაჰმადიანი მესხების არცთუ მცირე ნაწილს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება უკვე უჭირს.

რეპატრიაციის კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში მესხების 50-მდე ოჯახი დაბრუნდა. დაბრუნების სხვა მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსულოებს 1 ივლისამდე უნდა ჩააბარონ. კანონით, რომელიც ამ თარიღს განსაზღვრავს, საჭიროა 13 საბუთისგან შემდგარი დოკუმენტაცია, რომელიც ქართულად და ინგლისურად უნდა შეივსოს. მაჰმადიანი მესხების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი, არც ერთი იცის და არც მეორე. ამიტომ, თარგმნა და მასში თანხის გადახდა, შემდეგ კი - ნოტარიულად დამოწმება და კვლავ თანხის გადახდა უწევთ. აზერბაიჯანში მცხოვრებ მესხებს დახმარებას ორგანიზაცია „ვათანი“ უწევს, თუმცა, მისი რესურსი შეზღუდულია.

აზერბაიჯანში მცხოვრები 70 ათასი მესხიდან დოკუმენტაცია დაახლოებით 7 ათასმა უკვე ჩააბარა და ამჟამად რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებას ელის. „ჩვენ პროცესის გაჭიანურებით დაინტერესებულნი არ ვართ, რადგან ისედაც დიდი ხნით დავიგვიანეთ. როდესაც ადამიანები მშვიდად ვერ ცხოვრობენ, ამას ცხოვრება არ ჰქვია“ - ამბობს რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე სულეიმან ბარბაქაძე. მისივე ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრები 100 ათასამდე მესხიდან საქართველოში დაბრუნების განაცხადი 30 ათასმა წარადგინა და ამჟამად დოკუმენტებს აგროვებს. ბარბაქაძის თქმით, ამ მხრივ, შუა აზიის ქვეყნებში საერთოდ არაფერი კეთდება. ცნობისათვის, ყველაზე დიდი დიასპორა ყაზახეთშია, სადაც 130 ათასი მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ვიზიტისისას მისთვის ნაამბობი ერთი ისტორია თემურ ლომსაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გაიხსენა. კერძოდ, ერთ-ერთი შეხვედრისას, სადაც საუბარი იმის შესახებ იყო, რომ საქართველომ კანონი მიიღო და მესხები უნდა დაბრუნდნენ, ადგილობრივმა ჩინოვნიკმა იკითხა: არ შეიძლება, რომ მესხების ნაცვლად ყაზახები გადავასახლოთო? და დასძინა, თუ აქედან მესხები წავლენ, ვინ მოიყვანს მოსავალს და ვინ გამოგვკვებავსო. თემურ ლომსაძე ფიქრობს, რომ ყაზახეთიდან საქართველოში შესაძლოა, მაჰმადიანი მესხების მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდეს.

შუა აზიაში, კერძოდ, უზბეკეთში დაიბადა მარატ ბარათაშვილი, რომელიც რეპატრიანტთა კავშირს ამჟამად საქართველოში ხელმძღვანელობს. „მამამ დამიბარა, რაც მე ვერ შევძელი, შენ უნდა მოახერხო და საქართველოში დაბრუნდეო“ - თქვა დისკუსიისას მარატ ბარათაშვილმა, რომელიც თბილისში 80-იან წლებში ჩამოვიდა და დასახლდა. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მესხების პრობლემის მოგვარებაზე მხოლოდ საუბრობს და რეალურად არაფერს აკეთებს. რეპატრიაციის კანონი მარატ ბარათაშვილისთვის დისკრიმინაციულია, მის ამოქმედებას კი, მხოლოდ იმით ხსნის, რომ საქართველოს ევროსაბჭოსადმი ვალდებულება აქვს. დისკუსიისას მისი საკმაოდ ემოციური გამოსვლა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარატ ბარათაშვილმა იმით ამიხსნა, რომ ქართველები ემოციურები ვართ და განსახილველი თემაც ემოციას იწვევდა.

ამჟამად მესხთა გაერთიანება „ვათანი“ საქართველოს ხელისუფლებისგან დაბრუნების მსურველთა მიერ დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის წლის ბოლომდე გახანგრძლიევბას ითხოვს. შუამდგომლობისთვის მიმართეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტერი დევისსაც, რომელიც მესხთა პრობლემაზე სასაუბროდ ახლახან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს შეხვდა. მათი საუბრის შედეგი „ვათანის“ და რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდისთვის ჯერჯერობით უცნობია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG