Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტური რეგიონის ჟურნალისტთა ერთობლივი ტურნე


შეხვედრა დიარბაქირში
შეხვედრა დიარბაქირში
აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები თურქ და სომეხ კოლეგებს თურქეთის ქალაქ დიარბაქირში შევუერთდით. კავკასიელ ჟურნალისტებს ერთად უნდა გვემოგზაურა და გვემუშავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ ორგანიზებით, აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები ჯერ ვიმყოფებოდით ერევანში, სადაც სომხურ-თურქული ურთიერთობის საკითხებს ვსწავლობდით. შევხვდით პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. სომხეთში ამ საკითხის გარშემო განსხვავებული მოსაზრებებია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქეთმა ჯერ სომეხთა გენოციდი უნდა აღიაროს და ამის შემდეგ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები. ნაწილი კი, ფიქრობს რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და პირველ ყოვლისა, სომხეთ-თურქეთის საზღვარი უნდა გაიხსნას. ანალოგიური შეხვედრები სტამბოლშიც გავმართეთ.

თურქები გადაჭრით ამბობდნენ, რომ გენოციდის აღიარება არ მოხდება, დიპლომატიური ურთიერთობა კი, მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ დაიწყება.

საზოგადოებრივ აზრს დიდი წონა აქვს და მასზე საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს...

იმ დროს, როდესაც ორი სახელმწიფოს ურთიერთობა ჩიხშია, ერევნის პრესკლუბში სომეხი და თურქი ჟურნალისტების ერთობლივი ტურის იდეა გაჩნდა. ორივე ქვეყნის მედიაზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები უფრო მეტად აღვივებდნენ კონფლიქტს და სტერეოტიპებით წერდნენ.

ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელის ბორის ნავასარდიანის აზრით, ერთობლივი ტურის იდეა ის იყო, რომ ჯერ ჟურნალისტებს გაეცნოთ ერთმანეთი, შემდეგ კი ორივე მხარის პოზიცია გაეგოთ. მისივე შეფასებით, მედიას ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია.

ვცდილობთ ორგანიზებას გარკვეული ინიციატივებისა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში სხვა აქცენტებით და ნაკლები სტერეოტიპებით...

”ჩვენ შევხვდით თურქეთში საკმაოდ ცნობილ და პოპულარულ პოლიტიკურ მოღვაწეს, ქალაქ დიარბაქირის მერს. მან გვითხრა, რომ თურქული მასმედია ძალიან გავლენიანია და თუკი მოისურვებს, სამ თვეში სომხეთზე დადებით იმიჯს შექმნის. და ეს მაშინ, როდესაც დღევანდელი სოციოლოგიური გამოკვლევებით, თურქების 72%-ს სომხებზე უარყოფითი აზრი აქვს. ანუ, თუ თურქეთის მედია ამ თემას თანმიმდევრულად, პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით მიუდგება, შეუძლია ვითარება საგრძნობლად შეცვლოს. სომხეთშიც დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა. საზოგადოებრივ აზრს დიდი წონა აქვს და მასზე საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს” - უთხრა რადიო თავისუფლებას ბორის ნავასარდიანმა.

ერევნის პრესკლუბის იდეას სომხეთის ”ინტერნიუსი” და თურქული ორგანიზაცია ”ჯიპოდიც” შეუერთდნენ, დონორებიც გამოჩნდნენ და მოგზაურობა დაიწყო. დიარბაქირის შემდეგ იყო ვანის ტბა, კუნძული ახტამარი და კუნძულზე არსებული სომხური ეკლესია. ამის შემდეგ ქალაქ ვანში, ქურთი ქალების საპროტესტო აქციაზე, თურქი ჟურნალისტები სომეხ კოლეგებს ვითარების გარკვევაში ეხმარებოდნენ. ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ და განათლების ქურთულ ენაზე მიღებას მოითხოვდნენ.

სომხეთის ”ინტერნიუსის” ხელმძღვანელი ნუნე სარგსიანი ამბობს, რომ ჟურნალისტების თანამშრომლობა შედგა. მისივე თქმით, ”ვცდილობთ ორგანიზებას გარკვეული ინიციატივებისა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში სხვა აქცენტებით და ნაკლები სტერეოტიპებით. ამ შემთხვევაში, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ სომეხი და თურქი ჟურნალისტები ერთად მუშაობით და ერთმანეთთან ურთიერთობით შეეცადონ სხვაგვარად შეხედონ ქვეყნებს და საერთო პრობლემებს.”

ვანის შემდეგ იყო ყარსი. შემდეგ სომხეთის სამეფოს ძველი დედაქალაქი ანისი, სადაც გუმბათჩამოქცეული ეკლესია-მონასტრები ვნახეთ. სომეხი ჟურნალისტების აზრით, თურქეთთან პოლიტიკური ურთიერთობა სწრაფად უნდა განახლდეს, რათა თუნდაც ძეგლების აღდგენის საკითხი შეთანხმდეს.

ერთი კვირის განმავლობაში აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები სომეხი და თურქი კოლეგების ურთიერთობებს ვაკვირდებოდით. ორდღიანი გაუცხოების შემდეგ ისინი ერთმანეთს სხვადასხვა საკითხის გასარკვევად სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ. თურქული გაზეთის ”თარაფ დეილის” ჟურნალისტი უზგუნ უსთაში ამბობს, რომ პროფესიული კონტაქტების გარდა ადამიანური ურთიერთობაც დამყარდა.

სომეხ და თურქ კოლეგებს ახალციხეში დავშორდით. მათ გზა ერევნისკენ განაგრძეს. ”გოუ ჯგუფის” ხელმძღვანელის მარგარიტა ახვლედიანის შეფასებით, თურქი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი მოგზაურობა და მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა, აფხაზ, ოს და ქართველ ჟურნალისტებს კი დაკვირვების საშუალება მიეცა.

პროექტი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი. მომავალში დაგეგმილია ერთობლივი დოკუმენტური ფილმების მომზადება, სომეხი და თურქი ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამა და ბოლოს ერთობლივი თოქ-შოუების მოწყობა.
XS
SM
MD
LG