Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი ევროვიზიისათვის ემზადება


ბაქო, 25 იანვარი: ოფიციალური ცერემონია ევროვიზიის კონკურსის მასპინძლის რანგში
ბაქო, 25 იანვარი: ოფიციალური ცერემონია ევროვიზიის კონკურსის მასპინძლის რანგში
ბაქოში კულმინაციას აღწევს მზადება ევროვიზიის რიგით 57-ე კონკურსის ფინალისათვის. დასასრულს უახლოვდება სამუშაოები საკონცერტო დარბაზში, არემონტებენ და ასუფთავებენ ქუჩებს, ქმნიან სიმღერებს აზერბაიჯანის მშვენიერ დედაქალაქზე...

ამასობაში, ბაქომ უკვე გაიარა საკვანძო ეტაპი ევროვიზიის კონკურსისათვის მზადების გზაზე. 25 იანვრის შთამბეჭდავ, ცნობების თანახმად, ძვირადღირებულ ცერემონიაზე ბაქოს მერმა ჩაიბარა კონკურსის სიმბოლური გასაღები შარშანდელი მასპინძელი ქალაქის, დიუსელდორფის მერისაგან. იქვე წარმოადგინეს წლევანდელი ლოგო - წითელი ყვავილი, რომლის ფურცლებიც ალის ენებს ჰგავს და დევიზი „დაანთე შენი ჩირაღდანი“.

ორივეთი აღტაცებულია ევროვიზიის ღონისძიებათა კოორდინატორი, ნიდერლანდელი სიტსე ბაკერი, რომელიც საგანგებოდ ეწვია ბაქოს ცერემონიაზე დასასწრებად: „ჩემი აზრით, ეს არის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ძალიან თანამედროვე რეპრეზენტაცია. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს იყოს საუკეთესო დევიზი, რომელიც ოდესმე გვქონია ევროვიზიისათვის“.

სიტსე ბაკერმა, ევროვიზიის დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად, მოიწონა ე.წ. ბროლის დარბაზიც, რომელიც ბაქოში გერმანულმა კომპანიამ ააშენა საგანგებოდ, ევროვიზიის კონკურსის ფინალური ეტაპისათვის. დარბაზში 23 000 ადგილია 43 ქვეყნის დელეგაციებისათვის. სხვათა შორის, მათ შორის იქნება სომხეთის წარმომადგენლობაც, აზერბაიჯანთან ამ ქვეყნის, როგორც ცნობილია, დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მიმართავს ზომებს სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად, რათა ევროვიზიის ფინალის მონაწილეთა, რაც შეიძლება, მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს ბაქოში ჩასვლა. სავიზო რეჟიმის ცვლილებებზე ახლო მომავალში გამოაცხადებენ.

ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ბაქოში კონცერტების ბილეთების ფასიც, მაგრამ ევროვიზიის ღონისძიებათა კოორდინატორი, სიტსე ბაკერი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას სჯერა, რომ აზერბაიჯანში ევროვიზიის კონკურსის მონაწილეთა ათასობით ფანი ჩავა ორ ნახევარფინალურ კონცერტზე და, 26 მაისს, ფინალზე დასასწრებად.

აზერბაიჯანი, ცნობების თანახმად, მილიარდამდე დოლარს ხარჯავს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებსა და პიარ კამპანიაზე კონკურსისათვის, რომელიც მიჩნეულია საუცხოო შანსად საერთაშორისო იმიჯის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ყველა პროექტი არ შედის უშუალოდ, კონკურსთან დაკავშირებულ ხარჯებში. „ბაქოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის ბროლის დარბაზის მშენებლობა, მიეკუთვნება ქალაქის გაუმჯობესების გაცილებით უფრო მასშტაბურ გეგმას, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ევროვიზიის სიმღერის კონკურსს“, - აცხადებს სიტსე ბაკერი.

თუ ისევ იმიჯს დავუბრუნდებით, ის აზერბაიჯანს საკმაოდ შელახული აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქვეყანაში რეგულარულად მიმართავენ რეპრესიებს მასმედიისა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს ევროვიზიის კონკურსისათვის?

სიტსე ბაკერი განმარტავს, რომ ევროვიზიის ორგანიზატორები კონკურსს, როგორც წესი, არ უკავშირებენ პოლიტიკურ მიზნებს, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს ინტერესი, რომელიც ამ თვეებში აზერბაიჯანისაკენ იქნება მიმართული, ადგილობრივ უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს დაეხმარება საკუთარი პოზიციის გამყარებაში.

„ეს არის შანსი აზერბაიჯანელი ხალხისათვის, თავისი ქვეყანა აჩვენოს დანარჩენ ევროპას. და თუ მედიის ყურადღება, რომელიც აზრებაიჯანისკენ არის მიმართული, ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებას, ეს, რასაკვირველია, ძალიან მისასალმებელია. მაგრამ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს მედიამ და არა ჩვენ“, - აღნიშნავს ევროვიზიის ღონისძიებათა კოორდინატორი, რომელიც ბაქოს ეწვია ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ფინალისთვის მზადებასთან გასაცნობად.

როგორც ირკვევა, კონკურსისთვის გულდასმით ემზადებიან მეზობელ საქართველოშიც. იანვრის ბოლოს გავრცელებული ცნობით, დასრულდა შიდაშესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები შეიტანა 13-მა მომღერალმა. მათგან ერთ-ერთი გახდება საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის 57-ე კონკურსზე, რომელიც პირველად ჩატარდება სამხრეთ კავკასიაში, ბაქოში.
XS
SM
MD
LG