Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში საარჩევნო სიების დაზუსტება იწყება


ქუთაისი
ქუთაისი
ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისში 162 ათასი ამომრჩეველია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა გადამოწმებას კი 460 რეგისტრატორი უზრუნველყოფს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისათვის კარდაკარ გადამოწმების კამპანია 20 აპრილიდან დაიწყება, მეველე რეგისტრატორების გადამზადება 6 აპრილს დასრულდება და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში - ტყიბულში, თერჯოლასა და ბაღდათში - რამდენიმედღიანი საპილოტე სამუშაოები განხორციელდება. როგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ივანე კაპანაძე განმარტავს, მეველე რეგისტრატორები საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ერთიან სიაში მყოფი ამომრჩევლების იდენტიფიცირებას მოახდენენ, უზუსტობის შემთხვევაში კი შეავსებენ სპეციალურ ფორმას. ივანე კაპანაძის თქმით, გარდაცვლილი ადამიანებისა და საზღვარგარეთ მყოფთა მონაცემების დაზუსტება დადებით შედეგს გამოიღებს.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ქუთაისში 5 პოლიტიკური სუბიექტითაა დაკომპლექტებული. კომისიის წევრი, საკრებულოს დეპუტატი, ქრისტიან -დემოკრატი გიორგი გოგელაშვილი მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ შედეგებზე საუბარი ნაადრევია.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის შედეგებისადმი ნდობის ხარისხი დაბალია იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებენ. რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის თქმით, პოლიტიკური პარტია არ ენდობა კარდაკარ ამომრჩეველთა გადამოწმების პროგრამას და კომისიის მუშაობა არ მიაჩნია არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორების საშუალებად.

თავის მხრივ, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობას მონიტორინგს უწევენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები. როგორც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი ამბობს, საზოგადოებისთვის მონიტორინგის შედეგების შეჯამების შემდეგ გახდება ცნობილი ის შეფასებები, რომლებსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები დადებენ.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ საარჩევნო სიები, „კარდაკარის“ პროგრამით, 1 აგვისტომდე უნდა დააზუსტოს.
XS
SM
MD
LG