Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ქონება აუქციონზეა გატანილი


ბიძინა ივანიშვილის 100-%-იანი წილი ”ქართუ ჯგუფში ” და 21,7 %-იანი წილი ”პროგრეს ბანკში” ინტერნეტაუცქიონზე გასაყიდად 2 ივლისს გავიდა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო იუწყება. პროცედურა მას შემდეგ განხორციელდა, რაც პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მისთვის დაკისრებული 74 მილიონი ლარის ნებაყოფლობით გადახდაზე უარი განაცხადა.

”ქართული ოცნების” იურისტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ”პროგრეს ბანკში” არსებული წილის მფლობელია. ამასთან, ისინი აქციების შეფასებასაც საეჭვოდ მიიჩნევენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თხოვნით, აქციების ფასი სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვრა. მან ”ქართუ ჯგუფის” აქციების 100%-იანი წილი 151 880 661 ლარად, ხოლო ”პროგრეს ბანკში” არსებული 21%-იანი წილი 3 556 498 ლარად შეაფასა.

”ქართუ ჯგუფის” აქციების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 152 მილიონ ლარად, ხოლო ”პროგრეს ბანკის” აქციების 21,7 % 3 ნახევარ მილიონ ლარად დაახლოებით 3 დღეში შეაფასა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ.

თავის მხრივ კი, აღსულების ეროვნული ბიურო, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ აღნიშნული აქციების მფლობელი ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. აქციები მას 26 ივნისს დაუყადაღა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. სააღსრულებო წარმოებას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომლებშიც ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური მიზნების კანონის დარღვევით განხორციელებაში დადანაშაულდა. შესაბამისად, მას 74 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

როგორ შეაფასეს 2 დღეში ”ქართუ ჯგუფის” მთლიანი ქონება, მათ შორის, ”ქართუ ბანკის”, რომლის შეფასებასაც მინიმუმ 1 თვეს მოანდომებდა ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული ფირმა ...
ნოდარ ჯავახიშვილი

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2 ივლისის განცხადებაში კი ვკითხულობთ:
„ ‘სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%. შესაბამისად, სს ,,ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.”

”ქართუ ბანკისა” და” ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ”ქართუ ჯგუფსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის საერთო არაფერია, ”ქართუ ჯგუფის” აქციებს 11 კომპანია ფლობს, რომლებთანაც ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს. მხოლოდ აქციების 9 %-ს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - უტა ივანიშვილი. როგორც ცნობილია, საკუთარ ვაჟს ბიძინა ივანიშვილმა აქციები მაისში გადაუფორმა.

ნოდარ ჯავახიშვილის სიტყვებით, არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის სახელი არ ფიგურირებს.

”როგორ შეაფასეს 2 დღეში ”ქართუ ჯგუფის” მთლიანი ქონება, მათ შორის, ”ქართუ ბანკის”, რომლის შეფასებასაც მინიმუმ 1 თვეს მოანდომებდა ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული ფირმა... და ზუსტად გამოიყვანეს ის თანხა, რომლითაც აუქციონზე გავა? ზუსტად, კაპიკ-კაპიკ ემთხვევა ბიძინასთვის დაკისრებულ ჯარიმას. ანუ ეს ნიშნავს, რომ ზუსტად არითმეტიკა მოიყვანეს შესაბამისობაში დაკისრებულ ჯარიმასთან, თორემ სინამდვილეში არანაირი შეფასება არ მომხდარა.”

კანონის თანახმად, აღმასრულებელს 15 დღის განმავლობაში უფლება აქვს, ეს აქციები პირდაპირ გადასცეს სახელმწიფოს. ...
Write your quote footer here...

აუქციონზე გატანილი აქციების გაყიდვის შედეგად დავალიანებას აღმატებული თანხა მის მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს, ამბობს ”ქართული ოცნების” წევრი და ადვოკატი არჩილ კბილაშვილი. თუმცა არჩილ კბილაშვილს დასაშვებად მიაჩნია, რომ აუქციონზე არ გამოჩნდეს 75 მილიონის გადახდის მსურველი. შესაბამისად, მარტოოდენ თანხის განსაზღვრა არ არის იმის წინაპირობა, რომ აუქციონი შედგება და მასზე გატანილი ქონება გაიყიდება. არჩილ კბილაშვილი იმაზე საუბრობს, რაც აუქციონზე მყიდველის არგამოჩენას შეიძლება მოჰყვეს:

”კანონის თანახმად, აღმასრულებელს 15 დღის განმავლობაში უფლება აქვს, ეს აქციები პირდაპირ გადასცეს სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოსგან ნომინირებული პირი შეიძენს ამას აუქციონზე, თუ ასე არ მოხდება და სახელმწიფოს გადაეცემა. ჯამში, საკითხი მაინც ასე დგას, რომ სახელმწიფო ართმევს ბანკს.”

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, თეორიულად აუქციონში მონაწილეობის უფლება თავად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ განიხილება. ადვოკატის განცხადებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ადგილობრივი სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.

გეტყვით იმასაც, რომ ონლაინ აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ,,ქართუ ჯგუფის" აუქციონი 10 ივლისის 18 საათამდე, ხოლო „პროგრეს ბანკისა“ იმავე დღის 19 საათამდე გასტანს. აღსრულების ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ მოვალის მიერ დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში აუქციონის მიმდინარეობა შეწყდება და ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG