Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რაზე ვერ თანხმდებიან ახალციხის ავტოსადგურში


ახალციხე
ახალციხე
უკმაყოფილება შპს „მგზავრის“ დირექციასა და შპს „პროფესიონალის“ ხელმძღვანელობას შორის მაშინ დაიწყო, როცა ახალციხის ავტოსადგომში „პროფესიონალის“ მძღოლები აღარ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შპს „მგზავრის“ ხელმძღვანელობას სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნეს, სლავა ჩიხრაძემ მძღოლებს მგზავრის აყვანის საშუალება არ მისცა, თუმცა საბოლოო განაჩენამდე სასამართლომ შპს „პროფესიონალის“ წარმომადგენლებს ავტოსადგომში თავისი საქმიანობის გაგრძელების უფლება მიანიჭა, – აცხადებს ,,პროფესიონალის“ წარმომადგენელი რომან გოგოლაძე.

პრობლემა მას შემდეგ დაიწყო, რაც შპს „მგზავრის“ კომპანიონმა ფირმამ 3 ახალი მიკროავტობუსით სამარშრუტო ტაქსები ჩაანაცვლა. კომპანიის შეთავაზებაზე მძღოლებს ახალი ტრანსპორტი ემართათ, შპს „პროფესიონალის“ მძღოლებმა, მათივე მტკიცებით, უარი მიზერული ანაზღაურების გამო განაცხადეს. უარის მიუხედავად, ჩანაცვლება მაინც მოხდა, მძღოლებს კი მგზავრის აყვანა აეკრძალათ. ამიტომ მათ სამსახურის შენარჩუნების მიზნით და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართეს, – განმარტავს შპს „პროფესიონალის“ დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე.

შპს „მგზავრის“ დირექტორი ოფიციალურად ამალია ჩიხრაძეა. მძღოლების მტკიცებით, მის მეუღლეს, სლავა ჩიხრაძეს, განკარგულების გაცემის უფლება არა აქვს, თუმცა, თავის მხრივ, სლავა ჩიხრაძე აცხადებს, რომ ახალციხის ავტოსადგომის ხელმძღვანელისგან მისი მოვალეობის შესრულების რწმუნება აქვს. რაც შეეხება სასამართლოს განაჩენს, შპს „მგზავრის“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სასამართლოს მოხელეებს შეცდომა გაეპარათ. სლავა ჩიხრაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სასამართლომ 14 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „პროფესიონალის“ სასარგებლოდ მიიღო. სლავა ჩიხრაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს და აცხადებს, რომ საბოლოო განაჩენამდე შპს „პროფესიონალის“ მძღოლებს ავტოსადგურზე არ შეუშვებს. თავის მხრივ, მძღოლები დავის მოგვარებას ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით აპირებენ.
XS
SM
MD
LG