Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახელები რუსულ ბაზარზე დიდ იმედებს ამყარებენ


ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის გატანა დაიწყო. ქართული პროდუქტისთვის რუსეთის ბაზარი 26 მაისიდან გაიხსნა. აღნიშნულ სიახლეს კახეთში მოსახლეობა დადებითად აფასებს. იმედი გაუჩნდათ, რომ წელს მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მიმდინარე წელს სამ ტონამდე ატმის მოსავალს ელოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ციალა ვარაზაშვილი, თუმცა ფიქრობს, რომ მოსავლის რეალიზება, გასული წლების მსგავსად, კვლავ გაუჭირდება. ამბობს, რომ შარშან 1 ჰექტარზე გაშენებული ატმის ბაღიდან მოსავლის გამოტანა და რეალიზაცია ვერ მოახერხა. მაშინ ატმის დიდი ნაწილი დალპა:

„გასულ წელს ატმის დიდი მოსავალი იყო, მაგრამ ბაღშივე განადგურდა. მისი რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. უამრავი ენერგია და შრომა, ასევე შხამქიმიკატები სჭირდება მის მოყვანას. ახლა ვფიქრობ, რომ მოვიდეს კარგი მოსავალი, რა ვქნა? თუ იქნება რუსული ბაზარი, კარგი იქნება, მაგრამ არ მჯერა“.

წელს მთავრობამ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის რუსული ბაზარი მოიძია. ქართული კურკოვანი ხილისა და ბოსტნეულის მისაღებად რუსეთი 26 მაისიდან გაიხსნა. ჩუმლაყელი ფერმერები ამბობენ, რომ რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია:

„რაც მეტი უცხოური ბაზარი იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი, მით მეტი იქნება გლეხის შემოსავალი და ეს, რა თქმა უნდა, კარგია“.

„რუსული ბაზარი სჭირდება ატამსაც და ყურძენსაც. უნდა იმოძრაონ მანქანებმა, ეს აუცილებელია“.

„თუ რუსული ბაზარი იქნება, მოსავლის რეალიზება მოხდება და გლეხს მისი გადაყრა აღარ მოუწვს – პურის ფულიც იქნება“.


სურსათის უვნებლობის სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული პროდუქციის შეტანა რუსულ ბაზარზე ეტაპობრივად და მხოლოდ სანიტარიული ნორმების დაცვით განხორციელდება. შემოწმებულ პროდუქციაზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ლიტარტია ამბობს:

„ყველაზე მთავარი ფიტოსანიტარიული წესების დაცვაა. საექსპორტო პროდუქცია უნდა იყოს შემოწმებული. შემოწმება კი უნდა განახორციელოს სურსათის უვნებლობის სამსახურმა და „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. შემოწმება უნდა განხორციელდეს ტვირთის ტრანსპორტირების წინ“.

შეგახსენებთ, რომ რუსული ბაზარი ქართული ღვინოებისა და მინარალური წყლის კომპანიებისთვის 2013 წელს გაიხსნა. რუსეთში საკუთარი პროდუქციის გატანა 40–მდე კომპანიამ შეძლო. ამ ეტაპზე უცნობია, ქართველი ფერმერები ადგილზე წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის შეტანას დამოუკიდებლად მოახერხებენ თუ შუამავალი კომპანიების დახმარება დასჭირდებათ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG