Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემია და ქველმოქმედება


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი
თბილისის საკრებულოს ცნობით, ივნისში პრემია საკრებულოს 243-მა თანამშრომელმა აიღო. მათგან 30 დეპუტატია, დანარჩენი კი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. ყველაზე მაღალი პრემია საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა აიღო - ეს თანხა 8496 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი პრემიის ოდენობა კი 800 ლარი იყო. ირაკლი შიხიაშვილმა ბრიფინგზე პრემიების გაცემის აუცილებლობა დატვირთული სამუშაო გრაფიკით ახსნა და ისიც განმარტა, რომ საკრებულოს წევრები ბოლო სახელფასო ანაზღაურებას მთლიანად ბერი ანდრიას ფონდში გადარიცხავენ.

თბილისის საკრებულის თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს იმ პრემიისთვის, რომელიც ივნისში აიღეს მან და საკრებულის სხვა წევრებმა. ამასთან, პრემიების მიღების გასამართლებლად საკრებულოს წევრთა დატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა და ისიც დასძინა, იძულებული ვარ გავამხილო, რომ საკრებულოს წევრები აპირებენ ბოლო ხელფასი მთლიანად გადარიცხონ ბერი ანადრიას ფონდში, რომელთანაც ბოლო 4-თვიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავსო:

„ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე გაცემული - როგორც დეპუტატებზე, ასევე აპარატის თანამშრომლებზე. იქნა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა დიფერენციაცია ხდება ადამიანების და სხვა მიზნებისთვის იყენებს ამ ყველაფერს საკრებულო... სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმაც, რომ საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან - უმრავლესობის დიდი ნაწილი - გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიორი იყო ბერი ანდრიას ფონდი“.

ირაკლი შიხიაშვილის ამ განაცხადებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და პრაქტიკულად უარყო ფონდისთვის საკრებულოს წევრების დახმარების აუცილებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ამ ფონდს ბიუჯეტიდანაც აქვს სოლიდური შემწეობა. დავით სერგეენკომ ზოგადად პრემიების გაცემის წესიც გააკრიტიკა:

„ჩვენ ამ ფონდთან გვაქვს ურთიერთობა. სახელმწიფო თავის მხრივ გამოყოფს მნიშვნელოვან თანხას სახელმწიფო პროექტით პალიატიურ მკურნალობაზე... მთავრობის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გვექნება ერთიანი უნიფიცირებული სისტემა სახელმწიფო მოხელეების პრემირების შესახებ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც უკვე გააკეთა ადმინისტრაციამ ავტოპარკთან მიმართებაში, როცა ძალიან დეტალურად გაიწერა პროტოკოლი“.
ამ ხელისუფლების ხელში დამკვიდრდა უზომო, შეუფერებელი პრემიების გაცემა და ამას არავითარი დასაბუთება არ აქვს არასდროს...
სევდია უგრეხელიძე

საკრებულოს წევრთა პრემირების ბოლო შემთხვევას თავად საკრებულოს წევრთა კრიტიკაც მოჰყვა. მათ შორის ერთ-ერთი იყო უმრავლესობის წარმომადგენელი, საკრებულის წევრი გულიკო ზუმბაძე, რომელსაც, საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ივნისში პრემია არ რგებია, თუმცა, როგორც საკრებულოს აპარატში განმარტეს, მას პრემია და მათ შორის ხელფასის ორმაგი ოდენობაც სხვა თვეებში აქვს მიღებული:

„ჩემი მოსაზრება იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა - მიზანშეუწონელია, რამდენად დიდ სამუშაოსაც არ უნდა ასრულებდეს დეპუტატი, ეს არის ჩვენი ვალდებულება. მე არ გახლავართ თანამდებობის პირი. შესაბამისად, არც პრემია იქნა ჩემთვის გამოწერილი. პერიოდულად იყო ხოლმე პრემიები, მაგრამ ამ რაოდენობის არასოდეს ყოფილა“.

საკრებულოს წევრთა საპრემიო წახალისებას თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებისთვის გაწეული მუშაობისთვის აღებული ფული უწოდა:

„ამ ხელისუფლების ხელში დამკვიდრდა უზომო, შეუფერებელი პრემიების გაცემა და ამას არავითარი დასაბუთება არ აქვს არასდროს და რატომ უნდა ჰქონდეს თბილისის საკრებულოს?“

უზნეობად და გაუმართლებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრების მიერ მაღალი პრემიების აღებას საკრებულოს არჩეული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი:

„პრემიებთან დაკავშირებული ამბავი არის სამარცხვინო. პრემია კი არა, ჩემი ნება რომ იყოს, დავაჯარიმებდი და სახლიდან მივატანინებდი ფულს საკრებულოს, იმიტომ რომ რას ვხედავდით ბოლო წლის განმავლობაში? საკრებულო იყო პოლიტიკური კინკლაობის ასპარეზი და ისე გაერთნენ ამ კინკლაობაში, რომ ორმოები უკვე რუსთაველზე გაჩნდა. არაფერი არ გააკეთეს საერთოდ და ამ არაფრის კეთებაში კიდევ პრემიებს იღებენ უსირცხვილოდ და აქეთ გვამადლიან კიდევ, რომ რაღაც ფონდში რიცხავენ“.
პრემირების გათანაბრება ზეგანაკვეთი შრომის ანაზღაურებასთან ნამდვილად შეუსაბამოა კანონმდებლობასთან, იმიტომ რომ თუ ეს იყო ზეგანაკვეთი შრომის ფასი, უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების დათვლა...
რაისა ლიპარტელიანი


როგორც „თბილისის ჰამქრის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, ერთადერთი, რითაც თბილისის საკრებულოს საქმიანობა საზოგადოებას დაამახსოვრდება, ეს იქნება გაუმართლებლად მაღალი პრემიები - სხვა ამ საკრებულოს არაფერი გაუკეთებია.

საერთოდ პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით გაერთიანებული პროფკავშირის იურისტი რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული ზეგანაკვეთური შრომისთვის აღებული პრემიაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ არც შრომის კოდექსი და არც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ ადგენს პრემირების წესს, იქ ზეგანაკვეთური შრომის ცნება არსებობს:

„პრემირების გათანაბრება ზეგანაკვეთი შრომის ანაზღაურებასთან ნამდვილად შეუსაბამოა კანონმდებლობასთან, იმიტომ რომ თუ ეს იყო ზეგანაკვეთი შრომის ფასი, უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების დათვლა - ორგანიზაციებში იქნება ეს, საჯარო თუ კერძო, უნდა იყოს დადგენილი ტარიფი ზეგანაკვეთური შრომის და ამის მიხედვით უნდა ხდებოდეს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და არა პრემირების გზით“.

საკრებულოს წევრთა მიერ მაღალი პრემიის აღებას პარლამენტის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა აუცილებლად მიიჩნევს პრემიების გაცემის წესის შეცვლას და რეგულაციების დაწესებას. ამ მიმართულებით მუშაობს საჯარო სამსახურის ბიურო და მთავრობა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობაიძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, 31 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს კონცეფცია, რომელიც პრემიერ- მინისტრის დავალებით იქმნება და რომელიც თანამდებობრივ სარგოებსა და დანამატებთან დაკავშირებით ერთიან წესს დაადგენს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG