Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახუშტი კოტეტიშვილი - ბარში ჩამოტანილი მთა


7 აგვისტოს ვახუშტი კოტეტიშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გახდა, 4 აგვისტოს კი მისი დაბადების დღე იყო - 80 წელი შეუსრულდებოდა. ირანისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი - უბრალოდ, ადამიანი, რომელიც ძალზე მრავალმხრივი იყო და საყოველთაო ყურადღებას იქცევდა - ვახუშტი კოტეტიშვილს თეა თოფურიას რეპორტაჟში კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

„ჩვენ არყოფნიდან მოვედით

და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,

აზრი ამქვეყნად ყოფნისა

თითქოს არი და არც არი.

წინ-წყალი, უკან მეწყერი,

ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.

ბედნიერებას ვეძებდით,

მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.

სიკვდილი დედა ყოფილა,

სიცოცხლე – დედინაცვალი“.

ეს ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსია, ხალხურ სტილში დაწერილი. ზოგადად, ვახუშტი კოტეტიშვილი უფრო სხვანაირად წერდა. რაც შეეხება თარგმანებს, ვახუშტი კოტეტიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს დაწერილი. ირანისტი გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ვახუშტი კოტეტიშვილი მოვლენა იყო ირანისტიკისთვის, რადგან საქართველოში ამ სფეროში უკვე დიდი სკოლა არსებობდა და სიახლის შემოტანა განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვდა. ლობჟანიძე განსაკუთრებით გამოყოფს მის კვლევებსაც.

„სხვათა შორის, ის აერთიანებდა ძალიან იშვიათ თვისებებს: იყო უაღრესად აკადემიური, დახვეწილი ინტელიგენტი და, ამავე დროს, ხალხის შვილი, ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. ვახუშტი იყო ვახუშტი მთაში, უბრალო ადამიანებთან, და ვახუშტი იყო დიდი მეცნიერი, დიდი მთარგმნელი თავის საწერ მაგიდასთან“.

გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ იშვიათია შემთხვევა, როცა ხალხმა ნათარგმნი ლექსები ზეპირად იცის, ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები კი გაზეპირებული ჰქონდათ.

„მე ყოველ დილას მივდივარ ბაღში

და თან მიმყვება ამალა დარდის.

კვირტივით ვიგლეჯ თმენის საყელოს,

მოუთმენლობის ცრემლები დამდის“...

ისე, თუ შეგიყვარებდა, თუ მიგიშვებდა ახლოს, მერე ყველანაირი ზღვარი იშლებოდა. ჩვენ, მის მოწაფეებს, ყოველთვის გვახსოვდა, ვინ იყო ვახუშტი, მაგრამ თვითონ იყო ძალიან უშუალო. თუ ისე მოხდებოდა, რომ ჩვენ ვერ დავურეკავდით, თვითონ გვირეკავდა, გვკითხულობდა, რას ვაკეთებდით. იყო ძალიან თბილი ადამიანი“.

გუგა კოტეტიშვილი, ვახუშტის შვილი, ამბობს, რომ კარგა ხანი ყველა მამა ისეთი ეგონა, როგორიც ვახუშტი იყო. გვიან აღმოაჩინა, რომ მთლად ასეც არ არის:

„არა, არ უთქვამს არასდროს და არც არაფერი გვითხოვია მაინცდამაინც. ესეც, ეტყობა, აღზრდის შედეგი იყო. იყო მეგობარი, რომელსაც გინდა რაღაც ჰკითხო ან მოუსმინო... საინტერესო პიროვნება“.

მრავალმხრივი ადამიანი იყო ვახუშტის მამა, ვახტანგ კოტეტიშვილიც - ლიტერატორი, სამხატვრო აკადემიის დირექტორი, გაზეთ „ქართული სიტყვის“ რედაქტორი და ასე შემდეგ. ის 1937 წელს, რეპრესიებისას, დაიღუპა. გუგა კოტეტიშვილი ამბობს, რომ მათ ბავშვობაში ახლობლების მაგალითებზე ზრდიდნენ:

„ნათესავების მაგალითებზე ხდებოდა აღზრდა და მორალს მერე ხვდებოდი, ანუ იმას, რაც შემდეგ შეიგენი, თუ რა არის ქრისტიანობა, ადამიანობა... სულ სხვა მაგალითებზე... მიუხედავად იმისა, რომ მღვდლიანი ოჯახი ვიყავით, ვახუშტის პაპა მღვდელი იყო. მღვდლიანები ერქვა ჩვენს ოჯახს“.

ვახუშტი კოტეტიშვილს ჰყავდა კიდევ ერთი შვილი, ტატო კოტეტიშვილი, რომელიც 1997 წელს ინფარქტით გარდაიცვალა. ვახუშტი კოტეტიშვილის ერთი ლექსი ტატოზეცაა და „შვილის აჩრდილი“ ჰქვია:

„თითქოს ვმუშაობ, ნამდვილად კი ვეთამაშები

ჩემს მხსნელ კომპიუტერს, ჟინიანად, ავადმყოფური

თავდავიწყებით, აბსოლუტურ გაოგნებამდე,

რათა როგორმე ავარიდო ავ ფიქრებს თავი,

აღარ ვიფიქრო არაფერზე და ვინაიდან

არ შემიძლია თავის მოკვლა, როგორმე ასე

გავავაგლახო ჩემი წილი წუთისოფელი“...

ბოლო წლების განმავლობაში ვახუშტი კოტეტიშვილი ავადმყოფობდა, ნელ-ნელა კარგავდა ხმას. პოეტი ნიკა ჯორჯანელი ერთ შემთხვევას იხსენებს:

„მივედი და ცუდად იყო ძალიან, გული სტკიოდა. მოვიდა სასწრაფო, წინასაინფარქტო მდგომარეობა გაქვს და ახლავე საავადმყოფოში უნდა გაგაქანოთო. საკაცე შემოიტანეს. ამ დროს ვიღაც ურეკავს. როგორც ჩანს, შეეკითხა, როგორ ხარ, რას შვრებიო. წინასაინფარქტო მდგომარეობა მაქვს და მოციმციმე არითმიაო. თან ამაზე დაიწყო ხუმრობა, მე ხომ ყველაფერი მოციმციმე, მოკიაფე და მოკამკამე უნდა მქონდესო“.

რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროს არქივში ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ნათარგმნი პასტერნაკიცაა შემონახული, მისივე წაკითხული:

„სანამ მგრგვინავი უამინდობა

შავ გაზაფხულად ანთია გარეთ.

ვიშოვო ეტლი თორმეტ შაურად,

გავცდე ყველაფერს უსიერ ტყეში,

სად უაღრესი აურზაურით

ცრემლსა და მელანს აჭარბებს თქეში“.

ვახუშტი მთაში - პროფესორი ზურაბ კიკნაძე ამბობს, რომ ვახუშტი კოტეტიშვილი ფოლკლორის სიყვარულით მამას, ვახტანგ კოტეტიშვილს, დაემგვანა, რომელიც, ფაქტობრივად, ახალი ფოლკლორული მიმართულების დამფუძნებელი იყო. ალექსი ჭინჭარაულსა და თენგიზ მირზაშვილთან ერთად ვახუშტი კოტეტიშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდა და სახალხო მთქმელები თბილისში ჩამოჰყავდა. ასე იყო, სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს საქმე არავის გაუგრძელებია:

„აი, ვახუშტის აღმოჩენილია იოსებ ბაიაშვილისა და ივანე წიკლაურის შესანიშნავი ლექსები. „რამ დამაბერა“ -ყველამ იცის უკვე ეს ქრესტომატიული ლექსი, ძალიან ღრმა. ეს არის ვახუშტის აღმოჩენა“:

„ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:

– რამ დაგაბერა, – ის მითხრა, – ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა!

– ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,

სამოც–სამოცჯერ მასვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,

ოცდაერთ ათას ცხრაასჯერ ცაზედ ამასვლამ მზისამა,

გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა“...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG