Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორი იყო 2015 წელი ზუგდიდისთვის


ზუგდიდი
ზუგდიდი

შარშან, ზუსტად ამ დროს, რადიო თავისუფლების მიერ დასმულ კითხვას, როგორ შეაფასებთ გასულ ერთ წელს, ზუგდიდელები ამბობდნენ, რომ განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა. მაშინ ქალაქის მცხოვრებთა მთავარი სურვილი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უფრო განვითარებულ ქალაქში ცხოვრება იყო. რა შეიცვალა მას შემდეგ და რითი იყო გამორჩეული 2015 წელი? -კითხვაზე რესპონდენტების პასუხი ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა:

„განსაკუთრებული არაფერი. უკეთესი წლებიც მინახავს“.

„ყველაფერი ერთმანეთზე უარესია. სამუშაო არ არის. არაფერი არ არის“...

„მნიშვნელოვანია ის, რომ უვიზო მიმოსვლა გვექნება, სხვა არაფერი“.

„ვითომ ფილები დააგეს ქალაქში, მაგრამ, სამწუხაროდ, უხარისხოა“.

„რაღაცები კი კეთდება, მაგრამ ცვლილება ისეთი არაფერი არ არის“.

„დამჭირდა მომსახურება და კმაყოფილი ვარ ჯანდაცვის მხრივ. სხვა მხრივ, რა გითხრათ...“, - აცხადებენ რესპონდენტები.

მოქალაქეების მსგავსად, წლის შეჯამებისას ზუგდიდში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც პოზიტიურ მოვლენად საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის პოზიტიურ ანგარიშს ასახელებენ. გარდა ამისა, სხვა დადებით მოვლენას ვერ იხსენებს ქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე:

„სხვა მხრივ, 2015-მა წელმა თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ ლარი გაუფასურდა, რომ ეკონომიკური სტაგნაცია და ვარდნა იყო. მოსახლეობა, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაღარიბდა“.

ანა წითლიძისგან განსხვავებით, მის კოლეგას საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ლაშა ფარცვანიას, „წინასაახალწლოდ არ სურს უარყოფით მოვლენებზე საუბარი:

„ყველაზე პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის კანალიზაციის და წყლის სიტემის მოწესრიგება, რომელიც იანვრის თვეში დაიწყება. შეკეთდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, იქვე მოეწყო ლამაზი სკვერი“.

სულ სხვა მოვლენის გამო იყო მნიშვნელოვანი 2015 წელი საკრებულოს წევრის „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავასთვის:

„ჩემთვის ძალიან კარგი ინფორმაცია ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. მეორე ისაა, რომ იმედი მქონდა საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეკონომიკურმა სტაგნაციამ შეჭამა ჩვენი იმედები“.

ოპოზიციას, როგორც სხვა შემთხვევაში, არც ახლა ეთანხმებიან უმრავლესობაში. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ქალაქში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩამოსათვლელად:

„ძალიან ბევრი პროექტი დავიწყეთ და მივიყვანეთ ბოლომდე. ყველა ვალდებულება, რომელიც გამოცხადებული გვქონდა 2015 წლისთვის, შევასრულეთ და ბოლომდე მივიყვანეთ“.

მოქალაქეების სურვილებისა და ოპოზიციის კრიტიკის პარალელურად, უცვლელი რჩება ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებები. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ მომდევნო წელი ბევრად ნაყოფიერი იქნება, ვიდრე გასული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG