Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სავიზო ლიბერალიზაცია თურქეთის ულტიმატუმის ფონზე


სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით თურქეთმა ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა და უვიზო მიმოსვლის მიღების უკანასკნელ ვადად ოქტომბრის პირველი ნახევარი დაასახელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა უარს იტყვის მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად ამოქმედებულ მექანიზმზე, რაც ზიანს მიაყენებს ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებს. რამდენად მოინდომებს ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერას თურქეთისთვის, (არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ) მიმდინარეანტიდემოკრატიული პროცესების ფონზე? რა შეიძლება მოჰყვეს ბრიუსელის უარს და რამდენად შეიძლება დაზარალდეს ამ პროცესში საქართველოს იმედი, რომ უვიზო მიმოსვლის უფლების მიღება ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი?

გადმოწერა

„შესაძლებელია ეს იყოს ოქტომბრის დასაწყისი ანდა ოქტომბრის შუა ნაწილი, მაგრამ ჩვენ ზუსტი თარიღის დასახელებას ვითხოვთ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინესთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მართალია, თურქი მინისტრი წინასწარ აფრთხილებს ყველას, ეს „მუქარა“ არ არისო, მაგრამ მისი განცხადებების შინაარსი ბევრმა სწორედ მუქარად და ულტიმატუმად აღიქვა. აი, რას ამბობს მევლუთ ჩავუშოღლუ საგაზეთო ინტერვიუში:

„თუკი არ იქნება სავიზო ლიბერალიზაცია, იძულებული ვიქნებით ხელი ავიღოთ (მიგრანტთა) უკან გაყვანის 18 მარტს ხელმოწერილ შეთანხმებაზე“.

შეთანხმება, რომელზეც მინისტრი ჩავუშოღლუ ლაპარაკობს, 2016 წლის აპრილში ამოქმედდა და ის მიგრანტთა საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნებას ისახავს მიზნად. თავიდანვე ითქვა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, თურქეთს უკან უნდა მიეღო ლტოლვილები, რომლებმაც საბერძნეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, სანაცვლოდ კი თურქეთი ევროკავშირისგან მასშტაბურ ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. გარდა ამისა, ლაპარაკი იყო უვიზო მიმოსვლასა და დაჩქარებულ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ევროკავშირს ძალიან არ აწყობს ამ ხელშეკრულების შეჩერება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი თურქეთი ცალმხრივად შეაჩერებს ხელშეკრულებას, რომელშიც ევროკავშირი იხდის საკმაოდ დიდ თანხას (რამდენიმე მილიარდ ევროს), ამას, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის ცოტა სხვა შედეგებიც მოჰყვება...
გიორგი გობრონიძე

თურქეთი, სინამდვილეში, დაპირებულს ითხოვს, მაგრამ გაზაფხულის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თუკი სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დაპირების შესრულებას თავდაპირველად ანტიტერორისტულ კანონთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ შეუშალა ხელი, შემდეგ ამას დაემატა დასავლეთის საყოველთაო შეშფოთება იმ ანტიდემოკრატიული პროცესებით (ათასობით ადამიანის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება), რაც მოჰყვა 16 ივლსს თურქეთშიარშემდგარ სამხედრო გადატრიალებას. ჯერ ისევ მიმდინარე პროცესებს შეშფოთებით ადევნებს თვალს ევროკავშირიც და, ბრიუსელიდან გავრცელებული სიგნალებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ევროკავშირი არ აპირებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე დააგვირგვინოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი თურქეთისთვის.

და რა შეიძლება შეცვალოს ულტიმატუმის ენამ?

მართალია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ულტიმატუმის შემცველი კომენტარი მხოლოდ ერთი საგაზეთო ინტერვიუს ფარგლებში გააკეთა, მაგრამ ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ეს იყო მესიჯი, მიმართული ბერლინისკენ და ასევე ევროკავშირის სხვა დედაქალაქებისკენ. თუმცა, როგორც ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი გობრონიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მართალია, მიგრანტთა უკან გაყვანის შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბრიუსელმა ანგარიში გაუწიოს ულტიმატუმის ენაზე მოლაპარაკე ანკარას.ექსპერტის ვარაუდით, საბოლოო ჯამში, თურქეთს მოუწევს რიტორიკის შერბილება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ევროკავშირის დათმობა სავიზო საკითხთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 18 მარტის შეთანხმების ცალმხრივად დარღვევა ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს:

„ევროკავშირს ძალიან არ აწყობს ამ ხელშეკრულების შეჩერება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი თურქეთი ცალმხრივად შეაჩერებს ხელშეკრულებას, რომელშიც ევროკავშირი იხდის საკმაოდ დიდ თანხას (რამდენიმე მილიარდ ევროს), ამას, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის ცოტა სხვა შედეგებიც მოჰყვება, რადგანაც ევროკავშირი თავის ფულს წყალში არ გადაყრის და ეცდება, რომ მძიმე შედეგი, რომელიც მან მიიღო, ასევე მძიმე აღმოჩნდეს მხარისთვის, რომელიც დაარღვევს ხელშეკრულებას“.

რაც შეეხება საქართველოს, გიორგი გობრონიძე პრაქტიკულად გამორიცხავს მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის არმინიჭების პირობებში რაიმენაირად დაზარალდეს საქართველოს ინტერესები, რადგანაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული საქართველოს საკითხი არანაირად არ არის მიბმული თურქეთის საკითხთან.

საქართველოს იმედგაცრუებას არც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მოელის, თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან მაინც ლაპარაკობს ერთ, „ყველაზე უარეს“, სცენარზეც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მოერიდება ანკარის გაღიზიანებას და თურქეთის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურებასთან ერთად შეიძლება გაჭიანურდეს საქართველოს საკითხიც. იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ითვლება, კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს ევროკავშირს. „თუმცა ევროკავშირში კარგად ესმით, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, დასჯა, თურქეთთან, უკრაინასთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან დაკავშირებული ინტერესების გამო, არ იქნებოდა სამართლიანი და ეს იქნებოდა არასწორი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩია. ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირი და თურქეთი საერთო ენას გამონახავენ და ვითარება არ დაიძაბება.

სხვადასხვაგვარი ვარაუდის არსებობის მიუხედავად, სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში საქართველოს იმედები ჯერ ისევ სექტემბერს უკავშირდება. გარკვეული პროცედურების გადადების მიუხედავად, გაჩენილი იმედგაცრუება გააქრო ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის, გერმანიის, საგარეო საქმეთა მინისტრმა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 1 ივლისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან თქვა, რომ საქართველოსთვის პროცესის დაგვირგვინება შესაძლებელი იქნება სექტემბრის მეორე ნახევარში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG