Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზა თავისუფლების შეზღუდვის ადგილიდან ინტერნეტსივრცემდე


სოციალური საწარმოს პროდუქცია
სოციალური საწარმოს პროდუქცია

რამდენიმე თვეა ინტერნეტსივრცეში ახალი ონლაინმაღაზია გამოჩნდა. ონლაინმაღაზიაში ხის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული საბავშვო სათამაშოები, სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და ავეჯიც კი იყიდება. პროდუქცია, რომელიც, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია, აღმოჩნდა, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ სისტემაში არსებულ სოციალურ საწარმოში მზადდება.

გადმოწერა

გლდანის მიკრორაიონების ბოლოს, საიდანაც ასფალტიან გზას მოხრეშილი გზა ცვლის, დაახლოებით, 2-3 კილომეტრში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას მიადგებით. ეს არც ციხეა და არც მთლად თავისუფლების ადგილი. ტურნიკეტიანი შესასვლელის გავლის შემდეგ ხეებით ნაწილობრივ დაჩრდილულ ფართო ეზოში გრძელ სამსართულიან შენობას ვამჩნევთ. აქ ის პატიმრები ხვდებიან, რომელთაც გათავისუფლებას სულ ცოტა დრო აშორებთ. ეს ერთგვარი გარდამავალი პუნქტია ციხიდან სახლამდე დარჩენილ გზაზე. აქ ციხის საკნებიდან გადმოყვანილი პატიმრები ნელ-ნელა თავისუფლებას ეჩვევიან, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც გადიან. შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სპორტულ დარბაზში შორიდან მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშე კაცებს ვამჩნევთ. აქვე, ეზოში, ცარიელი საცურაო აუზიცაა. გვეუბნებიან, რომ აუზი წყლითაც ივსება ხოლმე. ეზოს ერთ ნაწილში ხის ფანჩატურია, სადაც მსჯავრდებულები ისვენებენ.

ჩვენს გამცილებლებთან ერთად, ხანმოკლე შემოწმების შემდეგ, ეზოს სიღრმისკენ მივიწევთ. დაწესებულების ცისფერმაისურიანი თანამშრომელი დიდ რკინის კარს გვიღებს და ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროს შპს „პერსპექტივის“ ხის საამქროს ვუახლოვდებით. მეტი დაბრკოლება გზაზე აღარ გვხვდება.

მაღალჭერიანი შენობიდან დამუშავებული ხის სუნი გამოდის, ნახერხით სავსე ტომრებმიმაგრებულ დაზგებთან რამდენიმე კაცი მოძრაობს. გარშემო ნახევრად დამუშავებული ხის ნაჭრები, გასაშრობად ერთმანეთზე შემოწყობილი ფიცრები ალაგია. სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაზაზე არსებულ სოციალურ საწარმო „პერსპექტივაში“ დანადგარები 2015 წლის სექტემბრიდან ამუშავდა. სოციალური საწარმო, სადაც ამჟამად 7 მსჯავრდებული და ბრალდებული მუშაობს,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ამუშავდა.

როგორც სოციალური საწარმოს მენეჯერი ნიკოლოზ ხარებავა ამბობს, საწარმო შეიქმნა იმისათვის, რომ ყოფილ მსჯარდებულებს სამომავლოდ ისეთი ხელობა შეესწავლათ, რომლითაც დასაქმებას შეძლებდნენ:

ნიკოლოზ ხარებავა
ნიკოლოზ ხარებავა

„მსჯავრდებულებისთვის მიგვეცა დასაქმების შესაძლებლობა, ჰქონოდათ ანაზღაურება და თან მუშაობის პროცესი მათთვის ერთგვარი რეაბილიტაცია ყოფილიყო და მნიშვნელოვანი იყო სოციალიზაციის კომპონენტი, იმიტომ რომ, მათი ნასამართლეობიდან გამომდინარე, დასაქმება ძალიან რთულია მათთვის. შესაბამისად, ეს საწარმო მათი უნარების რეალიზებისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის კარგი საშუალებაა“.

8-საათიანი სამუშაო დღე, რომელიც დილის 10 საათიდან იწყება, ხის საწარმოში მომუშავე მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს თვეში 360-ლარიან შემოსავალს აძლევს. მსჯავრდებულებთან ერთად პროფესიონალი დურგლებიც მუშაობენ. ნიკოლოზ ხარებავა მათ ნახელავ ნივთებს გვათვალიერებინებს. ახლად გალაქული 4 ცალი ხის სკამი სასიამოვნოდ ლაპლაპებს:

„აი, ეს სკამი, მაგალითად, ძალიან სადა ნაკეთობაა და ვიზუალურად საკმაოდ მიმზიდველი. ღირს 25 ლარი. წიფლის მასალისგანაა დამზადებული, მყარად და ხარისხიანად დამზადებული. მსგავსი ტიპის სკამი ბაზარზე, უფრო უხარისხოდ დამზადებული, უფრო იაფი მასალისგან, ეღირება 40-დან 70 ლარამდე. აი, ეს სანათი, უფრო პატარა ზომის, მაღაზიაში შეიძლება ღირდეს 140 ლარი, ჩვენ ვყიდით 30 ლარად. რა თქმა უნდა, მოგება დევს ფასში, რომ საწარმოს ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ ეს მოგება არ არის 300 და 400 %-იანი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე“.

მთავარი ის არის, რომ აქ ყველა დღე ერთმანეთს აღარ ჰგავს, გვეუბნება გიორგი ლომსიანიძე და თან თავს არ სწევს სამუშაო მაგიდიდან, სადაც ხის საკვეთი სხვადასხვა ზომის ინსტრუმენტი მწყობრად ჩაუმწკრივებია. ხელში ღვთისმშობლის გამოსახულებიანი სანახევროდ დამუშავებული პატარა მედალიონი უჭირავს, თან გველაპარაკება და თან ცერა თითს სათუთად უსვამს მედალიონის დამუშავებულ ზედაპირს. გვეუბნება, რომ მედალიონს შვილისთვის ამზადებს.

სოციალური საწარმო
სოციალური საწარმო

გიორგი 44 წლისაა. უკანასკნელი 7 წელი საპატიმროში გაატარა. მკვლელობისთვის მისჯილი 14-წლიანი სასჯელი ჯერ ამნისტიით 5 წლით შეუმცირდა, ხოლო 3 წლის წინ, პრეზიდენტის განკარგულებით, დარჩენილი წლებიც გაუნახევრდა. სამ თვეში გიორგი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას დატოვებს და თერჯოლის რაიონში დატოვებულ მოხუც მამასა და შვილებთან დაბრუნდება. სოციალურ საწარმოში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის რეკომენდაციით მივიდა და აპრილიდან დღემდე სხვადასხვა ნაკეთობებზე მუშაობს.

პატიმრობამ ბევრი რამ შეცვალაო, ამბობს. პროფესიით მხატვარს, პატიმრობამდე თავისი ხის საწარმო ჰქონდა, საპატიმროში კი ხატავდა. ციხეში ყოფნისას გაკეთებულ მისთვის ყველაზე ძვირფას ნივთსაც იხსენებს.

„ჩემი პროფესია და ჩემი გამოცდილება აქაც დამეხმარა. დასაქმებული ვარ, ბევრი ბიჭებიც დასაქმებულები არიან. ბევრ რამეს ვიხსენებ, ბევრსაც ვსწავლობ. ვცდილობ, რაც ვიცი, სხვასაც ვასწავლო და ასე ნელ-ნელა გადის დრო. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ეს ნამდვილად დიდი შეღავათია. ჩაკეტილი რომ ვიყავი და ხეზე მუშაობის საშუალება არ მქონდა, ვხატავდი. 2015 წელს კონკურსში გავიმარჯვე. „ქართული კალიგრაფია - ძველი ქართული ხელნაწერები“ - იყო ასეთი და პირველი ადგილი ავიღე, 20 თებერვალს დამაჯილდოვეს. ახლა ჩემ საქმიანობას დავუბრუნდი, რასაც გარეთ ვაკეთებდი, და იგივეს გავაკეთებ გათავისუფლების შემდეგაც, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად ეს საქმე გამომდის. ციხეში ყოფნის განმავლობაში ჩემი საფიცარი ნივთი, რომელიც გამიკეთებია, ეს არის წმინდა გიორგის საგვარეული ხატი. 16 უნიკალური ხატი მაქვს შექმნილი, მათ შორის საგვარეულოს მფარველი ხატებია. დანარჩენი... ქუთაისის # 2 დაწესებულებაში ერთი პატარა ეკლესია გვქონდა, სადაც ვლოცულობდით, აღსარებას ვამბობდით და სულ ჩემი გაკეთებული ხატებით არის დამშვენებული ეს პატარა ეკლესია.ამის გარდა, მყავდა მოსწავლეები, რომელთაც ვასწავლიდი ხეზე ხატების კვეთას და ისინი დღესაც წარმატებით მუშაობენ და ეს ძალიან მიხარია“, - ამბობს გიორგი ლომსიანიძე.

სოციალური საწარმო
სოციალური საწარმო

სოციალურ საწარმოშითითოეული მსჯავრდებული 6 თვის განმავლობაში საქმდება. ისინი როტაციის წესით იცვლებიან. დასაქმება ნებაყოფლობითია. ასე, ნებაყოფლობით, სულ არაფრის კეთების ნაცვლად საწარმოში მისვლა და ახალი ხელობის სწავლა გადაწყვიტა ხულიგნობის მუხლით გასამართლებულმა, პირობითი მსჯავრის მქონე 32 წლის ლევანმა (სახელი, მისი თხოვნით, შეცვლილია). ყოველდღე სახლიდან საწარმოში მიდის და, როგორც თვითონ ამბობს, ჯერ თავისი ხელით სრულყოფილი ნივთი არ გაუკეთებია, მაგრამ ყველა ნივთში მისი პატარა წვლილია შეტანილი:

„შემიწყო ხელი ამ დაწესებულებამ, რომ დავსაქმებულიყავი და თუნდაც ჩემი პატარა შემოსავალი მქონოდა. საკმაოდ კარგი პირობებია, თან ვსაქმდებით და თან ვერთობით. ჩავთვალე საჭიროდ, რომ რაღაც მეკეთებინა, თან, მით უმეტეს, როცა ოჯახი გაქვს ადამიანს“.

პროექტის მიხედვით, რომლითაც სოციალური საწარმო შეიქმნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ბაზაზე, ორი წლის განმავლობაში 25 მსჯავრდებული უნდა დასაქმდეს. თუმცა საწარმოს მომავალი მხოლოდ გრანტს არ უკავშირდება. მისი მენეჯერის, ნიკილოზ ხარებავას, თქმით, საწარმომ მუშაობა უნდა განაგრძოს და ამის ხელშესაწობად ონლაინმაღაზიაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ონლაინმაღაზიას ჯერ ადგილზე მიტანის სერვისი არ აქვს, თუმცა მალე ეს სერვისიც დაემატება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG