Accessibility links

„ხედვა საზღვრის ორივე მხარეს: პოლიტიკა და საზოგადოება საქართველოსა და სომხეთში“ - ასე ეწოდება კრებულს, რომლის მოსამზადებლად 2014 წლის განმავლობაში იმუშავეს ორი ქვეყნის ექსპერტებმა. რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე მათი კვლევები აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდმა დააფინანსა. ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსით დაინტერესების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა“ ამავე პროექტით თბილისიდან ერევანში დააინტერესა „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი“. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პროექტი „საზღვრის ორივე მხარეს - ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელი“. შვიდი თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, 4 სომეხი ექსპერტი საქართველოს, ამდენივე ქართველი ექსპერტი კი სომხეთს სტუმრობდა. მათ საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის კონკრეტული საკითხები გამოიკვლიეს, სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მოამზადეს 8 ნაშრომი, რომლებიც ინგლისურ და რუსულ ენებზე ერთ კრებულად გამოიცა.

„პოლიტიკის კვლევის ჯგუფის“ წარმომადგენელი თორნიკე თურმანიძე, რომელიც პროექტს საქართველოში ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ კვლევის მიზანი საინფორმაციო ვაკუუმის შევსება იყო. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სომხეთი მეზობელი ქვეყნები არიან, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით და საზოგადოებრივი პრობლემატიკითაც. ისე გამოდის, რომ ერთმა საზოგადოებამ მეორის შესახებ არაფერი იცის. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება. ვთვლით, რომ მეზობელმა მეზობელზე რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს. საინტერესო იყო მიდგომა, რომელიც შევარჩიეთ. ქართველს უნდა დაეწერა სომხეთზე და სომეხს საქართველოზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე თურმანიძემ. მის შეფასებას, რომ საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე ბევრი არაფერი იციან, ეთანხმება „ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრის“ დირექტორი არა თადევოსიანი, რომელიც პროექტს ერევანში ხელმძღვანელობდა. „სომხები და ქართველები ერთმანეთს გაცილებით ხშირად უნდა სტუმრობდნენ და ერთმანეთს უფრო კარგად უნდა იცნობდნენ. იმედი მაქვს, რომ, ამ პროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის გარდა, ის სხვებისთვისაც კარგ მაგალითად იქცევა. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყნის ექსპერტებმა სიამოვნებით იმუშავეს და შედეგიც სასარგებლოა. მაგალითად, დღეს სომხეთში ძალიან მტკივნეულია საპენსიო რეფორმის თემა. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენი ექსპერტის მიერ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევა სომხეთშიც ბევრს დააინტერესებს. არსებობს თემები, რომლებიც ყველასთვის საერთოა, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებები და ვფიქრობ, რომ მათი გაცნობა ძალიან სასარგებლო იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არა თადევოსიანმა.

„სომხეთის გზა ევრაზიის კავშირისკენ: მიზეზები და პერსპექტივები“ - ასე ეწოდება ნაშრომს, რომელიც სომხეთში მუშაობის შედეგად კრებულისთვის მოამზადა პოლიტოლოგმა დავით ბატაშვილმა. მისი თქმით, ევრაზიის კავშირის თაობაზე სომხეთში კონსენსუსი არ არსებობს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა მოსაზრებაა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დომინირებს. დავით ბატაშვილის შეფასებით, ის, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ევრაზიის კავშირთან შეერთება გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ძლიერი ზეწოლითაა გამოწვეული, რასაც, პოლიტოლოგის თქმით, ისიც დაემატა, რომ ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნით დიდი წინააღმდეგობა არავის გაუწევია. შეკითხვაზე, რა შედეგს მიიღებს სომხეთი ევრაზიის კავშირთან შეერთებით, დავით ბატაშვილს ასეთი პასუხი აქვს: „სომხეთი მიიღებს მეტ დამოკიდებულებას რუსეთზე უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით. სამწუხაროდ, რუსეთი უფრო მეტად გამოიყენებს სომხეთზე თავის გავლენას - ბუნებრივია, იმ სტრატეგიული ინტერესებისთვის, რომლებიც კრემლს აქვს. არის იმის დიდი საფრთხე, რომ ეს ყველაფერი არ იქნება თანხვედრაში სომხეთის ინტერესებთან. რაც უფრო შორს წავა სომხეთი ამ ევრაზიული ინტეგრაციის გზით, რუსეთს მით მეტი საშუალება ექნება თავის მიზნებს მიაღწიოს და უფრო და უფრო შეზღუდოს სომხეთის ურთიერთობები სხვა ძალებთან, ირანის ჩათვლითაც კი, და, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან“.

ევრაზიის კავშირს არა სომხეთის მოქალაქეების, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის არჩევანს უწოდებს ერევნის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე ვაჰრამ ტერ-მატევოსიანი. მისივე თქმით, სომხეთში ჯერ არც კი აქვთ გააზრებული ქვეყნისთვის სასარგებლო თუ საზიანოა ევრაზიის კავშირთან შეერთება. თავად ვაჰრამ ტერ-მატევოსიანის მიერ კრებულისთვის საქართველოში მომზადებული ნაშრომი თურქეთს შეეხება. მისი სახელწოდებაა „თურქეთის პოლიტიკა საქართველოში: ინტეგრაციული პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები“. როგორც მკვლევარი ამბობს, ეს თემა სომხეთში განსაკუთრებულად აინტერესებთ. „ჩვენ გვაქვს როგორც ჩვენი შიდა, ისე გეოპოლიტიკური მიზეზები. გვსურს, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. სომხეთში გვესმის ხოლმე, რომ ახალციხესა და ახალქალაქში ადგილობრივ სომხებს დროდადრო პრობლემებს უქმნიან თურქი ბიზნესმენები. ან, მაგალითად, ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები ცხოვრობენ და არ გვსურს, რომ თურქეთმა რაიმე ზეგავლენა მოახდიონოს რეგიონში ეთნიკურ თანაფარდობაზე. სომხეთში არსებობს აზრი, რომელიც აწუხებთ, რომ საქართველოში თურქეთის ბიზნესის და სხვა სფეროებისთვისაც კარი ყველგან ღიაა. სიმართლე გითხრათ, მეც ასეთი შთაბეჭდილებით ჩამოვედი. მაგრამ ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. სინამდვილეში საქართველოს პოლიტიკური ძალები ბალანსის დაცვას ახერხებენ. ამასთან, გასაგებია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკას ინვესტიციები სჭირდება“.

საქართველოში თურქეთის, სომხეთში კი რუსეთის პოლიტიკის კვლევის გარდა, ქართველი და სომეხი ექსპერტების ერთობლივი კრებულისთვის კიდევ 6 ნაშრომი მომზადდა. სომხეთში მედიაეთიკის, საქართველოში კი ონლაინმედიის მდგომარეობას თამარ ხორბალაძე და ანა ბარსეგიანი იკვლევდნენ, ორი ქვეყნის საპენსიო რეფორმის თემას - სუსანა კარაპეტიანი და ირინა გურული, თამაზ ახობაძე და ნარინე დანეგიანი კი სომხეთში ელექტრონული მმართველობით და საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესდნენ. „ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფისა“ და „ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრის“ წარმომადგენლები ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოცემულ კრებულს საინტერესოდ მიიჩნევენ და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას არ გამორიცხავენ.

XS
SM
MD
LG