Accessibility links

logo-print

25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ წამოიწყო 16-დღიანი კამპანია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 25 ნოემბერს, კამპანიისფარგლებში, უკვე გაიხსნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ინიციატივა: სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის - კაცები ქალების უფლებებისთვის, ქალთა ფონდი საქართველოში კი აპირებს უფლებადამცველი ქალისათვის კატო მიქელაძის პრემიის გადაცემას. 25 ნოემბერი აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, რომელმაც დაიწყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია - „არა ძალადობას!“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. სამინისტროს ძალისხმევით გაკეთდა ვიდეორგოლი „ძალადობა ისჯება“, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლის ნოდარ სააკაშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები საქართველოს მასშტაბით დაარიგებენ სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს ჩაატარებენ საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში:

„სპეციალურად გადამზადდნენ პოლიციელები ყველა რეგიონალური და რაიონის დანაყოფიდან: ერთი კაცი და ერთი ქალი პოლიციელი, რომლებმაც დამატებით ტრენინგი გაიარეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. შსს აფართოებს თავის საქმიანობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეს მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელსაც მხარი დაუჭირა განათლების სამინისტრომ. თითოეულ ოჯახში ინფორმაცია ძალადობის შესახებ, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს ამ პრობლემის მოგვარებაზე და ამ პრობლემის პრევენციაზე“.

ამ კუთხით ძალიან ბევრი ძალისხმევაა მიმართული. უსაფრთხო გარემო გულისხმობს როგორც ფიზიკური და ემოციური ძალადობისაგან დაცულ გარემოს, ასევე გარკვეული საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობა ისჯება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუმცა, როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატროშვილი ამბობს, კამპანიის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმობა ძალადობის პრევენციას:

„ამ კუთხით ძალიან ბევრი ძალისხმევაა მიმართული. უსაფრთხო გარემო გულისხმობს როგორც ფიზიკური და ემოციური ძალადობისაგან დაცულ გარემოს, ასევე გარკვეული საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; რაც მთავარია, მშობელთა ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებასთან ამ კუთხით მუშაობას იმ მიზნით, რომ ამაღლდეს ცნობიერებაძალადობასთან დაკავშირებით, მიიღონ ადამიანებმა განათლება და იყვნენ ინფორმირებულები უფლებებთან დაკავშირებით და როგორ უნდა აღმოფხვრან ძალადობა“.

16-დღიანი კამპანიით აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და დასრულდება 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტის თამარ საბედაშვილის თქმით, კამპანია გაიხსნა სოლიდარობის მოძრაობით გენდერული თანასწორობისთვის Heforshe - კაცები ქალების უფლებებისთვის, რომელიც ნაწილია 20 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაწყებული გლობალური კამპანიისა. კამპანიის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქალთა უფლებების დაცვისადმი სოლიდარულად განწყობილ კაცებს მიეცეთ გამოხატვის საშუალება.

აი, აქ რისთვისაც ვართ, იმისათვის იბრძოდა კატო მიქელაძე ბევრად უფრო ადრე. ის საკითხები, რაც მაშინ იყო აქტუალური, სამწუხაროდ, დღესაც ძალიან აქტუალურია. ჩვენ დავაწესეთ უფლებადამცველი ქალების პრემია, რომელიც კატო მიქელაძის სახელს ატარებს...

„ანუ ეს არის სოლიდარობის მოძრაობა, ოღონდ კაცებზე მიმართული, გენდერული თანასწორობისათვის. ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს არ არის მარტო ქალების პრობლემა და თუ ისტორიულად ისე მოხდა და ჩამოყალიბდა, რომ ქალები, როგორც ინტერესჯგუფი, თვითონ გამოდიოდნენ თავიანთი ინტერესების დასაცავად, დღეს კაცობრიობა არის მისული იმ დონემდე, რომ კაცებმა ხმა აიმაღლონ ქალთა მიმართ ძალადობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ და დააფიქსირონ, რომ სოლიდარულნი არიან. ძალიან მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ეს თემა არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა და მარტო მათ არ ადარდებთ, უფრო გლობალურია და მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემაა და გენდერული სტერეოტიპებით და უთანასწორობით შეიძლება კაცები ისევე ზარალდებიან და განიცდიან, როგორც ქალები“, უთხრა თამარ საბედაშვილმა რადიო თავისუფლებას.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 29 ნოემბერს ასევე გაიმართება ლაშა ბუღაძის პიესა „ლისისტრატეს“ კითხვა მარჯანიშვილის თეატრში, 9 დეკემბრისათვის დანიშნული კონფერენცია კი მიეძღვნება ქალთა როლის გაძლიერებას ბიზნესსექტორში. 16-დღიანი კამპანია დასრულდება 10 დეკემბრისათვის დანიშნული მატჩით რაგბიში, რომელშიც მოქმედ და ვეტერან მორაგბეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რომელიც ნაწილია კამპანიისა „კაცები ქალების უფლებებისთვის“. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი საქართველოში კატო მიქელაძის სახელობის პრემიით დააჯილდოებს უფლებადამცველ ქალს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ნანა ფანცულაიას თქმით, 29 ნოემბერს აღინიშნება უფლებადამცველი ქალების საერთაშორისო დღე, თუმცა დაჯლდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.

„აი, აქ რისთვისაც ვართ, იმისათვის იბრძოდა კატო მიქელაძე ბევრად უფრო ადრე. ის საკითხები, რაც მაშინ იყო აქტუალური, სამწუხაროდ, დღესაც ძალიან აქტუალურია. ჩვენ დავაწესეთ უფლებადამცველი ქალების პრემია, რომელიც კატო მიქელაძის სახელს ატარებს და გადაეცემა ყოველწლიურად ერთ აქტივისტ ქალს, ქალთა უფლებების დამცველს“, უთხრა ნანა ფანცულაიამ რადიო თავისუფლებას.

ნანა ფანცულაიას თქმით, კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი. მისი სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია უფლებადამცველი ქალების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

XS
SM
MD
LG