Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ”წყალწყალა” ანგარიში პარლამენტში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
28 მაისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საპარლამენტო კომიტეტს წარუდგინა 2012 წლის ანგარიში, რომელზეც ის პასუხისმგებლობას არ იღებს. ლევან გახელაძის განმარტებების მიხედვით, ”წყალწყალა” ანგარიშების ჩათვლით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მუშაობაში გამოვლენილ დარღვევათა უდიდესი წილი გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. თუმცა უმრავლესობის დეპუტატებისთვის ასეთი მიდგომა გაუგებარია, მით უფრო, როცა მათ ახსოვთ სამეურვეო საბჭოს სოლიდარობა, ვთქვათ, ყოფილი გენდირექტორის მისამართით.

უნდობლობის გამოცხადების, ანუ გათავისუფლების გარდა, დღევანდელი კანონმდებლობით, არ არსებობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორზე ზემოქმედების სხვა ადეკვატური მექანიზმები - ასეთი ვითარება მეტად პრობლემურად მიაჩნია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს, მაშინ როცა გენდირექტორი მეტად ფართო უფლებებით არის ღჭურვილი:

”სარედაქციო პოლიტიკას, ისევე როგორც საფინანსო პოლიტიკას და ნებისმიერ პოლიტიკას, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს გენერალური დირექტორი. ის არის პასუხისმგებელი. ჩვენ განვსაზღვრავთ პროგრამულ პრიორიტეტებს, ვითხოვთ ანგარიშებს... ეს ანგარიშები ასე მოდის - ცოტა წყალწყალა.”

’საზოგადოებრივ მაუწყებელს’ აქვს თუნდაც მეორე არხი, სადაც შეუძლია უპრობლემოდ მისცეს სრული ჩანაწერი სასამართლო პროცესისა, ვთქვათ, საღამოს ეთერში, 10 საათის შემდეგ...
ლევან გახელაძე
”წყალწყალა” ანგარიშების გარდა, ლევან გახელაძის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო წლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორების სათვალავზე კიდევ არაერთი ცოდვა ირიცხება და მათ შორის არის ამჟამინდელი პრობლემაც - სასამართლო სხდომების ჩანაწერის ტრანსლირების კანონით მინიჭებული უფლების გამოუყენებლობა, მაშინ როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ლევან გახელაძე პრობლემას ვანო მერაბიშვილის საქმისა და გურამ შარაძის მკვლელობის საქმის მაგალითებით წარმოაჩენს და მარტივ გამოსავალზეც ლაპარაკობს:

„’საზოგადოებრივ მაუწყებელს’ აქვს თუნდაც მეორე არხი, სადაც შეუძლია უპრობლემოდ მისცეს სრული ჩანაწერი სასამართლო პროცესისა, ვთქვათ, საღამოს ეთერში, 10 საათის შემდეგ... მე მესმის, რომ მეორე არხს არა აქვს ისეთი ფართო დაფარვა, მაგრამ ასეთი აქვს თუ ისეთი აქვს, დაახლოებით 70 პროცენტს შეუძლია უყუროს საქართველოში. ეს, მგონი, ცოტა არ არის”.

თითქმის მთელი პასუხისმგებლობის გენერალურ დირექტორზე გადატანას ”უსამართლოდ” მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი თამარ კორძაია, რომელიც შუალედურ არჩევნებში გამარჯვებამდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. თამარ კორძაია ლევან გახელაძეს იმ მაკონტროლებელ მექანიზმებს შეახსენებს, რომლებიც სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებაში შედის:

”სამეურვეო საბჭო ამტკიცებს ბიუჯეტს და ამტკიცებს წლიურ ანგარიშს. თქვენ შეგიძლიათ არ დაუმტკიცოთ ეს ანგარიში... მახსოვს კარგად, რომ გიორგი ჭანტურიას გენერალური დირექტორის პოსტიდან წასვლის წინ სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი ბოლო წამამდე იცავდა გიორგი ჭანტურიას ინტერესებს, როცა მისი მისამართით მოდიოდა პრეტენზიები...”

ჩვენ მივესალმებოდით „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ უფრო მეტ ახალ ამბებს ეროვნული უმცირესობების ენაზე. ჩვენ მივესალმებოდით ჟურნალისტურ გამოძიებებს, რაც ჯერჯერობით არა და არ ჩანს...
ელისო ჩაფიძე
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს, პასუხისმგებლობას სამეურვეო საბჭო ამ კუთხითაც ირიდებს თავიდან, რადგანაც აუდიტის ჩატარებას საკუთარი წევრების კომპეტენციად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს საქმე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გასაკეთებელია. თუმცა 8 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანებას, რაც შემოსავლების სამსახურმა შემოწმების დროს აღმოაჩინა, ლევან გახელაძე სადავოს უწოდებს, დადასტურებულად კი მხოლოდ 6 მილიონამდე ლარის დავალიანებას თვლის.

რაც შეეხება პროგრამების ნაირსახეობასა და შინაარსს, ლევან გახელაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ბადეს დაემატება თოქშოუები და სასურველი იქნება, რომ გადაიხედოს იმ სოციალური რეკლამების გაშვების პრაქტიკა, რის უკანაც ბევრი შეფარულ პოლიტიკურ რეკლამას ხედავს. ლევან გახელაძე იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის აზრს, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს რეგიონებიდან მოწოდებულ ინფორმაციებს. თუმცა დეპუტატ ელისო ჩაფიძეს სხვა სურვილებიც აქვს:

”ჩვენ მივესალმებოდით „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ უფრო მეტ ახალ ამბებს ეროვნული უმცირესობების ენაზე. ჩვენ მივესალმებოდით ჟურნალისტურ გამოძიებებს, რაც ჯერჯერობით არა და არ ჩანს... და იმედი მაქვს, რომ არა როგორც უმრავლესობის წევრის, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის სურვილს გაითვალისწინებთ იმასთან დაკავშირებით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იყოს ხელისუფლების მაკონტროლებელი”.

მწვავე პრობლემებზე მსჯელობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოსმენამ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს ლევან გახელაძემ შეახსენა დეპუტატებს, რომ ის არ არის საჯარო მოხელე და არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო თუკი სხვა კომიტეტებიც მოინდომებენ სამეურვეო საბჭოს კეთილი ნებით სარგებლობას, მაშინ იქნებ კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე იფიქრონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG