Accessibility links

გორში 60-მა აქტიურმა მოქალაქემ დემოკრატიის სკოლა დაამთავრა. სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს სკოლის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ გადასცა. დემოკრატიის სკოლა ოქტომბერში გაიხსნა და 5 თვის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები სწავლობდნენ დემოკრატიის ძირითად კონცეფციებს, დაეუფლნენ პრაქტიკულ უნარებს საკუთარი იდეების რეალობაში განსახორციელებლად. საქართველოში დაარსებული დემოკრატიის სკოლები ნაწილია პროექტისა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD).

„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში.

დემოკრატიის განათლების პროგრამა მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა შემუშავებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობისათვის აუცილებელ ცოდნას და უნარებს მოიცავს.

კატო ქოთოლაშვილი დემოკრატიის სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკიდან“ მოხვდა. მას ყველაზე მეტად გენდერის, აქტიური მოქალაქეობისა და პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების შესახებ ჩატარებული ლექციები დაამახსოვრდა.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი თეა გიგუაშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის სკოლამ, განათლების გარდა, ერთი სიკეთეც გააკეთა: გორში აქტიური მოქალაქეები ერთად შეკრიბა და მათ მომავალ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი.

შალვა ტლაშაძე აქტიური მოქალაქეა, იგი ამჟამად სამოქალაქო განათლების ტრენერობისთვის ემზადება. ამბობს, რომ ამ 5 თვიანი სწავლების დროს არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, რაც მომავალ საქმიანობაში გამოადგება.

NIMD ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას დემოკრატიის განათლების სფეროში და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას, აქტიური მოქალაქეებისათვის ეფექტური საგანმანათლებლო პლატფორმის შესაქმნელად. საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, განიცდის ხელშესახებ ინსტიტუციურ ცვლილებებს, თუმცა ჩამოყალიბებული დემოკრატიული მმართველობის შესაქმნელად საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო მსჯელობის ხარისხის გაღრმავება აუცილებელია. დემოკრატიის განათლების პროგრამა ამ უკანასკნელთა გაძლიერებას ემსახურება.

სკოლის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე არაერთხელ ახსენა იოსებ სტალინის სახელი. მისი თქმით, ეს შემთხვევითი არ ყოფილა, სტალინის სახელი და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია. მისი აზრით, გორიდან უნდა დაიწყოს სტალინური მენტალობისგან გათავისუფლება და მის ძეგლებს ღამით ჩუმად კი არ უნდა იღებდნენ, ეს დღისით უნდა ხდებოდეს საჯაროდ და საზოგადოება ამას მხარს უნდა უჭერდეს.

NIMD პროგრამის გეოგრაფიის გაფართოებას და დემოკრატიის სკოლების სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს, გორის სკოლა კი მსურველების კიდევ ერთ ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG