Accessibility links

logo-print

საშუალო სკოლა - მრავალწლიანი დილემა. ნაწილი I


თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.

საქართველოს საშუალო სკოლებში სწავლების ხარისხზე ჩივილს არაერთი მშობლისგან გაიგონებთ. ზოგს მასწავლებლის ძველმოდური ხედვა არ მოსწონს, ზოგი ბავშვებთან დამოკიდებულებით არის უკმაყოფილო, ზოგს მისი გაკვეთილის ახსნის მანერა მიაჩნია არასრულყოფილად, ზოგი კი ირწმუნება, რომ მასწავლებლებს, უბრალოდ, კვალიფიკაცია აკლიათ. მშობლები ხშირად უცვლიან სკოლებს შვილებს, ადარებენ ერთმანეთს კერძო და საჯარო სკოლებს. ამა თუ იმ სკოლის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას არაერთ სოციალურ ქსელში წააწყდებით, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება.

ნაწილი I

როგორც მკვლევარი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი აცხადებს, საშუალო განათლება საქართველოში კვლავაც რჩება ზოგადად განათლების სისტემის სუსტ წერტილად.

”მათემატიკის მასწავლებელი იმდენ დავალებას აძლევდა, დაძინების წინ ამბობდა, თვალებს რომ ვხუჭავ, ციფრებს ვხედავ და ვერ ვიძინებო; ხელოვნების გაკვეთილზე მხოლოდ გვერდებს ჩაანიშნინებდა ხოლმე, აუხსნელად, ეს წაიკითხეთო. ყველაფრის თავიდან გავლა გვიწევდა, პრაქტიკულად მასწავლებლის როლს ვითავსებდი, მაგრამ თან ვფიქრობდი, იქნებ ასეც უნდა იყოს-მეთქი. ინგლისურში ერთ დიალოგს მთელი კვირის განმავლობაში უტოვებდა ხოლმე მასწავლებელი... თავიდან, უბრალოდ, დავეჭვდი, მერე არ მესიამოვნა, ბოლოს გავბრაზდი. ერთ დღეს კი, მასწავლებლის სანახავად სკოლაში მისულს, კლასიდან მასწავლებლის ისეთი ყვირილის და ისეთი სიტყვებით ლანძღვის ხმა შემომესმა, რომ მაშინვე გადავწყვიტე სკოლის შეცვლა. ბავშვი ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში გადავიყვანე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ სურათი დიდად არ განსხვავდებოდა... კერძო სკოლაში ფულის გადახდის საშუალება არ მაქვს, არადა, მინდა, რომ ჩემს შვილს კარგი განათლება ჰქონდეს; მინდა, რომ ყველა საგანში რეპეტიტორი არ დასჭირდეს; მინდა, რომ საჯარო სკოლაში სწავლა არ იყოს ასე არაპრესტიჟული”, - ეს 9 წლის ქეთის დედის, ნინო ნიჟარაძის, სიტყვებია.

ემა ლაფერაძის 11 წლის გოგონაც თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის საჯარო სკოლაში სწავლობს. ოჯახს კერძო სკოლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. ემა ფიქრობს, რომ მალე, ალბათ, ბავშვს რამდენიმე საგანში კერძო მასწავლებელთან მომზადება დასჭირდება: ”როცა მეკითხებიან, როგორი სკოლაა, ვპასუხობ, რომ არაფერი განსაკუთრებული. მანდ პედაგოგის გამო მივიყვანე, აქებდნენ, შემდეგ ის სხვა სკოლაში გადავიდა და ყველაფერი აირია. კლასში 38 ბავშვია, სულ ყვირილის და ხმაურის ხმა გამოდის, როცა არ უნდა მივიდე. არ მომწონს სწავლების ფორმაც - მაგალითად, ქართულში აქვთ რაიმე მოთხრობა სასწავლი, მასწავლებელი ეუბნება, წაიკითხეთო და ამით სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ ხშირად გაკვეთილის ახსნაც ეზარებათ. სულ იმის შეგრძნება მაქვს, როცა მეცადინეობს, რომ ჩარჩოებში ზის და ერთ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი უნდა გასცეს, განსხვავებული აზრი დაისჯება”...

ციცი დალაქიშვილს სამი შვილი ჰყავს. სამივე კერძო სკოლის მოსწავლეა. ციცი დალაქიშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ამჯობინა კერძო სკოლა საჯარო სკოლას:

”მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სკოლებში სწავლის თითქმის ერთნაირი ხარისხია და ასევე თანაბარია მასწავლებლების დონეც, კერძო სკოლას, ჩემი აზრით, სწავლასთან და მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში მაინც განსხვავებული პოლიტიკა აქვს - მეტი თავისუფლებაა, ინიციატივა წახალისებულია. მასწავლებლები ახალგაზრდები არიან. რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? - 21-ე საუკუნეში, კოსმოსურ საუკუნეში, სადაც უდიდესი სისწრაფით ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, ბავშვები პირველები არიან, ვისზეც ეს უდიდეს გავლენას ახდენს. როგორც მშობელი, ისე მასწავლებელიც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ბავშვის წინაშე კომპეტენტური გამოჩნდეს და ფლობდეს ახალ ტექნოლოგიებს - სულ ცოტა, ერკვეოდეს მათში.

მე სულ ვამბობ ხოლმე, ახალი თაობის, ჩემი შვილების თაობის ინფორმაციის მიღების და გადამუშავების სისწრაფეს თუ გავზომავთ კილომეტრებში, ეს იქნება 100კმ/სთ, ხოლო მასწავლებლის ცოდნის გაცემის სიჩქარე 10კმ/სთ-ის ტოლია. ეს კი იწვევს ბავშვის დემოტივაციას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცოდნის მიღებისას.

ერთი მაგალითი: ჩემს უფროს შვილს, რომელიც 12 წლისაა, აქვს ძალიან ცუდი კალიგრაფია. ძალიან კარგად იცის მათემატიკა, მაგრამ ხშირად იმის გამო, რომ მასწავლებელი ვერ არჩევს მის ნაწერს, უწერს დაბალ ნიშანს. ეს მის დემოტივაციას იწვევს და ასევე პროტესტს - რატომ არ შეიძლება, რომ კომპიუტერზე დავწერო და ამობეჭდილი მივიტანო დავალებაო? ჩემი აზრით, მის პროტესტში ლოგიკა არის. ჩემი აზრით, სწორედ კერძო სკოლებში არის წახალისებული ამგვარი მიდგომები. ესაა ფაქტორი, რატომაც გადავწყვიტე ბავშვების კერძო სკოლაში შეყვანა”
, - გვეუბნება ციცი დალაქიშვილი.

რამდენად საკმარისია წარმატების მისაღწევად 9 წელი განათლების რეფორმის დაწყებიდან? რა გაკეთდა დღემდე და როდის შეიცვალა რეფორმამ გეზი? რა არის იმის მიზეზი, რომ ყველა, ვინც განათლების სფეროში ამ წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და დღესაც აგრძელებს მუშაობას, თანხმდება აზრზე, რომ საშუალო სკოლა მოსწავლეებს ვერ აძლევს სათანადო განათლებას?

თამარ მოსიაშვილი განათლების სფეროს იმ სპეციალისტებს შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია საქართველოში არ არის მაღალი. შესაბამისად, დაბალია სწავლების ხარისხი საშუალო სკოლებში. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი თანამედროვე მასწავლებელს საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, რასაც, როგორც წესი, საქართველოს სკოლებში პედაგოგთა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს:

”თუ ჩავთვლით, რომ მასწავლებელთა ძალიან დიდ ნაწილს განათლება სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში აქვს მიღებული და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდათა უმრავლესობისათვის მასწავლებლობა ნაკლებად პრესტიჟულია და სკოლებში უფრო მეტად ასაკოვანი ადამიანები არიან დასაქმებულები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულად დგას. მაგალითად, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ვთქვათ, ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, რომ შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი, უნდა იცოდეს კონსტრუქტივიზმი, პიაჟეს თეორია და კიდევ არაერთი რამ. ეს ისეთი ცოდნაა, რაც თანამედროვე მასწავლებელს, უბრალოდ, სჭირდება. რად გვინდაო, ხშირად გამიგია მათგან და ამ აზრს სულ ვოპონირებ”.

მოსიაშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან შაშკინის მინისტრობის დროს, როგორც თავად ამბობს, გაუგებარი მიზეზების გამო გაათავისუფლეს. დღეს ის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამების ხელმძღვანელია. მისი აზრით, სერტიფიცირების გამოცდა ვერ ამოწმებს, თუ როგორ ფლობს მასწავლებელი თავის ძირითად კომპეტენციებს და არც არის ეს ამ გამოცდის დანიშნულება. გამოცდის შემდეგ უნდა ამოქმედდეს უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესი, რომლის მოთხოვნაც კანონით არსებობს, მაგრამ საქართველოში სრულიად იგნორირებულია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დღემდე. თამარ მოსიაშვილის აზრით, რვა წელი, რის შემდეგაც მასწავლებელმა გამოცდა თავიდან უნდა ჩააბაროს, ძალიან ბევრია, რადგან ამ პერიოდში პედაგოგი კარგავს მოტივაციას. ეს ვადა უნდა შემცირდეს. სასერტიფიკაციო გამოცდებს კი აღარ უნდა ჰქონდეს ერთგვარი სელექციის დანიშნულება:

თამარ მოსიაშვილი

თამარ მოსიაშვილი

”შედეგად კი დღეს საქართველოში გვყავს ოთხი კატეგორიის მასწავლებელი - არასერტიფიცირებული, სერტიფიცირებული, სერტიფიცირებული, რომელმაც მაღალი კატეგორია მიიღო, და სერტიფიცირებული, რომელმაც ასევე შემატა ინგლისური და კომპიუტერი. ეს მაშინ, როცა ჩვენ, უბრალოდ, ორი კატეგორიის მასწავლებელი უნდა გვყავდეს - სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული, რადგან ეს გამოცდა აჩვენებს, რომ ეს ადამიანი აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს”.

მოსიაშვილის აზრით, პრობლემაა ისიც, რომ დღეს არსებული პოლიტიკა მხარს უჭერს სარეპეტიტორო სისტემას. მისი ფორმულა კი ასეთია: ”სკოლა შეიძლება გაძლიერდეს სწორედ რეპეტიტორის ინსტიტუტის დასუსტების გზით”. მაგრამ ეს ვერ მიიღწევა, თუ გამოცდების რაოდენობა როგორც სკოლაში, ისე მისაღებ გამოცდებზე არ შემცირდა:

”ბოლო ორი წლის განმავლობაში ბავშვები აბარებდნენ ცენტრალიზებული გზით უპრეცედენტო რაოდენობის გამოცდებს. ეს იყო რვა საატესტატო და ოთხი სახელმწიფო გამოცდა. გასაკვირი არ არის, რომ სარეპეტიტორო სკოლა ასე ძლიერია. ეს საზოგადოებას არ უნდა უკვირდეს, რადგან როგორ აწყობილ სკოლაშიც არ უნდა სწავლობდეს ბავშვი, როცა მას 12 გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, მას, ცხადია, დასჭირდება რეპეტიტორი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს გამოცდების რაოდენობის შემცირებაზე. ასევე, ჩემი ნება რომ იყოს, სკოლას მივცემდი გარკვეულ დამოუკიდებლობას. რაღაც ტიპის კრედიტები რომ სკოლიდან წამოიღოს მოსწავლემ, ძალიან კარგი იქნება - განსაკუთრებით, თუ ეს კრედიტები იქნება მოსწავლეების მონაწილეობა სხვადასხვა სახის პროექტებში, სკოლაში ჩატარებული პრეზენტაციები, საქველმოქმედო საქმიანობა და სხვა”.

სხვათა შორის, ალექსანდრე ლომაიამაც გვითხრა, რომ ”მასწავლებელთა სერტიფიცირება წარმატებით იქ და მაშინ მუშაობს, სად და როდესაც ის ხარისხის ამაღლების უწყვეტი სისტემის შემადგენელი ნაწილია და არა „გაფილტრვის“ ან „გაცხრილვის“ ინსტრუმენტი”.


რეფორმის ათვლის წერტილი - განათლება ორიენტირის გარეშე

განათლების სისტემის რეფორმაზე მსჯელობა ჯერ კიდევ ალექსანდრე კარტოზიას მინისტრობის პერიოდში დაიწყო, 2003 წელს. თუმცა მაშინ, ვარდების რევოლუციისა და ხელისუფლების ცვლილების გამო, ბევრი რამ ვერ მოესწრო. ფართო მასშტაბით რეფორმამ კარტოზიას მომდევნო განათლების მინისტრის, ალექსანდრე (კახა) ლომაიას პერიოდში აიღო სტარტი. სკოლის დეცენტრალიზაციის პროცესს სწორედ მის სახელს უკავშირებენ. რა ვითარება დახვდა ალექსანდრე ლომაიას განათლების, კერძოდ კი, ზოგადი განათლების სისტემაში, რომლის არაერთ ნაკლზეც დისკუსია დღესაც გრძელდება?

ალექსანდრე ლომაია იხსენებს, რომ სისტემაში მას დახვდა “ათასობით თავის საქმეზე შეყვარებული და პატიოსანი ადამიანი” - სკოლებში, განათლების განყოფილებებსა და ცენტრალურ აპარატში. ასევე: ”მთლიანად ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, კოლოსალური სახელფასო დავალიანება და ცვლილებების უზარმაზარი მოლოდინი”.

”2004 წლის 18 თებერვალს, ჩემს პირველ სამუშაო დღეს, გაყინულ სამინისტროში დამხვდნენ პალტოებმოსხმული თანამშრომლები, მთელ შენობაში მუშაობდა ორად ორი ტელეფონი - დანარჩენი დავალიანების გამო გამორთული იყო - და სამი პერსონალური კომპიუტერი. არასოდეს დამავიწყდება ერთი თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც ხელზე 34 ლარს იღებდა, სამსახურში ლოტკინის მთიდან ფეხით დადიოდა და საღამოობით პატარა რესტორანში ჭურჭელს რეცხავდა, რათა საკუთარი თავი და თავისი ავადმყოფი და ერჩინა”.

ლომაია იხსენებს, რომ მაშინ მასწავლებელთა ხელფასი 80 ლარს შეადგენდა.

სახელმწიფოს 40 000 პედაგოგის სახელფასო დავალიანება ჰქონდა - სულ, 28 მილიონი ლარი. წლების განმავლობაში გაურემონტებელ სკოლებში იყო: ”დაზიანებული სახურავები და საძირკვლები, უმინო ფანჯრები, პრაქტიკულად განადგურებული მერხები და სხვა ინვენტარი. არც ერთ სკოლას არ ჰქონდა ცენტრალური გათბობა, მწყობრიდან იყო გამოსული წყალმომარაგება და სანკვანძები”.

როგორც ლომაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, სისტემა ფუნქციონირებდა ისე, რომ მას არ გააჩნდა გამაერთიანებელი ხედვა იმისა, თუ რისთვის უნდა მიეღწია:

”მას შემდეგ, რაც საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას „ჩამოატყდა“ საქართველოს ნაწილი, ეს ნაწილი დაცურავდა ზღვაში როგორც გემი, რომელსაც არც რუკა ჰქონდა და არც ნავიგატორი”.

ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, არსებობდა საგნობრივი სასწავლო პროგრამები და ე.წ. „საშუალო“ მოსწავლესა და „საშუალო“ მასწავლებელზე მორგებული სასწავლო მეთოდიკა. სასწავლო პროგრამები პროცესზე იყო ორიენტირებული და არა შედეგზე:

”ამ პროგრამებში ეწერა: „პირველ სასწავლო კვირაში უნდა ასწავლო ესა და ეს ტექსტი (ფორმულა, ისტორიული მოვლენა და ა.შ.), ამდენი და ამდენი საათი, მეორე კვირაში ესა და ეს, ამდენი და ამდენი საათი“.

რას ხმარდებოდა ეს ძალისხმევა, რა იყო საბოლოო მიზანი, არათუ პასუხი არ არსებობდა, ამ კითხვასაც კი არავინ სვამდა, გვეუბნება ლომაია.

სკოლა იყო მკაცრად ცენტრალიზებული. მასწავლებლები და მშობლები არ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ცვლილებების მოლოდინი არსებობდა. ამას ადასტურებს ყოფილი მინისტრიც და იხსენებს, რომ მაშინ „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ პირველ პროექტს, რომელიც სკოლებში გავრცელდა, 1700-ზე მეტი კოლექტიური და ინდივიდუალური გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმეთვიანი შრომის შედეგად, მომზადდა კიდეც დოკუმენტი - „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“. ეს დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 14 ოქტომბერს დაამტკიცა. ამას უკვე მოჰყვა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა. სკოლას უკვე ჰქონდა ორიენტირი.
ალექსანდრე ლომაია

ალექსანდრე ლომაია


ხედვის მთავარი იდეა, ამბობს ლომაია, ის იყო, რომ სკოლა ორიენტაციას აკეთებდა შედეგზე და არა პროცესზე. ეს იყო: ”ინდივიდუალური მიდგომა ყოველი მოსწავლისადმი, მიზნების ერთობლიობა და მათკენ მისასვლელი გზების მრავალფეროვნება და, აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა შემოქმედებითი პოტენციალის გამონთავისუფლება, სკოლის მმართველობითი და ფინანსური ავტონომიურობა, მასწავლებელთა და მშობელთა მიწვევა სკოლის მართვაში და მოსწავლეზე გათვლილი დაფინანსების ფორმულა”.

ის აზრი, რომ ზოგადი განათლების სისტემას საფუძვლიანი და გადაუდებელი რეფორმა სჭირდებოდა, 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამაც განამტკიცა, რომლის შედეგებიც 2004-ში დამუშავდა შეფასებისა და გამოცდების ჯგუფის მიერ, რომელსაც მაშინ მაია მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა და რომლის მიხედვითაც, ქართულში მოსწავლეთა 40%, ხოლო მათემატიკაში მოსწავლეთა 50% ვერ ავლენდა იმ მინიმალურ ცოდნასა და უნარებს, რომელიც ამ ასაკის მოსწავლეებს უნდა ჰქონოდათ. ეს იყო უმძიმესი შედეგი.

ამ ერთგვარი კოლაფსიდან გამოსასვლელ გზებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი, როგორც ალექსანდრე ლომაია გვეუბნება, ეროვნული სასწავლო გეგმა იყო, რადგან ამ დოკუმენტმა განსაზღვრა სასწავლო მიზნები საგნებისა და კლასების მიხედვით, დაადგინა ამ მიზნების მიღწევის გზები და ინდიკატორები იმის გასარკვევად, თუ რა დონეზე იქნა მიღწეული ესა თუ ის მიზანი:

”მაგალითად, თუ თქვენ ხართ მე-6 კლასელის მშობელი, ქართულში წლის ბოლოს მისაღწევი ერთ-ერთი მიზანია ის, შეუძლია თუ არა თქვენს შვილს მცირე ზომის პროზაული ლიტერატურული ტექსტის შედგენა”.

რა მოხდა შემდეგ, რამ შეაფერხა განვითარების ასე სწრაფად დაწყებული ტემპი? რამდენად რადიკალური იყო ეს ცვლილება? ალექსანდრე ლომაია ამბობს, რომ მისთვის არსებითად განსხვავებულია ორი პერიოდი: 2004-2008 და 2009 – 2012 წლები. მისი თქმით, თუ პირველს ახასიათებდა ფოკუსირება ადამიანზე - მოსწავლეზე, პედაგოგზე, ადმინისტრატორსა და მშობელზე, ორიენტაცია საბოლოო შედეგზე, დეცენტრალიზაცია მართვაში, სწავლის შინაარსსა და მეთოდოლოგიაში, მეორე პერიოდში სახელმწიფომ, ფაქტობრივად, უკან წაიღო ის კომპეტენციები, რომელიც მან სკოლას მისცა, დაწყებული დირექტორის არჩევით, დამთავრებული მიზნის მისაღწევი გზების მრავალფეროვნებით:

”სამეურვეო საბჭოები არ გაუქმებულა, მაგრამ მათი მხარდაჭერა და კულტივირება აღარ იყო სახელმწიფოს პრიორიტეტი. უცვლელი დარჩა მხოლოდ ერთ მოსწავლეზე გათვლილი დაფინანსება. აღსადგენია სკოლების უფლებები აირჩიონ დირექტორები და მართონ საკუთარი თავი. აღსადგენია განათლების მიზნების მისაღწევი გზების მრავალფეროვნება. და კიდევ, დავიწყებდი ფიქრს იმაზე, თუ როგორ შევამციროთ სკოლაში პოლიტიკის ზეგავლენა, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო უბნები აღარ განთავსდეს სკოლებში და სხვა”.

განათლების სფეროს ექსპერტები ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დაბრკოლებად, რამაც რეფორმის სწორად განვითარებას შეუშალა ხელი, განათლების მინისტრების (ალექსანდრე კარტოზია, ალექსანდრე ლომაია, ნიკა გვარამია, გია ნოდია, დიმიტრი შაშკინი, ხატია დეკანოიძე, გიორგი მარგველაშვილი) და, ზოგადად, განათლების პოლიტიკის ხშირ ცვლას ასახელებენ.
თუმცა ამ ცხრაწლიან პერიოდს მკვლევარები მაინც ყოფენ შაშკინამდე და შაშკინის შემდგომ პერიოდებად (2009-2012), შაშკინისა, რომლის მინისტრობის დროსაც განათლების სისტემა საგრძნობლად ჩაიკეტა, სკოლა კი, მათივე შეფასებით, არნახულად პოლიტიზებული გახდა.

ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG