Accessibility links

logo-print

ცხიმიანი საკვები ქალებისთვისაა განსაკუთრებით სახიფათო


მაღალკალორიული საკვები და ცხოვრების მჯდომარე წესი არ არის ჭარბწონიანობის ერთადერთი მიზეზი. მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენებიც. ამერიკელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ცდებით დაადგინეს, რომ მდედრი და მამრი ცხოველები ცხიმიან საკვებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მხოლოდ მდედრ თაგვებს გაეზარდათ ბადექონის ცხიმის უჯრედის ფერმენტის მოქმედება, რასაც ცხიმის მასის მატება მოჰყვება. ხოლო გენეტიკურად სახეცვლილ თაგვებს, რომელთაც ფერმენტის წარმოქმნა არ შეეძლოთ, წონაში არ მოუმატებიათ. ცხიმის მოცულობის ზრდას იწვევდა ჰორმონ ესტროგენის შემცველობაც: ესტროგენის წარმოების შემცირებას ფერმენტის გააქტიურება და, შესაბამისად, ბადექონის მასის ზრდა მოჰყვებოდა.

შესაძლოა ეს იყოს იმის ახსნა, თუ რატომ ეზრდებათ ქალებს მენოპაუზის შემდეგ მუცლის არეში ცხიმის მასა მამაკაცებზე უფრო მეტად. კანქვეშა ცხიმის საფარისგან განსხვავებით, ძლიერად გამოკვეთილი ცხიმის ქსოვილი კუჭნაწლავის არეში ზრდის გულის ინფარქტის, კიბოსა და დიაბეტის რისკს. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ „Diabetes“-ში.

„მაღალი ცხიმიანობით გამორჩეული საკვები ჩვენს გენებზე მოქმედებს და წონაში მეტ-ნაკლებად მომატებას იწვევს. მაგრამ მხოლოდ კვება არ არის ისეთი ეფექტიანი, რომ ამის გამოწვევა შეეძლოს,“ წერს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი იულიანა ზიუზენკოვა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხიმის მაღალი შემცველობის საკვების მიღებაზე მდედრი თაგვები მამრებისგან განსხვავებულად რეაგირებენ. განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა გენი, რომელიც ფერმენტ ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის წარმოებას არეგულირებს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს ჰორმონ რეტინოიდული მჟავის წარმოებაზე.

ცხიმიანი საკვების მიღება მხოლოდ მდედრების შემთხვევაში იწვევდა ფერმენტისა და ჰორმონის პროდუქციის ზრდას და მუცლის არეში ცხიმის დაგროვების პროცესის გაძლიერებას. ფერმენტ ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის არარსებობის შემთხვევაში კი რეტინოიდული მჟავის დონე ეცემოდა და ბადექონი არ იმატებდა. ამის სანაცვლოდ ხდებოდა უფრო მეტი ცხიმის დაწვა. მამრების შემთხვევაში ფერმენტის არარსებობა მხოლოდ მცირე გავლენას ახდენდა.

მეცნიერებმა აღმოაჩნიეს, რომ ადამიანის ბადექონის შემთხვევაშიც ჭარბწონიან ქალებს მუცლის არეში ფერმენტ ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის უფრო მაღალი შემცველობა ჰქონდათ, ვიდრე ჩვეულებრივი წონისებს. აქედან გამომდინარე, ზიუზენკოვას თქმით, გამოკვლევის შედეგები ალბათ ადამიანზეც შეიძლება იქნეს გადატანილი. ნივთიერებებმა, რომლებიც ფერმენტ ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის მოქმედებას ასუსტებს, შესაძლოა ადამიანები - ყოველ შემთხვევაში, ქალები - ჭარბწონიანობისგან დაიცვას. ამის რისკი ასაკოვანი ქალების შემთხვევაში იზრდება, ვინაიდან მათ ესტროგენის წარმოება შესუსტებული აქვთ. საქმე ისაა, რომ ეს ჰორმონი ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის წარმოებას ამუხრუჭებს. ბუნებრივი მუხრუჭის არაარსებობის პირობებში კი იზრდება მუცლის არეში ცხიმის წარმოქმნის საფრთხე და, შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა დაავადების რისკიც.
XS
SM
MD
LG