Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღრმა ძილი მეხსიერებას აძლიერებს


მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა და მოკლე, ზედაპირული ძილის ფაზები ასაკის ტიპური ნიშნებია. ბევრ ხანდაზმულს უწევს ამ პრობლემებთან ბრძოლა. აქამდე არ იყო ცნობილი პირდაპირი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა პირველად მოახერხეს იმის დადასტურება, რომ უძილობა გავლენას ახდენს თავის ტვინის იმ ფუნქციაზე, რომელიც დამახსოვრებასთან არის დაკავშირებული. ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ღრმა ძილის პერიოდებში წარმოქმნილი თავის ტვინის ნელი ტალღები გადამწყვეტ როლს თამაშობს გრძელვადიანი დამახსოვრებისთვის.

ჯანსაღი ზრდასრული ადამიანი ღამის დაახლოებით ერთ მეოთხედს ღრმა ძილში ატარებს. ამ პერიოდში თავის ტვინის ფრონტალურ ნაწილში წარმოიქმნება ე.წ. ნელი ტალღები. გამოკვლევა აჩვენებს, რომ ასაკთან ერთად ამ რეგიონის აქტივობა იკლებს. შესაბამისად, სუსტდება ღრმა ძილის უნარიც, ღრმა ძილის პერიოდები საგრძნობლად მოკლდება. ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს მოგონებების ხანგრძლივი პერიოდით დამახსოვრებაზე.
გამოკვლევით დადასტურდა, რომ ღრმა ძილის დროს ნელი ტალღების მეშვეობით ხდება მოგონებების ტრანსპორტირება ჰიპოკამპუსიდან პრეფრონტალურ კორტექსში. „ამგვარად, აღმოვაჩინეთ ის გზა, რომელიც ახსნას უძებნის კავშირს ხანდაზმულ ასაკში თავის ტვინის ფუნქციის გაუარესებას, წყვეტილ ძილსა და მეხსიერების კლებას შორის,“ ამბობს ძილის მკვლევარი ბერკლის უნივერსიტეტიდან, ნეიროფიზიოლოგი მეთიუ უოკერი.
ეს მექანიზმი დაახლოებით ასე გამოიყურება: ჰიპოკამპუსში შედის სენსორული ინფორმაცია, რაც მოგონებებად იქცევა. მაგრამ იქ ისინი მხოლოდ ხანმოკლე მოგონებების სახით ინახება. ხანგრძლივი მოგონება მხოლოდ მას შემდეგ წარმოიშვება, რაც ხანმოკლე მოგონება თავის ტვინის ქერქის ფრონტალურ ნაწილში გადაინაცვლებს. უოკერი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ გაუარესებული ძილის პირობებში მოგონებები ჰიპოკამპუსში რჩება და მათ შემდეგ ახალი მოგონებები „გადაეწერება“.
ამერიკელ მეცნიერთა აღმოჩენა ახალ პერსპექტივებს ხსნის მეხსიერების დაკარგვის მკურნალობისთვის. მედიკოსთა აზრით, მეხსიერების დაქვეითების მკურნალობა შესაძლებელი უნდა იყოს პირდაპირი იმპულსებით ზემოქმედების ან მედიკამენტების მეშვეობით.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG