Accessibility links

logo-print
ოფიციანტ ქალს თუ სურს, კლიენტებმა მეტი ფული აჩუქონ, მან წითელი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას. ასეთ დასკვნამდე მიდის საფრანგეთში ჩატარებული გამოკვლევა. მისმა ავტორებმა შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს ოფიციანტი ქალის ტანსაცმლის ფერი კლიენტებზე. აღმოჩნდა, რომ ქალი ოფიციანტები მამაკაცებისგან 26 პროცენტამდე უფრო მეტ თანხას იღებენ საჩუქრად, როცა მათ წითელი მაისური აცვიათ. სხვა ფერის ტანსაცმელს განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია კლიენტების ქცევაზე. კლიენტი ქალებისთვის წითელ ფერს მნიშვნელობა არ ჰქონია. ამ გამოკვლევის შედეგი ადასტურებს სხვა კვლევათა შედეგებს, რომელთა თანახმად, ფერი ქალის ფიზიკურ და სექსუალურ მიმზიდველობას ზრდის.

„ვინაიდან წითელი ფერი კლიენტ ქალებზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, ოფიციანტი ქალებისთვის საინტერესო უნდა იყოს მუშაობისას წითელი ფერის ტანსაცმლის ხმარება,“ წერენ გამოკვლევის ავტორები, სოციოლოგები ნიკოლა გეგენი და სელინ ჟაკობი.

სოციოლოგებმა 11 ოფიციანტ ქალს ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი. მათ - ისე რომ არ იცოდნენ გამოკვლევის მიზანი - ექვსი კვირის განმავლობაში რიგრიგობით უნდა ჩაეცვათ ერთი და იმავე მაისურის სხვადასხვა ფერის ვარიანტები. მათ განკარგულებაში იყო შავი, თეთრი, ლურჯი, წითელი, მწვანე და ყვითელი მაისურები. 19-დან 26 წლამდე ასაკის ოფიციანტ ქალებს არ უნდა გაეკეთებინათ მაკიაჟი და სამკაული, კლიენტებს ისე უნდა მომსახურებოდნენ, როგორც ყოველთვის და უნდა ჩაენიშნათ, რამდენ ფულს მიიღებდნენ კლიენტებისგან საჩუქრად და ვისგან.

მეცნიერთა მიზანი იყო, დაეზუსტებინათ სხვა გამოკვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, უფრო კოხტა და უფრო სავსემკერდიან ოფიციანტ ქალებს მამაკაცები მეტ ფულს ჩუქნიან. მეორე მხრივ, ქცევის ფსიქოლოგიის მიხედვით, წითელი ფერი ქალს მამაკაცის თვალში უფრო მიმზიდველს ხდის და ერთგვარად უფრო მაღალ სოციალურ სტატუსს ანიჭებს მას.

ფრანგული გამოკვლევის შედეგები სრულიად ცალსახა აღმოჩნდა. 400-მდე მამაკაცმა კლიენტმა გამოკვლევის მიმდინარეობის პერიოდში წითელი მაისურის შემთხვევაში 14,6-დან 26,1 პროცენტამდე უფრო მეტი საჩუქარი გაიღო, ვიდრე სხვა ფერების შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იმიტომაცაა, რომ საფრანგეთში რესტორნებში ოფიციანტისთვის ფულის ჩუქება არ არის მიღებული. ანგარიში უკვე შეიცავს 12 პროცენტს მომსახურებისთვის.

ამის საპირისპოიროდ, დაახლოებით 300 ქალ კლიენტზე გავლენა არ მოუხდენია ოფიციანტთა ჩაცმულობის ფერს. სამაგიეროდ ბრიტანელმა მკვლევრებმა ორი წლის წინ დაადგინეს, რომ წითლად ჩაცმული მამაკაცები ვნების აღმძვრელად მოქმედებენ ქალებზე. ამიტომ გეგენი და ჟაკობი ვარაუდობენ, რომ ოფიციანტი მამაკაცებისთვისაც შეიძლება ფინანსურად მომგებიანი იყოს წითელი სამუშაო ტანსაცმელი.
XS
SM
MD
LG