Accessibility links

logo-print

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მიმდინარეობს


შოტლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლითაც უნდა გადაწყდეს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება, თუ მას გამოეყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება.

ამ ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმის წინ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მსურველთა რაოდენობა ოდნავ აჭარბებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვს. ოციდან ერთ შოტლანდიელს კვლავაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი როგორ უპასუხებდა შეკითხვას: „უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?“

თუ გამარჯვებას დამოუკიდებლობის მომხრეები მოიპოვებენ, დაიწყება მოლაპარაკება, რომელიც შოტლანდიას 2016 წლის 24 მარტს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. ამით დასრულდება 307 წლის ისტორიის მქონე კავშირი და, სავარაუდოდ, გამყარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი სეპარატისტების პოზიციები.

ალექს სელმონდი, შოტლანდიის პირველი მინისტრი და სეპარატისტული „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ ლიდერი, ხმის მიცემის შემდეგ ასეთი განცხადებით გამოვიდა:

„შესაძლებლობა გვაქვს შევქმნათ უფრო მეტი კეთილდღეობით გამორჩეული ეკონომიკა, ისევე როგორც უფრო სამართლიანი საზოგადოება. ეს არაჩვეულებრივი, დადებითი პერსპექტივაა და სწორედ ამიტომ შოტლანდიამ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“.

15 სექტემბერს შოტლანდიელი ამომრჩევლისადმი მიმართვაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, „გული ჩამწყდება“, შოტლანდია თუ კავშირის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებსო. ამასთან, კამერონის თქმით, თუ შოტლანდია კავშირს დატოვებს, ის გაერთიანებულ სამეფოს ვეღარ შეუერთდება.

გამოკითხვებმა, რომლებიც დამოუკიდებლობის მომხრეთა რიგების ზრდას აჩვენებს, ბრიტანეთის ლიდერებს თავსატეხი გაუჩინა. მათი მიმართვები დიდწილად წარმოადგენდა ემოციებისა და, კავშირში დარჩენის შემთხვევაში, შოტლანდიისთვის მეტი ავტონომიის მინიჭების პირობის ნაზავს.

კამერონმა 16 სექტემბერს ლიბერალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიების ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა პირობას, რომ, კავშირში დარჩენის შემთხვევაში, შოტლანდიის პარლამენტს უფლებამოსილება გაეზრდება გადასახადების, ხარჯებისა და სოციალური საკითხების სფეროებში.

ამასთან, კამერონის განცხადებით, გაგრძელდება ლონდონის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებაც.

თუმცა, როგორც იუწყებიან, დამოუკიდებლობის მომხრეებმა ამ დაპირებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს და ის კავშირის მომხრე კამპანიის სასოწარკვეთის ნიშნად აღიქვეს.

რეფერენდუმის შედეგი 19 სექტემბრის დილას გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG