Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიაში არა მარტო დამოუკიდებლობა, სტატუს-კვოც უარყვეს


შოტლანდიელებმა უარი თქვეს დიდი ბრიტანეთისაგან გამოყოფაზე. ეს არის დღის მთავარი ამბავი, რომლითაც დასრულდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის მრავალთვიანი ემოციური დისკუსიები და 18 სექტემბერს გამართული რეფერენდუმი: ამომრჩეველთა ნების მართლაც თავისუფლად გამოხატვა, ზეწოლის, იძულების გარეშე. ბოლო დღეების განმავლობაში შოტლანდიიდან რეპორტაჟებს გვაწვდის ჩვენი რადიოს სპეციალური კორესპონდენტი კეტლინ მური - თავადაც შოტლანდიელი. მას დღეს დავურეკე ედინბურგში და, როგორც მოსალოდნელი იყო კარგი ჟურნალისტისაგან, ვერ მივიღე საჯაროდ გასამხელი პასუხი - რის მომხრე იყო, შოტლანდიის დამოუკიდებლობის თუ ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის. სამაგიეროდ, კეტლინ მურმა ბევრი შთაბეჭდილება გამიზიარა, ზოგ პროგნოზთან ერთად.

გადმოწერა

კეტლინ მური: აქ ჩამოსვლა და რეფერენდუმის გაშუქება საოცარი გამოცდილება იყო. სათვალავი დავკარგე, იმდენ დისკუსიას მოვუსმინე - აღარ ვიცი, რამდენ ადამიანს დაველაპარაკე და რამდენი ადამიანის მოსაზრებას მოვკარი ყური. ყველა ამ რეფერენდუმზე ლაპარაკობს. დებატები ძალიან ინტენსიურია, ბევრი იჩენს აქტიურობას, რაც აისახა კიდეც რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობაზე - ელექტორატის თითქმის 85%-ით! საკუთრივ კენჭისყრას რაც შეეხება, საზოგადოებრივი აზრის წინასწარ გამოკითხვას თუ გავითვალისწინებთ, შედეგი საკმაოდ მოულოდნელია, რადგან, როგორც, ალბათ, იცით, დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა ბანაკი ლიდერობდა მთელი ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ამ ერთი თვის წინ მკვეთრად შემცირდა სხვაობა ორი ბანაკის მხარდამჭერთა რიცხვის მხრივ. დამოუკიდებლობის მომხრეთა ბანაკის მხარდაჭერა უცებ გაიზარდა - განსაკუთრებით, აგვისტოს მიწურულს ლიდერების მეორე დებატის შემდეგ, რომელშიც გამარჯვებულად მიიჩნიეს ალექს სალმონდი, შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი, დამოუკიდებლობის მომხრეთა კამპანიის ხელმძღვანელი. ერთ-ერთმა გამოკითხვამ ისიც კი აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის მომხრეები ლიდერობენ. და ამან, როგორც ჩანს, იმპულსი შესძინა მათ მოწინააღმდეგეებს. ბრიტანეთის წამყვანი პარტიის ლიდერები ლონდონიდან შოტლანდიას ეწვივნენ: ლეიბორისტების ლიდერი ედ მილიბენდი, პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ნიკ კლეგი. ამას გარდა, ბრიტანეთში დარჩენის მომხრეებმა კამპანიაში ჩართეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბრაუნი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართვით გამოვიდა, განსაკუთრებით რეფერენდუმის წინა დღეს - ეს იყო ერთიანობის მხარდამჭერი ძალიან ძლიერი, პოზიტიური ფაქტორი.

მარიამ ჭიაურელი: თქვენ ახლა საუბრობთ საოცარ განწყობაზე, ემოციურ გამოსვლებზე და ა.შ., მაგრამ ბოლოს მაინც სტატუს-კვო შენარჩუნდა. შოტლანდია რჩება დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ვიხილეთ „აურზაური არაფრის გამო“? თუ მნიშვნელოვანი იყო შოტლანდიისათვის, მომხდარიყო ფასეულობების გააზრება, გააზრება იმისა, თუ რა არის მნიშვნელოვანი ამ ხალხისათვის, როგორია ისტორიული მეხსიერება და ეკონომიკური ინტერესები.

კეტლინ მური: მნიშვნელოვანია ითქვას შემდეგი რამ: აქ თითქმის ყველა თანხმდება, რომ კი, უარი ითქვა დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ეს არ იყო სტატუს-კვოს მხარდაჭერა! პირველ რიგში, ბრიტანეთში დარჩენის მხარდამჭერი კამპანიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ცვლილებები მოხდება, პირობა დადეს, რომ იქნება კონკრეტული გეგმა, რომელზეც აქტიურად იმუშავებენ. დღეს, დილაუთენია, დევიდ კამერონმა გააკეთა განცხადება, რომ შეასრულებს ამ დაპირებას, რომ მომავალ თვემდე დაიწყებენ ამაზე მუშაობას, მოამზადებენ წინადადებებს. გეგმის მიხედვით, კანონპროექტი მომზადდება 25 იანვრამდე - ეს მნიშვნელოვანი თარიღია შოტლანდიისათვის, პოეტ რობერტ ბერნსის დაბადების დღე. მეტიც, კამერონი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ დროა ვიფიქროთ ცვლილებებზე მთელი გაერთიანებული სამეფოსათვის, ცვლილებებზე უფლებამოსილების განაწილების მხრივ. ასე რომ, საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მთელი გაერთიანებული სამეფოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიამ მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას, ეს არ ნიშნავს კენჭისყრას სტატუს-კვოს სასარგებლოდ.

მარიამ ჭიაურელი: ხალხი, ვინც მხარი არ დაუჭირა შოტლანდიის დამოუკიდებლობას... - როგორია მათ მიმართ დამოკიდებულება, ეს ხალხი ნაკლებ პატრიოტებად მიაჩნიათ? ან არ მიაჩნიათ პატრიოტებად?

კეტლინ მური: იცით, დამოუკიდებლობაზე უარის მომხრეთა კამპანიის ლიდერმა ალისტერ დარლინგმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: თავისი სიტყვა თქვეს იმათ, ვინც ჩუმად იყოო. მართლაც, ეს არის ის, რაც კამპანიის ბოლო ეტაპებზე გამოიკვეთა: დამოუკიდებლობის მომხრეები ემოციურები იყვნენ, ხმაურობდნენ, ძალიან აქტიურობდნენ სოციალურ მედიაში, ყველგან ჩანდნენ - აქაც, ედინბურგშიც, სადაც კენჭისყრა დამოუკიდებლობის უარყოფით დამთავრდა. ყველგან გაკრულია დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პლაკატები. დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები ნაკლებად ჩანდნენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც მე თვითონ მოვისმინე, იყო ის, რასაც დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები ჩემთან საუბრის დროს ამბობდნენ - რომ კი, ვარ ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრე, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე საჯაროდ ლაპარაკს, არ ვაპირებ ფანჯარაში ვაფრიალო პლაკატიო. ეს იმიტომ, რომ ზოგი ხედავდა გარკვეულ აგრესიას დამოუკიდებლობის მომხრეებისაგან. მართალია, რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ გარკვეული აგრესიის შეგრძნება ნამდვილად არსებობდა. ისიც მსმენია, რომ ხალხი შესაძლოა იმის გამო არიდებდა თავს ბრიტანეთში დარჩენის საჯაროდ მხარდაჭერას, რომ დიახ, მათ ზოგჯერ მართლაც ადანაშაულებდნენ, პატრიოტები არ ხართო. გორდონ ბრაუნმა, თავის ხედვაზე საუბრისას, ძალიან ძლიერი გამოსვლის დროს, რომელიც უკვე ვახსენე, ისიც თქვა, რომ შეგიძლია იყო შოტლანდიელი და ბრიტანელი... და, ბოლოს, იყო ასეთი ლოზუნგიც: „გიყვარდეს შოტლანდია, ხმას ნუ მისცემ დამოუკიდებლობას“.

მარიამ ჭიაურელი: ანუ არსებობდა ეს მოსაზრება, ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებისათვის - არ დაეტოვებინათ შთაბეჭდილება, რომ არ არიან პატრიოტები ... კეტლინ, თქვენ უთუოდ იცით, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა და იწვევს შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი. მაგრამ როგორ იყო საკუთრივ შოტლანდიაში - რეფერენდუმის მზადების დროს იჩენდნენ ინტერესს სხვა ქვეყნებში სეპარატიზმის პრობლემის მიმართ, იქნება ეს კატალონიის შემთხვევა თუ ვითარება ბელგიაში, საქართველოში. მსჯელობდნენ ამ თემებზე?

კეტლინ მური: უნდა გითხრათ, რომ მე არ მსმენია, ვინმეს ეხსენებინა სადმე სხვაგან არსებული სეპარატისტული მოძრაობები. მაგრამ ვიცი ის, რომ შოტლანდიელებს ძალიან კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ მთელი მსოფლიო მათ უყურებს. ბევრისაგან მსმენია - ღირსეულად უნდა მოვიქცეთ, მსოფლიოს შოტლანდიის ნამდვილი სახე უნდა ვაჩვენოთ, არ ვიყოთ უხეში, აგრესიული, მოძალადეო. ეს, მართლაც, არ ყოფილა პრობლემა, მაგრამ ბევრისაგან მსმენია, რომ სურდათ, კარგი იმიჯი ეჩვენებინათ მსოფლიოსათვის, რახან ასეთი დიდი ინტერესი ვლინდებოდა.

მარიამ ჭიაურელი: ვფიქრობ, ეს მიზანი - კარგი იმიჯის წარმოჩენა - მიღწეულია. დღეს დილით რამდენიმე სტატია წავიკითხე და საერთაშორისო პრესაში „დემოკრატიის ზეიმს“ უწოდებენ შოტლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმს. ასე რომ, რეაქციები ძალიან პოზიტიურია. როგორია განწყობა დღეს შოტლანდიაში - რეფერენდუმის შემდეგ: ხალხი ჯერ კიდევ ემოციურად არის განწყობილი, თუ მაინც არის რაღაც ცვლილება?

კეტლინ მური: ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ვითარება განიმუხტა, რაღაც შვება იგრძნობა. ცხადია, დამოუკიდებლობის მომხრეთა ბანაკში იმედგაცრუებულნი არიან - ისინი ყველგან ჩანდნენ, აქტიურობდნენ, ჯგუფებად დადიოდნენ, კარგად იყვნენ ორგანიზებული სოციალურ მედიაში. წუხელ შეძახილებმა გამაღვიძა, დილის ორ-სამ საათამდე ხმაურობდნენ. მაგრამ მერე უკვე სიჩუმე დადგა. ცხადია, დიდია იმედგაცრუება დამოუკიდებლობის მომხრეთა ბანაკში, კამპანიის აქტივისტებსა და ამომრჩევლებში. ისინი თითქმის აღარსად ჩანან. მაგრამ ხალხი, ვისაც დღეს გამოველაპარაკე, კმაყოფილი ჩანს. ყოველ შემთხვევაში, -დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები. ზოგი ამბობს, რომ კმაყოფილია, რომ დებატები გაგრძელდება, რომ პროცესი ძალიან პოზიტიური იყო. პოზიტიურად მიაჩნიათ ამომრჩევლის აქტიურობა: 85%! ასეთი რამ აქ არ ახსოვთ! გაერთიანებული სამეფოს ან შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებზე 50%-დან 60%-მდე თუ მიდის! ხალხი, მართლაც, საგანგებოდ მოემზადა, ინფორმაცია მოიპოვა ბევრ საკითხზე. ამ რეფერენდუმმა აშკარად შეცვალა შოტლანდია. მე ასე ვიტყოდი.

XS
SM
MD
LG