Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცი არსაიდან


სქრიმინ ჯეი ჰოკინსი
სქრიმინ ჯეი ჰოკინსი
I Put Spell On You ("მე შენ მოგაჯადოვე") ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა ამერიკული მუსიკის ისტორიაში. ქალ-ვაჟთა სიყვარულზე გახლავთ, შესაბამისად, სხვადასხვა დროს ყველა თავისებურად განიცდიდა. მაგალითად, "ქრიდენსებმა" ვუდსტოკის სცენაზე ვნება ცეცხლად აქციეს, ერიკ ბერდონმა ჩვეული ლირიულობით გააშიშვლა გრძნობები, ვან მორისონმა და ალან პრაისმაც გაამხილეს გულისნადები, ნატაშა ატლასმა კი მაღრიბულად მოუქცია და ლხინის, მხიარულებისა თუ ეროტიკული განცხრომის იმპულსებით გააჯერა. მოკლედ, კიდევ ბევრმა იმღერა, ვისაც არ დაეზარა - ჯვარი აქაურობას და, მერლინ მენსონმაც. თუმცა ყველაზე ცნობილი და სმენისთვის საამო ვერსია ნინა სიმოუნს ეკუთვნის.



ვერაფერს იტყვი, ნინას ისეთი მაგარი გამოუვიდა, რომ თავად სიმღერის ავტორი და ორიგინალური ვერსიის შემსრულებელიც ამოშალა მსმენელის მეხსიერებიდან. სქრიმინ ჯეი ჰოკინსს ვგულისხმობ, რომელიც მუსიკალურმა სამყარომ გუშინ მისი გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით გაიხსენა. "კაცი არსაიდან" - მეტწილად ამგვარად მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან მისი ცხოვრებისეული დეტალები ბურუსით გახლავთ მოცული. ისეთიც არავინ მოიძებნა, ბიოგრაფიული წიგნისთვის მოეცალა. ასე რომ, თუ რამის გაგება სურთ, მუსიკოსის იშვიათ ტექსტურ თუ ვიდეოინტერვიუებში იქექებიან. თუმცა ეს გზაც სახიფათოა, რადგან ყველაფრის უზომოდ გაბუქება და გადაჭარბება უყვარდა. შესაბამისად, ჯეის მოგონებები მინიმუმ 2-ზე ან 3-ზე უნდა გაყო, მეტნაკლები სიზუსტით რომ გაიგო, თუ რა მოხელე-ნაჩალნიკი ბრძანდებოდა. ჰოდა, რომ გავყოთ, ამგვარ სურათს მივიღებთ:

მამით არაბი ჯეი ინდიელთა რომელიღაც ტომმა აღზარდა. ჯეელობაში კრივმა გაიტაცა, ბევრ სახელოვან პროფესიონალს თავთხლე გაადენინა და ალიასკის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. თუ სიტყვაზე ვენდობით, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის
ქვეყანას მოვევლინე შავი, შიშველი და ამაზრზენი... ბევრი ვიწვალე, რამე შემეცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლე მოგზაურობა გამოდგა... ყოველთვის მსიამოვნებდა ბედნიერი ხალხის ნახვა, ამიტომ მთელი ცხოვრება ვცდილობდი მათთვის პრობლემები დამევიწყებინა, მეტი სიხარული მიმენიჭებინა... ამ ქვეყნიდან წავალ ასევე შავი, შიშველი და ამაზრზრენი, თუმცა კმაყოფილი და უზომოდ ბედნიერი...
სქრიმინ ჯეი ჰოკინსი

საიმპერატორო ჯარებმა ტყვედ აიყვანეს და თვეების მანძილზე აწამებდნენ. აი, პირად ცხოვრებაში კი სრული დომხალი უტრიალებდა: ოფიციალურად რვაჯერ იქორწინა და რვის მერე თავადაც აღარ დაუთვლია. იარებით სავსე სხეული ჰქონდა, რომელთა ნაწილი ზემოხსენებული იაპონელების, ნაწილი კი ერთ-ერთი ცოლისგან ღალატის გამო დარჩა სახსოვრად. ყველა კონტინენტზე საყვარლები ეგულებოდა და, როგორც თავად ამბობდა, სიცოცხლის ბოლომდე 55 შვილი შეეძინა ამერიკაში, ფილიპინებზე, ჰავაიზე, იაპონიასა თუ საფრანგეთში.

დიახ, ბევრი ქალი გაუმწარებია. მიტოვებულებს, ალბათ, დაუწყევლიათ კიდეც, შენი კუბო დავდგიო! საკუთარ კუბოს კი სცენაზე ნამდვილად დგამდა, იქიდან ამოხტებოდა ხოლმე „წიგროვი“ კოსტუმსა და წვეტიან თეთრ ფეხსაცმელებში გამოწყობილი. ცხვირს გარეული ღორის ეშვები „უმშვენებდა“, თვალებს გადმოკარკლავდა, კანიბალივით გადაიხარხარებდა და ისეთი ძლიერი ხმით ამღერდებოდა, ძარღვებში სისხლს უყინავდა მსმენელს. ერთი შეხედვით, აბსოლუტურ ფსიქოპატთან გვაქვს საქმე, რომლის სცენურ გამოხტომებთან შედარებით, თანამედროვე ე.წ. „შოკ-როკული“ ეპატაჟურობა, ბავშვური ცანცარია და მეტი არაფერი. დაუჯერებელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ბალადა „I Put Spell On You“ სწორედ ამ მამალმა გიჟმა შექმნა და არა ვინმე "პლეი-ბოი" მომღერალმა, დღეს რომ წვიმაზე, მონატრებასა და გათენებულ ღამეებზე გაუთავებლად ოხრავენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 1956 წლის ერთ მშვენიერ დღეს პატარა ჩამწერ სტუდიაში უამრავი სასმელი მიიტანეს. ყველა უგონოდ დათვრა, მუსიკოსების, ხმის რეჟისორისა და პროდიუსერის ჩათვლით. ჯეი კი 100 პროცენტიან სპირტს სვამდა, ვისკის აყოლებდა და, მორიგი სიყვარულით მთვრალი, მამაკაცური ვნების ჰიმნს ქმნიდა.



27 წლის ასაკში ჩაწერილმა ამ ბალადამ ცხოვრების ბოლომდე უმდიდრეს ადამიანად აქცია, თუმცა „მოაჯადოვა, გათვალა“ და ერთგვარი სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა. შემდეგი 43 წლის განმავლობაში ჯეი შემოქმედებითი მწვერვალიდან ნელ-ნელა ეშვებოდა, რადგან კონცერტებზე ხალხს მხოლოდ ამ სიმღერის მოსმენა სურდა და სხვა არაფერი აინტერესებდა. ბევრი მასში მხოლოდ მასხარას ხედავდა, სერიოზულად არ აღიქვამდა და ჯოკერის ნიღბის მიღმა ვერ ამჩნევდა უნიჭიერეს მუსიკოსს, ტრაგიკულ და მარტოსულ ადამიანს.



ცხოვრების ბოლო წლები პარიზის მახლობლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სადაც ბევრი კი იწვალეს დიაგნოზის დასასმელად, მაგრამ მის სულიერ სევდასა თუ ტკივილს მაინც ვერაფერი გაუგეს. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ბოლო ინტერვიუ მისცა და აუხდენელ ოცნებებზე ისაუბრა, როგორ უნდოდა გამხდარიყო საოპერო მომღერალი, როგორ სურდა შეესრულებინა ფიგაროს პარტია ან თუნდაც „ავე მარია“. თავისი სიკვდილის დღეც ზუსტად იწინასწარმეტყველა (2000 წლის 12 თებერვალი) და ცრემლიანი თვალებით ასე დაემშვიდობა სამყაროს:

“ქვეყანას მოვევლინე შავი, შიშველი და ამაზრზენი... ბევრი ვიწვალე, რამე შემეცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლე მოგზაურობა გამოდგა... ყოველთვის მსიამოვნებდა ბედნიერი ხალხის ნახვა, ამიტომ მთელი ცხოვრება ვცდილობდი მათთვის პრობლემები დამევიწყებინა, მეტი სიხარული მიმენიჭებინა... ამ ქვეყნიდან წავალ ასევე შავი, შიშველი და ამაზრზრენი, თუმცა კმაყოფილი და უზომოდ ბედნიერი...“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG