Accessibility links

logo-print
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ურჩევს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, თუკი პირველ ტურში ვერ მიიღებს გამარჯვებისათვის საჭირო ხმათა 50 პროცენტზე მეტს, თუმცა ბიძინა ივანიშვილი იქვე დასძენს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების ალბათობა ძალიან დაბალია. რას ცვლის პრემიერ-მინისტრის ეს მოწოდება საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისთვის და როგორ ჩატარდება მეორე ტური, თუკი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი უარს იტყვის მასში მონაწილეობაზე?

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მეორე ტურის საჭიროება იმის მანიშნებელი იქნება, რომ საზოგადოებას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის შესაძლებლობებში, რაც, თავის მხრივ, ივანიშვილის აზრით, აღებული ვალდებულებებისგან გათავისუფლების წინა პირობას ქმნის:

„ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ მივიღებდი მონაწილეობას მეორე ტურში. თუ ამომრჩეველი საეჭვოდ მიიჩნევს იმას, რასაც მე ვაკეთებ, არ უნდა მიიღოს მეორე ტურში გიორგიმ მონაწილეობა. თუმცა მისი გადასაწყვეტია და არ არის გიორგი ის კაცი, რომელსაც შეიძლება რამე თავზე მოახვიო. გიორგის შეუძლია მხოლოდ საღი აზრის გაზიარება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მეორე ტური! 60 პროცენტზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგიმ, ჩემთვის ესეც შეურაცხმყოფელი იქნება“.

ბიძინა ივანიშვილმა, მეორე ტურის გამოსარიცხად, საზოგადოებასა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა:

„მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მხარს გვიჭერს და ვისაც ჩვენი ესმის, მოვიდნენ არჩევნებზე აუცილებლად. თქვენი არმოსვლით, ჩვენი ოპონენტების პროცენტები გაიზრდება და შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი - ისეთი, რომელიც თქვენც რომ გულს გატკენთ და გათქმევინებთ, ნუთუ ამდენი ხალხი უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობასო“. 70%-ის პოტენციალი გვაქვს, მაგრამ აქედან რეალურია, რომ მივიღოთ 65%“.

თითქმის არაფერი არ შეცვლილა. წინასწარი მონაცემებით, პატარა ვარდნა აქვთ „ნაციონალებს“, ანუ ბურჯანაძესა და ბაქრაძეს შორის შეიძლება რამე შეიცვალოს. მარგველაშვილს რამდენჯერმე - ოთხჯერ, ხუთჯერ - მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატს...
ბიძინა ივანიშვილმა ეს პროცენტული მონაცემები იმ კვლევაზე დაყრდნობით დაასახელა, რომელიც ცოტა ხნის წინ საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელმა ზურაბ ბიგვავამ გამოაქვეყნა. კვლევის პირველი ორი ეტაპის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი პირველ ტურში დამაჯერებლად უგებს კონკურენტებს. ზურაბ ბიგვავას თქმით, 20 ოქტომბერს გამოქვეყნდება კვლევის მესამე ეტაპის შედეგები.

„თითქმის არაფერი არ შეცვლილა. წინასწარი მონაცემებით, პატარა ვარდნა აქვთ „ნაციონალებს“, ანუ ბურჯანაძესა და ბაქრაძეს შორის შეიძლება რამე შეიცვალოს. მარგველაშვილს რამდენჯერმე - ოთხჯერ, ხუთჯერ - მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, წარმოუდგენელია 50%-ზე ნაკლები აიღოს მარგველაშვილმა“, უთხრა ზურაბ ბიგვავამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა სულ სხვაგვარი დასკვნის საშუალებას იძლევა საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა 39, ხოლო დავით ბაქრაძეს 18 პროცენტი. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ორ მიზანს ემსახურება: გააქტიურდეს როგორც კოალიციის მხარდამჭერი ამომრჩეველი, ასევე თავად გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც, სოსო გალუმაშვილის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე.

„ერთია პრემიერ-მინისტრის სურვილები და მეორე - რეალობა. ჩემი აზრით, იქნება უზარმაზარი შეცდომა, რომ არ მიიღოს მარგველაშვილმა მეორე ტურში მონაწილეობა, რადგანაც მეორე ტური იქნება თუ არა, ეს არ ცვლის საბოლოო შედეგს. ჯერჯერობით არ არსებობს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც უახლოვდება თუნდაც 20%-ით კოალიციის კანდიდატს“, უთხრა სოსო გალუმაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეს ციფრი ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ კონკრეტული შეკვეთა და კონკრეტული მიზანი, თუ რა უნდა იყოს არჩევნების შედეგი და, როდესაც არსებობს ასეთი კონკრეტული მიზანი, ყოველთვის იზრდება გაყალბებისა და ზეწოლის ალბათობა...
ბიძინა ივანიშვილმა კი ისიც თქვა, რომ მეორე ტურზე უარის თქმის შემთხვევაში, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება დავით ბაქრაძესა და ნინო ბურჯანაძეს შორის მოუწევს, თუმცა, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განმარტა, მესამე ადგილზე გასული კანდიდატი მეორე ტურში ვერანაირად ვერ მოხვდება:

„ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატიდან თუ ორივემ უარი თქვა, მაშინ ხელახალი არჩევნები გაიმართება. სხვა შემთხვევაში, თუკი ერთი მაინც დარჩა მეორე ტურში, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ გაიმართოს არჩევნები. მეორე ტურში გამარჯვებისათვის არანაირი დადგენილი ზღვარი და პროცენტულობა არ სჭირდება. მიიღებს ხმებს და გაიმარჯვებს“.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ პოლიტიკური ოპონენტებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე შიშობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მაღალი მაჩვენებლის კატეგორიულ ტონში მოთხოვნა გაყალბების წინა პირობას ქმნის:

„ეს ციფრი ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ კონკრეტული შეკვეთა და კონკრეტული მიზანი, თუ რა უნდა იყოს არჩევნების შედეგი და, როდესაც არსებობს ასეთი კონკრეტული მიზანი, ყოველთვის იზრდება გაყალბებისა და ზეწოლის ალბათობა. ამიტომ არჩევნების წინ ოფიციალური პირისა და მთავრობის მეთაურის მხრიდან ასეთი რიცხვებისა და მიზნების დასახელება არასწორად და საშიშად მიმაჩნია“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გიორგი მარგველაშვილისთვის მიცემული რჩევა სერიოზულ პრობლემებს უქმნის საარჩევნო პროცესს. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ეს განცხადება ასევე შეიძლება აღქმული იქნეს როგორც ამომრჩეველზე ზეწოლა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გამორიცხა თავად გიორგი მარგველაშვილმაც და დასძინა, რომ ”ასეთი საოცრების შემთხვევაში” მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა.

"ეს არჩევნები გაგრძელდება იმით, რომ ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა გასულ წელს, ხმას მისცემს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მე, როგორც მის საპრეზიდენტო კანდიდატს. პირველ ტურში ეს დასრულდება, მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია. მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა მარგველაშვილმა.
XS
SM
MD
LG