Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს გაუჩინარებული გოგოები“


გამოკვლევის პრეზენტაცია
გამოკვლევის პრეზენტაცია

„გენდერული ნიშნით სქესთა შერჩევა საქართველოში“ - ასეთი სახელწოდების გამოკვლევის პრეზენტაცია მოეწყო თბილისში, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით. სისტემური კვლევის თანახმად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, შერჩევითი აბორტის გამო, 25 ათასი გოგოა „გამქრალი“. კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა, მკვლევრებმა ახსნეს ის მიზეზები, თუ რატომ ანიჭებენ ოჯახები ვაჟის ყოლას უპირატესობას და რა გავლენა აქვს სქესის ნიშნით სელექციურ აბორტს დემოგრაფულ მდგომარეობაზე.

„ქართულ საზოგადოებაში ფარული უპირატესობა ყოველთვის ვაჟებს ენიჭებოდა, რაც ძირითადად განპირობებულია მამაკაცი მემკვიდრის საჭიროებით“, ნათქვამია ფრანგი დემოგრაფის კრისტოფ გილმოტოს მიერ მომზადებულ გამოკვლევაში, რომლის პრეზენტაციაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამართა. „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ - ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაციისას კრისტოფ გილმოტომ აღნიშნა, რომ საქართველოში სელექციურ აბორტებს ძირთადად სამი მიზეზი განაპირობებს: საზოგადოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, შობადობის კლება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, და რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა:

„არის ქვეყნები, სადაც მივდივარ ჩემი კვლევების წარსადგენად და პრეზენტაციის ბოლოს ხალხს არც კი ესმის, რაზე ვლაპარაკობ. ისინი მეკითხებიან, რატომ სჭირდება ვიღაცას აუცილებლად ვაჟი ჰყავდეს? რაში სჭირდებათ ეს? და მე მიწევს გავიმეორო, რა როლი ეკისრება ვაჟის ყოლას კონკრეტულ კულტურებში. თუმცა, ვინც ამის მიღმაა, მათთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამაა. პატრიარქალურ კულტურებში კი, პირიქით, სრულიად ბუნებრივია და კითხვაც კი არ ისმის, რატომ არის აუცილებელი ვაჟის ყოლა. ეს არის ტენდენცია, რომელსაც ნახავთ აქ, სქართველოში, ალბანეთში, ვიეტნამში, ჩრდილოეთ ინდოეთში და სხვა ბევრ ადგილას“.

ლელა ბაქრაძე
ლელა ბაქრაძე

ეს არის გენდერული ნიშნით სქესის სელექციის თაობაზე საქართველოში ჩატარებული პირველი კვლევა, რომელიც ევროსაბჭოსა და გაეროს საბჭოთაშორის რეზოლუციას პასუხობს. ევროსაბჭომ 2011 წელს საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც სქესთა შორის თანაფარდობა გენდერული ნიშნით შემაშფოთებელ ნიშნულს აღწევს, ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე:

„ძალიან დამაფიქრებელია ამ ფენომენის გავლენა დემოგრაფიულ სიტუაციაზე, ვინაიდან, პროფესორ გილმოტოს გამოთვლებით, 2010 წლისთვის 25 ათასი 0-დან 19 წლამდე გოგონა არ დაბადებულა საქართველოში. და თუ ეს ტენდენცია, ანუ გენდერის ნიშნით სქესის სელექცია, ამ დონეზე შენარჩუნდა, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2050 წლისათვის ქალთა პოპულაციის 4-% არ იქნება დაბადებული, ვინც უნდა დაბადებულიყო, და ამას უზარმაზარი გავლენა აქვს დემოგრაფიულ სიტუაციაზე, ვინაიდან კიდევ უფრო დაეცემა შობადობა, როცა ქალთა პოპულაცია იქნება კიდევ უფრო ნაკლები“.

ე.წ. სელექციური აბორტი არის დისკრიმინაციის ძალიან უხეში გამოვლინება, ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობახიძე. მისი თქმით, ამგვარი დამოკიდებულების შესაცვლელად ძალიან მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელება და სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები:

„სამწუხაროდ, არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ნამდვილი შვილი არის ვაჟიშვილი. სქესის შერჩევას ახდენს მშობელი და, ალბათ, მათთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება იმისთვის, რომ დამოკიდებულებები შეიცვალოს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის დაგეგმვა და, რა თქმა უნდა, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა - ეს მიდგომებია საჭირო“.

გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახების 46% უპირატესობას ბიჭს მიანიჭებდა, 9% კი - გოგოს. პარტნიორებსა და მეუღლესთან მცხოვრები ქალების 9% ამბობს, რომ აბორტი გაუკეთებია სქესის შერჩევის მიზნით. მსოფლიოს ბუნებრივი სტატისტიკის თანახმად, სქესთა თანაფარდობის მაჩვენებლის ნორმა შეადგენს 105 ბიჭზე 100 გოგოს. საქართველოში, 2008-2012 წლების მიხედვით, თანაფარდობაა: 112 ბიჭი - 100 გოგო.

ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება არ მისულა კრიტიკულ ზღვრამდე. საქართველო, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ინარჩუნებს სქესთა თანაფარდობის ბუნებრივთან მიახლოებულ ფარგლებს, როდესაც ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე იბადება 105 ბიჭი...
იაგო კაჭკაჭიშვილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, ქვეყანაში პრევენციული და მიმდინარე ღონისძიებები ტარდება. ყოველ მესამე ბავშვზე ოჯახს 2 წლის განმავლობაში ეძლევა 150-ლარიანი დახმარება, მაღალმთიან რეგიონებში კი 200 ლარია დახმარება და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებით, მართალია, მინისტრის ბრძანებაში არის ჩანაწერი, რომ აკრძალულია სქესით განპირობებული აბორტი, მაგრამ ამას უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს.

კონფერენციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აბორტის ან სელექციური აბორტის აკრძალვის პრაქტიკას არც ერთ ქვეყანაში დადებითი ეფექტი არ ჰქონია. მსოფლიო ბანკის უფროსი ეკომონომისტის, კვლევის თანაავტორის ნიშთა სინჰას სიტყვებით, შედეგი მოაქვს სამი მთავარი კომპონენტის ერთობლიობას: გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას, მედიაკამპანიებს და სკოლებში რეპროდუქციულ განათლებას.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, საქართველოში სქესთა თანაფარდობის ბალანსი ჯერ კრიტიკულ ზღვრამდე არ მისულა და ეს კარგია:

„ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება არ მისულა კრიტიკულ ზღვრამდე. საქართველო, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ინარჩუნებს სქესთა თანაფარდობის ბუნებრივთან მიახლოებულ ფარგლებს, როდესაც ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე იბადება 105 ბიჭი. იყო გარკვეული გამონაკლისები, მაგრამ დიდი დისბალანსი, ამ თვალსაზრისით, არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ, რასაკვირველია, ვართ ტრადიციული საზოგადოება, მაგრამ არ ვართ უიმედო საზოგადოება, გენდერული თანასწორობის პერსპექტივის თვალსაზრისით“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG