Accessibility links

logo-print

უმძღოლო მანქანები - ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია?


"ლექსუსის" თვითმართვადი ავტომანქანა ლას-ვეგასის წლევანდელ ავტოგამოფენაზე

"ლექსუსის" თვითმართვადი ავტომანქანა ლას-ვეგასის წლევანდელ ავტოგამოფენაზე

თვითმართვადი ავტომანქანების შექმნით საავტომობილო მრეწველობამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა. ასეთი მანქანები ნამდვილ გარდატეხას მოასწავებენ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე საავტომობილო წარმოების სფეროში. მაგრამ ექსპერტების თქმით, უმძღოლო მანქანების ფართო მოხმარებას ჯერჯერობით სხვადასხვა ტექნოლოგიური, ორგანიზაციული თუ კულტურული მიზეზი აფერხებს.

წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში დგახართ და სასწრაფოდ გჭირდებათ შინ წასვლა. სატელეფონო აპლიკაციაში ჩაწერთ თქვენს მისამართს, იმავე წამს გაჩნდება მანქანა, რომელიც ტაქსის მაგივრობას გაგიწევთ და უმალ მიგაბრძანებთ საჭირო მისამართზე. ოღონდ, ჩვეულებრივი ტაქსისგან განსხვავებით, მანქანა თვითმართვადი იქნება...

საავტომობილო მრეწველობის ჩქარი ტემპით განვითარება ამ თითქოსდა სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ამბის სინამდვილედ ქცევას გვპირდება, თანაც უახლოეს მომავალში. უმძღოლო მანქანების წარმოება საფუძვლიან ცვლილებებს გულისხმობს: ურბანული დაგეგმარების გარდაქმნას, დროისა და საწვავის დაზოგვას, საგზაო შემთხვევების ანუ ავარიებისა და ხერგილების თავიდან აცილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შედარებით იოლ გადაადგილებას და ა.შ.

მანქანის მართვის, აჩქარებისა და მუხრუჭის კომპიუტერიზებული კონტროლი შესაძლებელი გახდა უკვე არსებული ისეთი სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა, მაგალითად, მანქანების ავტომატური დაშორიშორება, სადგომზე გაჩერების მექანიზმი და სანავიგაციო პროგრამა. იმისთვის, რომ მანქანამ უმძღოლოდ შეძლოს მოძრაობა, სამივე ეს მექანიზმი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით უნდა გაერთიანდეს. შემდეგ აუცილებელია ავტომობილის დამატებითი აღჭურვა სხვადასხვა ტექნიკით, როგორიცაა მაგალითად, კამერა და რადიოსალოკაციო საშუალებები. ამ ტექნიკასა და კომპიუტერულ პროგრამას შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლის შედეგად, ავტომანქანას შეუძლია სრულფასოვნად იმოძრაოს ქუჩაში და „დაინახოს“ როგორც ფეხით მოსიარულეები, ისე შუქნიშნები. მაგრამ ავტომობილის სრული უსაფრთხოებისთვის, მას უნდა შეეძლოს „კავშირის დამყარება“ მის გარშემო არსებულ სხვა სატრანსპორტო საშუალებებთანაც.

მიჩიგანის შტატის ქალაქ ან არბორის საავტომობილო კვლევის ცენტრის სატრანსპორტო სისტემების ექსპერტი, რიჩარდ უოლესი, თვითმართვადი მანქანების საფრთხეებზე საუბრობს: „მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში რადიოსალოკაციო თუ ოპტიკური საშუალებები გზის გადაკვეთებზე ეფექტიანად ვერ მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობას ზღუდავს შენობა ან გადაკვეთის სხვა წერტილები, რადიოსალოკაციო საშუალება ვერ ახერხებს შენკენ მომავალი მანქანების იდენტიფიცირებას და ავარია გარდაუვალია.“
"გუგლის" უმძღოლო ავტომანქანა უსინათლოთათვის

"გუგლის" უმძღოლო ავტომანქანა უსინათლოთათვის


მართალია, „გუგლის“ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მანქანებმა უმძღოლოდ ყველანაირი ინციდენტის გარეშე დაფარეს 700 ათასამდე კილომეტრი, მაგრამ ექსპერტების თქმით, ფართო მოხმარების თვითმართვადი მანქანების წარმოებას ჯერ კიდევ ათი წელი დასჭირდება. უმძღოლო ავტომობილების ფართოდ გავრცელება შეცვლის, არა მარტო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ თვით მანქანების მწარმოებელი თუ სადაზღვეო კომპანიების საქმიანობასაც.

კოლორადოს შტატის და ვინჩის ინსტიტუტის დირექტორი, თომას ფრაი ფიქრობს, რომ თვითმართვადი მანქანების წარმოება ისეთივე რევოლუციური ხასიათის იქნება, როგორც ერთ დროს პირველი ავტომანქანების წარმოება იყო: „წარმოიდგინეთ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ საკუთარი ავტომობილის ქონა. თვითმართვადი მანქანა ტაქსის როლს შეასრულებს, თუმცა მძღოლისთვის საფასურის გადახდაც აღარ მოგიწევთ. საკმარისი იქნება მხოლოდ სატელეფონო აპლიკაციაში თქვენი მისამრთის ჩაწერა. მთავარი ცვლილება ის იქნება, რომ, კერძო მანქანების მოხმარებისგან განსხვავებით, ეს მანქანები რეალური საჭიროების დროს იქნება გამოყენებული.“

ახალი ტექნოლოგიის მოხმარების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანია, ასევე, კანონმდებლობის საკითხი. თვითმართვადი ავტომობილების გამოყენება ჯერჯერობით ამერიკის მხოლოდ სამ შტატშია ნებადართული. თუმცა აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო მათს გამოყენებას მომხმარებელს მხოლოდ გამოსაცდელად ურჩევს, რადგან უსაფრთხოების საკითხი კვლავინდებურად ეჭვქვეშ დგას.

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG