Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურჩი ყირიმელი ბლოგერის თავგადასავალი


ელიზავეტა ბოგუტსკაია
ელიზავეტა ბოგუტსკაია

ამ რამდენიმე დღის წინათ სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა პოპულარულმა ყირიმელმა ბლოგერმა ელიზავეტა ბოგუტსკაიამ, რომლის ბინაში მომდინარე კვირის დასაწყისში ჩხრეკა ჩაატარეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. ბოგუტსკაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, ნახევარკუნძულზე სისტემატურად ირღვევა ადამიანის ელემენტარული უფლებები.

მარტიდან მოყოლებული, როცა კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ელიზავეტა ბოგუტსკაია თვითგამოცხადებული ხელისუფლების მკაცრ და პირუთვნელ კრიტიკოსთა შორისაა. მიუხედავად ნახევარკუნძულის ახალ მესვეურთა არაერთი ცდისა, გაეჩუმებინათ ურჩი ბლოგერი, ბოგუტსკაია ინტენსიურად იყენებდა თავის ფეისბუკის ანგარიშს იმის საჩვენებლად, რომ, რაც დრო გადის, ყირიმში სულ უფრო მეტად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

„ყირიმი ახლა დიდი ციხეა, – უთხრა ოდესაში გაქცეულმა ბლოგერმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს მარკ კრუტოვს. – თუმცა ეს მხოლოდ ცოტა ვინმეს თუ ესმის. ბევრს ჰგონია, რომ რუსების შემოსვლით თავისუფლება მოვიპოვეთ. მათ ჯერ ვერ გაუგიათ, რომ ეს ‘თავისუფლება’ ყოველ ჩვენგანს ძვირად დაუჯდება“.

ყირიმის დე ფაქტო ლიდერები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა სრულ კონტროლს დაუქვემდებარონ ადგილობრივი მედია, მაგრამ, როგორც ბოგუტსკაიას მაგალითიც მეტყველებს, ყველას გაჩუმებას მაინც ვერ ახერხებენ. ფეისბუკზე მას 20 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და გარდა ამისა, ის ხშირად აძლევს ინტერვიუებს უკრაინის რადიოსადგურებსა და ტელეარხებს. ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს უკრაინის ეროვნული ორნამენტებითა და სახელმწიფო სიმბოლოებით დამშვენებული მისი ავტომანქანის ფოტოსურათებიც.

როგორც ბოგუტსკაიამ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, 8 სექტემბერს მისი ბინა გაჩხრიკეს. წინა დღეს ახალგაზრდა ბლოგერმა გამოაქვეყნა თავისი მორიგი ტექსტი, რომელშიც რუსეთის უშიშროების სამსახური ყირიმელების მანიპულირებაში დაადანაშაულა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მალე, შესაძლოა, ყირიმზეც გავრცელდეს.

ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, დილის ხუთ საათამდე ვერ დავიძინეო, დაწერა მოგვიანებით ელიზავეტამ თავის ფეისბუკის გვერდზე. წინათგრძნობამ ბოგუტსკაიას არ უმტყუნა. ექვსის ნახევარზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მისი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ და თან, ალბათ მასპინძლის დასაშინებლად, რამდენიმეჯერ გაისროლეს პისტოლეტით. მერე ჩხრეკა დაიწყეს. როგორც ბოგუტსკაია ამბობს, ეძებდნენ იარაღს, ნარკოტიკებსა და ექსტრემისტულ ლიტერატურას. ჩხრეკისას კონფისკაცია უყვეს ბოგუტსკაიას კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს, ავტომანქანის სანავიგაციო სისტემასა და საკომპიუტერო მეხსიერების ბარათებს.

„მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ, ჩემთვის, როგორც მოწმისთვის, აღჭურვილობა ჩამოერთმიათ. მე არც ეჭვმიტანილი ვარ და არც ბრალდებული“, – უთხრა ელიზავეტა ბოგუტსკაიამ რადიო თავისუფლებას.

ბინის გაჩხრეკის შემდეგ ბლოგერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლის უწყებაში წაიყვანეს და სამსაათიანი დაკითხვა მოუწყვეს. ბოგუტსკაიას უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ, შესაძლოა, აღძრულ იქნეს საქმე ექსტრემისტული საქმიანობისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლებით. ბოლოს ის შინ გაუშვეს.

„ზუსტად ორი საათის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი. რადგან მათ ახლა კი გამიშვეს, მაგრამ მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ჩემთვის ჩამორთმეულ მასალას ნახავდნენ, დაასკვნიდნენ, რომ ისინი შეიცავს ჩემი ექსტრემისტული საქმიანობის დამადასტურებელ საბუთებს, ტერორისტობასაც დამაბრალებდნენ და დამაპატიმრებდნენ, როგორც ექსტრემისტს“.

ელიზავეტამ სასწრაფოდ შეიძინა ახალი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ჩემოდანი ჩაალაგა და იმავე ღამეს დატოვა ყირიმის ტერიტორია. ახლა ის ოდესაშია. და მიუხედავად იმისა, რომ ქმარ-შვილი ჯერაც ყირიმში ჰყავს, არ იცის, როდის მოახერხებს დაბრუნებას.

„გადავწყვიტე, რომ ჯობია ილაპარაკო და თავისუფლად ცხოვრობდე, ვიდრე ჩუმად იყო და ციხეში იჯდე“, ამბობს ყირიმელი ბლოგერი.

XS
SM
MD
LG