Accessibility links

logo-print

რატომ იტბორება სენაკის ნაწილი წვიმის დროს?


წყალდიდობის შედეგები სენაკში, 2013 წლის 1 აგვისტო

წყალდიდობის შედეგები სენაკში, 2013 წლის 1 აგვისტო

კოკისპირულმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტი ერთ თვეში მეორედ დააზარალა. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოებისა და სახლების დატბორვა ამჯერადაც 50 წლის წინ დამონტაჟებულმა და მწყობრიდან გამოსულმა წყლის ცენტრალურმა მილებმა გამოიწვია, რომლებმაც ვერ გაატარეს ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი. მოსახლეობა დახმარებას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს.

დაზარალებულთა შორის არიან ისეთი მოქალაქეები, რომლთა სახლებიც უკვე მეორედ დაიტბორა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მარინა კვარაცხელია. მისი ოჯახი სენაკში, შონიას ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც ახლოს პატარა მდინარე ფიცუ მიედინება. მარინა კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მდინარის კალაპოტში წინა სტიქიის დროს ნაგავი ჩაიხერგა, რამაც წყლის დინება შეაფერხა. ცოტა ხანში მდინარე გადმოვიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა:

„წინა წვიმამ მთლიანად მდინარის კედელი მოანგრია. ეს ამოდენა კედელი იქ დევს, მაგას ამოთხრა და ხალხის მუშაობა უნდა, ისე ეს არ გაკეთდება. გეფიცებით, ყოველღამე მეშინია, პატარა წვიმამაც შეიძლება უკვე ჩემი სახლი დატბოროს. წინა და ახლანდელი სტიქიის დროს ყველაფერი, რაც პირველ სართულზე მქონდა, გამიფუჭდა: ახალი რემონტი, ავეჯი, ტექნიკა...“, - ამბობს მარინა კვარაცხელია, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსური კომპენსაციის მიღების მოლოდინშია.

საცხოვრებელი სახლები დაზიანდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. კონკრეტულად რამდენი სოფელია დაზარალებული, ადგილობრივ გამგეობაში უჭირთ თქმა, ვინაიდან ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სოფელ ზანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის უფროსმა ნუგზარ შურღაიამ გვითხრა, რომ მისი ძველი სახლის სახურავის ნაწილი უხვმა ნალექმა ჩამოშალა:

„სახურავის ერთი მხარე საერთოდ არ არის და წყალი ჩამოდის. სახლში 9 შვილიშვილი მყავს, სულ ორი ოთახი მაქვს და დახმარებას ვითხოვ“.

რაც მოხდა, ის არაფერი არ მოხდებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას რომ გამოეჩინა კეთილი ნება და წინა წყალდიდობის დროს ჩამოტანილი ნაგავი და ღორღი ამოეწმინდათ...
ნუგზარ შურღაიას თქმით, მან დახმარებისთვის უკვე მიმართა ადგილობრივ მთავრობას და ახლა მათგან რეაგირებას ელოდება.

ინგა ქარდავა, წარმომადგენელი სენაკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ქალთა კავშირი - ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“, მიიჩნევს, რომ სტიქიის განმეორებისას სახლების კვლავ დატბორვა ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია:

„რაც მოხდა, ის არაფერი არ მოხდებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას რომ გამოეჩინა კეთილი ნება და წინა წყალდიდობის დროს ჩამოტანილი ნაგავი და ღორღი ამოეწმინდათ. კედლები რომ გაეწმინდათ, ის წყალი აქეთ არ გადმოვიდოდა“.

ინგა ქარდავამ რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადა, რომ, დაპირების მიუხედავად, მოსახლეობას 29 ივლისის სტიქიის შემდგომ არანაირი დახმარება არ მიუღია:

„წითელმა ჯვარმა დაარიგა ლეიბები, საბნები, ზეთი, შაქარი და სარეცხი საშუალება. გამგეობიდან ხალხს არანაირი დახმარება არ მიუღია“.

ამ ორმოცდაათი ოჯახიდან 25-30 ისეთია, ვინც წინა სტიქიის დროსაც დაზარალდა. მაშინ ოჯახები სამ კატეგორიად დაიყო: რთულ, ნაკლებად რთულ და მცირე ზიანის მქონედ...
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა დგებუაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მოსახლეობა ფულად კომპენსაციას მიიღებს მას შემდეგ, რაც სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დადგინდება. მისი ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ინფრასტრუქტურული ზიანი 330 ათას ლარზე მეტია. რაც შეეხება კერძო სექტორს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქალაქში 50-მდე სახლია დატბორილი:

„ამ ორმოცდაათი ოჯახიდან 25-30 ისეთია, ვინც წინა სტიქიის დროსაც დაზარალდა. მაშინ ოჯახები სამ კატეგორიად დაიყო: რთულ, ნაკლებად რთულ და მცირე ზიანის მქონედ. მთავრობას აქვს გეგმა, რომ კომპენსაცია სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით გასცეს. თანხა გადმოირიცხა და ამ დღეებში ველოდებოდით, მაგრამ თანხის ჩამორიცხვა შეჩერდა, რადგან ახლა ამ ზარალსაც დავამატებთ და ერთად მოხდება ზარალის ანაზღაურება“.

გოჩა დგებუაძის განცხადებით, ზარალის დათვლას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან არის მოქალაქეთა ისეთი კატეგორია, რომელიც წყალდიდეობის შედეგად არ დაზარალებულა და ფულად კომპენსაციას პირადი პრობლემების მოგვარების მიზნით ითხოვს.

რაც შეეხება მდინარეების კალაპოტისა და წყლის ცენტრალური მილების ამოწმენდის საკითხს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა სამინისტრომ გამგეობას უკვე გადმოურიცხა, აუცილებელია მშენებლობის დაპროექტება და ყველა დეტალის გათვლა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

მიმდინარე წელს პირველი წყალდიდობა სენაკში 29 ივლისს მოხდა. გამგეობის ცნობით, მაშინ სტიქიამ მუნიციპალიტეტს მილიონ ოთხას თერთმეტი ათასი ლარის ზიანი მიაყენა. ჯერჯერობით უცნობია 1 სექტემბრის სტიქიის შედეგები.
XS
SM
MD
LG