Accessibility links

logo-print

სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ


სენაკი

სენაკი

არასამთავრობო ორგანიზაციები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გოჩა დგებუაძეს კანონდარღვევაში - კერძოდ, ნეპოტიზმში - ადანაშაულებენ.

სენაკში მოქმედი ორგანიზაცია „ქალთა კავშირის“ თავმჯდომარის ინგა ქარდავას მტკიცებით, გოჩა დგებუაძემ, რომელიც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გასული წლის 9 ივლისს დაინიშნა, გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მეუღლე, ლალი ნადარაია, უკონკურსოდ, კანონის გვერდის ავლით დაასაქმა.

„მე ვეკითხები სენაკის გამგებელს, რა პრიორიტეტით დაინიშნა მისი მეუღლე? ჩემთვის ცნობილია, რომ სენაკის გამგეობაში ათასობით განცხადებაა შესული დასაქმებასთან დაკავშირებით. მსგავსი რამ „ნაციონალების“ დროსაც არ გაკეთებულა სენაკში“, - განაცხადა ინგა ქარდავამ.

გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში ცოლის დანიშვნის ფაქტს არ უარყოფს სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

„ჩემი მეუღლე ადრე მუშაობდა ამ თანამდებობაზე, სანამ ჩვენ სენაკში ვცხოვრობდით, მერე სამსახურებრივად მოხდა ჩემი გადაყვანა თბილისში და მაშინ გადადგომაზე განცხადება თავად დაწერა და თანამდებობაზე ახლა აღიდგინა თავი. თავი აღიდგინა იმ სამსახურში, სადაც ადრე მუშაობდა და აქ რაიმე უკანონობას ვერ ვხედავ. ჩემი მეუღლეობა დანაშაული თუა, არ ვიცი“, - განაცხადა გოჩა დგებუაძემ.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მეუღლის სამსახურში მიღებაში დანაშაულის ნიშნებს ვერც სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კახაბერ კინწურაშვილი ხედავს. მისი თქმით, სამედიცინო სტატისტიკოსის შტატი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ლალი ნადარაია 1 თებერვლიდან მუშაობს, წლების წინ გაუქმდა, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კვლავ აღდგა. კინწურაშვილის ცნობითვე, შესაბამისი რეკომენდაცია ეროვნულმა ცენტრმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გასცა და მას შემდეგ სტატისტიკოსის თანამდებობა ვაკანტური იყო:

„თბილისიდან მივიღეთ სარეკომენდაციო წერილი, სადაც ჩასმული იყო სამედიცინო სტატისტიკოსის შტატი და, ჩვეულებრივ, ვინაიდან ჩემი სამსახური არაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ვართ ააიპ-ი, კონკურსს არ ვექვემდებარებით. სიმართლე გითხრათ, ამ თანამდებობაზე არავის ჰქონდა განაცხადი შემოტანილი და ვინაიდან ვიცოდი, რომ ადრე ამ თანამდებობაზე ნამუშევარი იყო, მივედი და შევთავაზე ეს ადგილი“.

გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ლალი ნადარაიას გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში დასაქმებისას კანონმდებლობის აშკარა დარღვევაზე საუბრობს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა აცხადებს, რომ გაუგებარია გოჩა დგებუაძის არგუმენტი, ჩემი მეუღლე კანონის სრული დაცვით დასაქმდა, რადგან ადრე მუშაობდა ამ სამსახურში და ახლა მხოლოდ თავი აღიდგინაო:

„საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ გულისხმობს ასეთ რამეს: თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ნათესავი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაინიშნება კონკურსის წესის გავლით. ეს არის კანონის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში ამბობს იმას, რომ გოჩა დგებუაძის უწყებაში, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არ უნდა დანიშნულიყო ქალბატონი ლალი ნადარაია, მისი მეუღლე, იმიტომ რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, არის 2009 წელს დაფუძნებული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ანუ ეს არის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო უწყება“.

ამასთან, მალხაზ ჭკადუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეს არ არის კანონდარღვევის პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებშიც. „სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ასეთი დარღვევების შესახებ მასალა საკუთარ ვებგვერდზე ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. აქ, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, საუბარია ზუგდიდის გამგეობაზეც, სადაც პარლამენტის არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებები ისე განხორციელდა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია არ შექმნილა.
XS
SM
MD
LG