Accessibility links

logo-print

მაკკეინი უკრაინის კონფლიქტის გამო დასავლეთს აკრიტიკებს


ჯონ მაკკეინი, რესპუბლიკელი სენატორი

ჯონ მაკკეინი, რესპუბლიკელი სენატორი

დღეს ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა საერთაშორისო ურთიერთოებებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების საჭიროებაზე და კრემლისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.

ამერიკის 114-ე კონგრესის თავდაცვის პრიორიტეტებზე საუბრისას, სენატორმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლება და თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსება გამოყო. ყველაზე დიდი დრო მან უკრაინის კონფლიქტს, პუტინის პოლიტიკას და კრემლისგან მომავალ საფრთხეებს დაუთმო.

მე არ ვიცი სად გაჩერდება ის, მაგრამ ვიცი, რომ მას რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს, ამას თვითონვე ამბობს. ის ამბობს, რომ მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.

კითხვაზე იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებამ შესაძლოა პუტინის პროვოცირება და ნატოსთან კონფლიქტი გამოიწვიოს, მაკკეინმა უპასუხა, რომ ეს ყოველგვარ წარმოსახვებს სცდება:

„ვფიქრობ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თავის მომსწრენი ვართ. ევროპის ქცევა რაღაცით მეორე მსოფლიო ომამდელსაც კი ჰგავს, როცა ის ამბობს, რომ თავის ბიჭებს ვერ გაუშვებს ქვეყანაში, რომლის ენაც მათ არ იციან.“

მისი თქმით პუტინმა ყირიმი „ბუდაპეშტის შეთანხმების“ დარღვევით მიითვისა, რომელსაც უკრაინის ბირთვული იარაღის სანაცვლოდ მისი ტერიტორიული მთლიანობა ყირიმის ჩათვლით უნდა უზრუნველეყო.

„იშვიათად მინდება ხოლმე შევცდე. არც ერთხელ არ შევცმდარვარ პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით, მე წინასწარ განვჭვრიტე მისი ყველა ნაბიჯი. ახლა ვამბობ, რომ შემდეგი მარიუპოლი იქნება, როგორც სახმელეთო ხიდი ყირიმში. ახლა რუსეთი ყირიმის მოსამარაგებლად საზღვაო და საჰაერო გზებს იყენებს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ასე რომ მომდევნო მარიუპოლი იქნება,“ თქვა სენატორმა.

მაკკეინის თქმით პუტინის მომდევნო ნაბიჯები საერთაშორისო რეაქციებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ “ნათელია რომ მოლდოვა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ნატოს არა წევრი და ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა, დნესტრისპირეთში ისედაც არის 1400 ეგრეთწოდებული რუსი სამშვიდობო. ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინი ზრდის წნეხს ბალტიისპირეთზე, ასევე ნათელია რომ ეს ყველაფერი პოლონეთს აშფოთებს.“

მაკკეინმა საბჭოთა კავშირის დაშლაზე გაკეთებული პუტინის ცნობილი ციტატაც გაიხსენა და დასავლეთი სათანადო რეაქციის უქონლობის გამო გააკრიტიკა:

„მე არ ვიცი სად გაჩერდება ის [პუტინი], მაგრამ ვიცი, რომ მას რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს, ამას თვითონვე ამბობს. ის ამბობს, რომ მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. მეჩვენება რომ ეს ადმინისტრაცია და ჩვენი ევროპელი მეგობრები მის საქციელს უგულებელყოფენ ან რაციონალურად ახსნას ცდილობენ.“

სენატორი ევროპისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არც მომავალში ელოდება, „გარდა იმისა, რომ კომპლექსური ინდუსტრიის და ენერგოდამოკიდებულების გამო შეეცდებიან სანქციების შემსუბუქების გზები იპოვონ,“ თქვა მან.

გამოსვლა სენატორმა მისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვაზე ხუმრობით დაასრულა: „სხვათა შორის პუტინმა სანქცია დამიწესა და ვერც გაზაფხულის არდადეგებს გავატარებ ციმბირში.“

XS
SM
MD
LG