Accessibility links

logo-print

სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტების პირველი შეხვედრა


კოსოვოს და სერბიის პრესიდენტების შეხვედრა

კოსოვოს და სერბიის პრესიდენტების შეხვედრა

სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეხვედრა ევროკავშირის შუამავლობით გაიმართა.

ოთხშაბათს ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ კოსოვოს პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა და მისი სერბი კოლეგა, ტომისლავ ნიკოლიჩი. ორი პრეზიდენტი ჯერ ცალ-ცალკე ესაუბრა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს, შემდეგ კი შედგა შეხვედრა სამივეს მონაწილეობით. მიზნად სახელდება სერბიისაგან კოსოვოს გამოყოფით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვა. ცნობილია, რომ სერბია კოსოვოს კვლავაც თავის ტერიტორიად მიიჩნევს და არ ცნობს მის დამოუკიდებლობას, რაც 100-მდე ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის, შეერთებულ შტატებს და ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. ბრიუსელში გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, კეტრინ ეშტონმა ოპტიმისტურად შეაფასა მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა:

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩრდილოეთ კოსოვოს საკითხზე და ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მომავალი კვირები. პრეზიდენტი ნიკოლიჩი და პრეზიდენტი იაჰიაგა დამპირდნენ, რომ გააგრძელებენ დიალოგისა და თავიანთი ევროპული დღის წესრიგის მხარდაჭერას. მე დავადასტურე, რომ არსებობს ევროპული პერსპექტივა ორივესათვის - სერბიისა და კოსოვოსთვის - და ორივე მხარე წავახალისე, გააგრძელონ ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“.
დასაწყისისათვის კარგი იყო - მოლაპარაკებები დავიწყეთ. რამდენი ხანი გაგრძელდება, არც ისე მნიშვნელოვანია. ჯობს, დიდხანს ვილაპარაკოთ და რამენაირად მივიდეთ გამოსავლამდე...

შეხვედრა, რომლის დროსაც პირველად ისაუბრეს სერბიისა და კოსოვოს ლიდერებმა, ასე შეაფასა სერბიის პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა:

„დასაწყისისათვის კარგი იყო - მოლაპარაკებები დავიწყეთ. რამდენი ხანი გაგრძელდება, არც ისე მნიშვნელოვანია. ჯობს, დიდხანს ვილაპარაკოთ და რამენაირად მივიდეთ გამოსავლამდე. თუ პრიშტინის პოზიცია მტკიცე და უცვლელი დარჩება - რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რაც, უნდა ითქვას, არ უღიარებია გაეროს, მაშინ, ალბათ, გაგვიჭირდება შეთანხმების მიღწევა“.

სკეპტიკურად განწყობილი ჩანს კოსოვოს ლიდერიც, ატიფეტე იაჰიაგა - ის, თავის მხრივ, მოელის ბელგრადის პოზიციის შეცვლას.

„სამწუხაროდ, ის დარჩა ძველ, რადიკალურ ნაციონალისტურ პოზიციაზე, რომელმაც ბევრი ზიანი და ბევრი შედეგი მოიტანა - არა მარტო ჩემი ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მე კი იმედი მაქვს, რომ სერბი ხალხი სარგებელს ნახავს პოზიტიური ცვლილებებით და თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის სულისკვეთებით. ჩვენი ეპოქა ინტეგრაციის ეპოქაა. ჰეგემონიის დრო წარსულს ჩაბარდა. ეს არის ეპოქა, როცა ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური პროცესებისკენ“, განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადი უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობაზე, ის დაყაბულდა ევროკავშირს კოსოვოს ეთნიკურად ალბანელ ლიდერებთან დიალოგზე, რათა წინ წაიწიოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

სერბიამ 1999 წელს დაკარგა კოსოვოზე კონტროლი, რასაც 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG