Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო და სერბია: კიდევ ერთი „კონკრეტული პროგრესი“


კეტრინ ეშტონი (ცენტრში), სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრები ივიცა დაჩიჩი და ჰაშიმ ტაჩი
კეტრინ ეშტონი (ცენტრში), სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრები ივიცა დაჩიჩი და ჰაშიმ ტაჩი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონი ამბობს, რომ სერბიამ და კოსოვომ ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით „კონკრეტულ პროგრესს“ მიაღწიეს. ეს აღინიშნა პარასკევს, ბრიუსელში გვიანობამდე მიმდინარე იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრების ივიცა დაჩიჩისა და ჰაშიმ ტაჩის მონაწილოებით გაიმართა.

ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა წინ უსწრებდა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, არის თუ არა საკმარისი პროგრესი მიღწეული იმისათვის, რომ სერბიამ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები, ხოლო კოსოვომ - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან მიერთების პროცესი. ამ გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის 27-29 ივნისის სამიტზე იგეგმება. აპრილში, ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, სერბიამ და კოსოვომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ძალაუფლების გადანაწილებას სერბი უმრავლესობით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოსა და ეთნიკური ალბანელების ლიდერობით მოქმედ კოსოვოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

კეთრინ ეშტონმა ხუთშაბათს აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბიის პრემიერ-მინისტრებმა ბევრ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს:

ვფიქრობ, ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ აპრილის შეთანხმების შემდგომ იმპლემენტაციაზე ვიმსჯელეთ. აგრეთვე ვიმსჯელეთ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზე, განსაზღვრულ დროს უნდა ჩატარდეს...
ჰაშიმ ტაჩი
„კარგი სამუშაო ჩატარდა და მიღწეულია კონკრეტული პროგრესი. პრემიერ-მინისტრები დღეს კიდევ უფრო შორს წავიდნენ და შეთანხმდნენ მთელ რიგ ღიად დარჩენილ პრობლემებზე, რაც, სახელდობრ, იუსტიციის, პოლიციისა და მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების სფეროს უკავშირდება. მომდევნო კვირას, როდესაც განზრახული გვაქვს ამ საბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, მე მოვახსენებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს იმ პროგრესზე, რაც შეთანხმების განხორციელების კუთხით არის მიღწეული“.

კოსოვოში მცხოვრები სერბები, რომლებსაც მხარს უჭერს ბელგრადი, დანარჩენ კოსოვოსთან ინტეგრაციას წლების განმავლობაში უპირისპირდებოდნენ. სერბიამ 1999 წელს, ნატოს მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშის შემდეგ, დაკარგა კონტროლი კოსოვოზე. 2008 წელს კოსოვოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა კი მსოფლიოს 90-მა ქვეყანამ ცნო.
მართალია, “კონკრეტულ პროგრესზე“ არ უსაუბრია, მაგრამ „მოლაპარაკების კონსტრუქციულ“ სულისკვეთებაზე ყურადღება კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმაც დაადასტურა:

„ვფიქრობ, ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ აპრილის შეთანხმების შემდგომ იმპლემენტაციაზე ვიმსჯელეთ. აგრეთვე ვიმსჯელეთ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზე, განსაზღვრულ დროს უნდა ჩატარდეს და ჩრდილოეთ კოსოვოს მოქალაქეებს მასში მონაწილეობის შანსი უნდა მიეცეთ. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ არჩევნების ორგანიზების დეტალებსა და ეუთოს დახმარებაზე“.

სერბია კვლავ უარს ამბობს აღიაროს თავისი ყოფილი სამხრეთ პროვინციის დამოუკიდებლობა. მაგრამ ევროკავშირში უფრო ფართო ინტეგრაციისაკენ მისწრაფების გამო, სერბებმა და ეთნიკურმა ალბანელებმა მოახერხეს თავიდან აეცილებინათ პირდაპირი მოლაპარაკებები ამ მწვავე საკითხზე. როგორც იუწყებიან, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება კოსოვოში მცხოვრებ სერბ უმცირესობას შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნოს გარკვეული ავტონომია, როგორიცაა პოლიციის უფროსების არჩევა. თუმცა კოსოვოს ცენტრალური ხელისუფლება ინარჩუნებს სრულ კონტროლს პოლიციასა და სასამართლო ხელისუფლებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG