Accessibility links

logo-print
6 მაისს სერბები თავიანთ რჩეულებს კენჭს უყრიან ერთბაშად სამ არჩევნებში: ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტოსა და საპრეზიდენტოში, რაც ამომრჩევლებს, ცხადია, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

მაგრამ, როგორც პოლიტიკური კარიკატურის ჟანრის ცნობილი სერბი ოსტატი კორაქსი ფიქრობს, მისი თანამემამულეებისთვის განსაკუთრებით დამაბნეველია შემდეგი გარემოება: პრეზიდენტის პოსტის ორი მთავარი პრეტენდენტი - ამჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი (მარცხნივ) და მისი მეტოქე ტომისლავ ნიკოლიჩი - წინასაარჩევნო პერიოდში დაახლოებით ერთნაირად იქცევა. ევროპასთან ინტეგრაციის მოსურნე ტადიჩი ნაციონალისტივით მოქმედებს, რათა ხმები „წაართვას“ მართლაც ნაციონალისტ ნიკოლიჩს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობს, ამომრჩეველს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ევროპასთან დაახლოების მომხრე იყოს.

კორაქსის აზრით, ასეთი ვითარება სერბ ამომრჩეველს ბურიდანის ვირის მდგომარეობაში აგდებს. კარიკატურისტი გულისხმობს მე-14 საუკუნის ფრანგი ფილოსოფისის, ჟან ბურიდანის ცნობილ მეტაფორას, რომელიც თავისუფალ არჩევანთან დაკავშირებულ პარადოქსს გამოხატავს. პარადოქსი კი ასეთია: როცა მშიერ ვირს ვერ გადაუწყვეტია, მისგან ერთნაირი მანძილით დაშორებული ორი საკვებიდან რომელი აირჩიოს, ის შეიძლება შიმშილით მოკვდეს.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება ტადიჩსა და ნიკოლიჩს შორის. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმუშევრობის დონე სერბიაში 24 პროცენტს აღწევს, ბურიდანის ვირის მეტაფორა სულაც არ მოგვეჩვენება უადგილოდ.
XS
SM
MD
LG