Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი არჩევნები და უცვლელი პოლიტიკური ვითარება სერბიაში


საარჩევნო პლაკატები ბელგრადში
საარჩევნო პლაკატები ბელგრადში
სერბიის მოქალაქეებს კვირას კენჭისყრაზე ერთდროულად რამდენიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

ისინი ერთდროულად აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, პარლამენტარებს და რეგიონალური თუ ადგილობრივი საბჭოების წევრებს.

ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა დიდ ცვლილებებს მოასწავებდეს, მაგრამ სერბიაში ბევრი ამბობს, რომ აქვს განცდა: ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ იყო.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორი ფიგურა, რომელიც ერთმანეთს საპრეზიდნეტო არჩევნებზე დაუპირისპირდება, 2004 წლის შემდეგ მესამედ იქნება ერთმანეთის მეტოქე.

პროევროპული შეხედულებებით ცნობილი პრეზიდენტი, ბორის ტადიჩი, მესამე ვადით ეცდება პოსტზე დარჩენას, მას კი მეტოქეობას ნაციონალისტი ტომისლავ ნიკოლიჩი გაუწევს. 2004 და2008 წლებში ტადიჩმა, მცირედი უპირატესობით, მეორე ტურში შეძლო ნიკოლიჩის დამარცხება.

ამჯერადაც, გამოკითხვების თანახმად, ორი კანდიდატის რეიტინგი თითქმის თანაბარია. ასეთ ფონზე, ორივე ცდილობს რაც შეიძლება ფართო ამომრჩეველს მიმართოს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ორივე გამოდის პირობით, რომ ქვეყანას ევროკავშირშიც შეიყვანს და თან, პარალელურად, არც კოსოვოზე სერბიის უფლებებს დათმობს, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პირობებში შედის მეზობლებთან სასაზღვრო კონფლიქტის უქონლობა.

ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ - ჩვენი სახელმწიფო ევროპული სტანდარტებით უნდა გავაუმჯობესოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც. ევროკავშირისკენ სავალი გზა გრძელია და რთული ...
ტომისლავ ნიკოლიჩი.
ტადიჩმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ლიდერია, ახლახან მომხრეებს შემდეგი უთხრა: „ჩემო პატივცემულო მეგობრებო, ყველა თავდასხმისა თუ მუქარის - მათ შორის ჩვენი შიდაპოლიტიკური სივრციდან წამოსული მუქარის - მიუხედავად, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა პოლიტიკა „ევროპაც და კოსოვოც“. ჩვენ არც ევროპას დავთმობთ და არც კოსოვოს, ვინაიდან არ გვსურს ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე ნაწილის ტერიტორიული მთლიანობა.“

ბელგრადი უარს ამბობს აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც ამ უკანასკნელმა 2008 წელს გამოაცხადა.

ნიკოლიჩი, რომელიც სერბიის პროგრესულ პარტიას უდგას სათავეში, ასევე აცხადებს, რომ გაატარებს პოლიტიკას „როგორც ევროპა, ისე კოსოვო“. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერა მისთვის სიახლეა - 2008 წელს ის ამის ნაცვლად რუსეთთან კავშირების განმტკიცების დაპირებით გამოდიოდა.

ახლახან ნიკოლიჩმა თავის მხარდამჭერებს შემდეგი განცხადებით მიმართა: „სერბიას ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი აქვს. ეს კარგია და ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ - ჩვენი სახელმწიფო ევროპული სტანდარტებით უნდა გავაუმჯობესოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც. ევროკავშირისკენ სავალი გზა გრძელია და რთული. საამისოდ წლები დაგვჭირდება. სერბიის მოქალაქეებს ცვლილებები სურთ. ეს უნდა მოხდეს. ჩვენ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, თავად სერბიის გარდა.“

ის, რომ ტადიჩიც და ნიკოლიჩიც აქცენტებს ერთსა და იმავე საკთხებზე სვამენ, ამომრჩეველთა ნაწილში ამძაფრებს განცდას, რომ სერბიაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულეების გადაჭრა რეალურად არც ერთ პარტიას არ შეუძლია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სერბია მართლაც დაუახლოვდა ევროკავშირს - ორი თვის წინ მან კანდიდატის სტატუსიც კი მიიღო. მაგრამ ევროკავშირის საბაზრო სტრუქტურებში ინტეგრაციისგან ის ჯერ კიდევ შორს არის. ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა ბოლო წლების გლობალურმა კრიზისმა. ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ ახლახან დაწერა, რომ სერბიაში უმუშევრობის მაჩვენებელი 24 პროცენტს შეადგენს.

არსებული ვითარებით უკმაყოფილებამ ბიძგი მისცა საპროტესტო მოძრაობას, რომელიც კვირას, 6 მარტს, საარჩევნო ყუთებში „თეთრი“, ანუ შეუვსებელი, ცარიელი ბიულეტენების ჩაყრის მოწოდებთ გამოდის. მოძრაობის აქტივისტები თვლიან, რომ ეს მკაფიო მესიჯი იქნება: მოქალაქეების დიდ ნაწილს სერბიის ამჟამინდელი პოლიტიკური ცხოვრება არ აკმაყოფილებს.

6 მაისის არჩევნებში მონაწილეობას კოსოვოში მცხოვრები სერბებიც შეძლებენ. ამის შესახებ შეთანხმება ეუთოსა და კოსოვოს მთავრობას შორის შედგა. მობილურ საარჩევნო ცენტრებს ეუთო გაუწევს ორგანიზებას, ბიულეტენებს კი კოსოვოს გარეთ დაითვლიან.
6 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 50 პროცენტის მოპოვებას თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, დაახლოებით ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება.
XS
SM
MD
LG