Accessibility links

ევროპაში ხშირდება მოწოდებები, მაგნიტსკის საქმეზე სანქციები შემოიღონ


სერგეი მაგნიტსკის საქმის ირგვლივ პოლიტიკური ბრძოლა ევროპაში ინაცვლებს.

აშშ-ში ამ საქმის გარშემო ლობისტები თითქმის სამი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ კამპანიას. ბოლოს - 2012 წლის მიწურულს - აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც სანქციებს უწესებს მაგნიტსკის დევნასა და სიკვდილთან დაკავშირებულ პირებს. სერგეი მაგნიტსკი მოსკოველი ადვოკატი იყო, რომელმაც რუსი ოფიციალური პირები კორუფციაში დაადანაშაულა, რასაც მისი დაკავება და, მოგვიანებით, ციხეში გარდაცვალება მოჰყვა. მაგნიტსკის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული.

აშშ-ში შემოღებული კანონი ითვალისწინებს ანგარიშების გაყინვას და ვიზების გაცემის აკრძალვას რუსეთის ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. აშშ-ის შემდეგ ევროკავშირიც მსჯელობს მსგავსი კანონის შემოღებაზე და ბოლო ხანებში ეს მსჯელობა საგრძნობლად გახშირდა.
ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, ევროპის პარლამენტის ესტონელი წევრი კრისტინა ოიულანდი აცხადებს:

„რუსები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად - ევროპელებად - მიიჩნევენ. ამდენად, მნიშვნელოვანია ევროპამ რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ მაგნიტსკის საქმეზე, არამედ უფრო ფართოდ - რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ კორუფციულ, შავ ფულს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შემოდის“.
ევროპის მიერ ანგარიშების გაყინვისა და ვიზების გაუცემლობის შესახებ კანონის შემოღება რუს ოფიციალურ პირებს აშშ-ის მიერ შემუშავებულ კანონზე ბევრად უფრო მეტად დააზარალებს. როგორც ოიულანდიც ამბობს, რუსეთის ოფიციალურ პირებს უყვართ ევროპის ქვეყნებში შვებულებების გატარება, საყიდლებზე სიარული და შვილების სასწავლებლად გაგზავნა. ამასთან, ისინი ევროპის ბანკებშიც უფრო ხშირად ინახავენ ფულს.
რუსები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად - ევროპელებად - მიიჩნევენ. ამდენად, მნიშვნელოვანია ევროპამ რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ მაგნიტსკის საქმეზე...

სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო იმ კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. რამდენიმე პირი, მას შემდეგ, რაც მაგნიტსკიმ კორუფციაში დაადანაშაულა, დააწინაურეს კიდეც.

რუსეთმა, თავის მხრივ, მაგნისტსკის გადასახადებისთვის თავის არიდებაში დასდო ბრალი და მას სიკვდილის შემდეგ ასამართლებს. სასამართლო პროცესი 11 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 22 მარტისთვის გადაიდო.
ოიულანდის მიერ შემუშავებული ინიციატივა ითვალისწინებს მთელი ევროკავშირის მასშტაბით ვიზების გაცემის აკრძალვას და ანგარიშების გაყინვას კონკრეტული ოფიციალური პირებისთვის. ეს ინიციატივა, არასავალდებულო სახით, დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ევროპის პარლამენტმა, თუმცა უშუალოდ სანქციების ასამოქმედებლად ბლოკის 27-ვე წევრი უნდა შეთანხმდეს.

პარლამენტარები ზეწოლას განაგრძობენ - მათი თქმით, ევროპა ვალდებულია დადგეს მორალურ პოზიციაზე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფასთან მიმართებით.

სანქციების მომხრეები იმ გარემოებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ გამოძიების თანახმად, მაგნიტსკის მიერ გამოაშკარავებული მილიონობით დოლარი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, რუსეთის სახელწიფო ხაზინიდან იყო მოპარული, გადანაწილებულია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შვეიცარიაში, მოლდავეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სერგეი იგნატიევმა ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლოს - თებერვალში - განაცხადა, 2012 წლის განმავლობაში რუსეთიდან „საეჭვო ტრანსაქციების გზით“ 49 მილიარდი დოლარი გავიდაო.

თუმცა ასეთი სანქციების შემოღების ინიციატივას წინააღმდეგობაც ხვდება ევროპაში, რომელიც მოხმარებული გაზის ერთ მესამედს მოსკოვისგან იღებს და რომელმაც 2011 წელს რუსეთიდან რეკორდული მოცულობის, 198 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტი მოახდინა.

ბევრი შიშობს, რომ რუსეთი ამ ეკონომიკურ კავშირებს გამოიყენებს ბერკეტად ევროპულ სანქციებზე საპასუხო ზეწოლის განხორციელების მიზნით. სანქციების აშშ-ში შემოღებას რუსეთმა იმით უპასუხა, რომ ამერიკელებს რუსეთიდან ბავშვების შვილად აყვანა აუკრძალა.

შარშან დამტკიცებულ რეზოლუციამდე ევროპარლამენტმა 2010 წელს კიდევ ერთი მსგავსი ინიციატივა დაამტკიცა, სადაც ასევე იყო გამოთქმული მოწოდება მაგნიტსკის საქმის საპასუხო სანქციების შემოღების თაობაზე, თუმცა იმ რეზოლუციას შედეგი არ მოჰყოლია.

ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში მომუშავე ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი, თვალს ადევნებს პარლამენტის ქმედებებს და სანქციების შემოღება კვლავაც განიხილებაო, თუმცა თან დასძინა, ამ სანქციებს ევროკავშირი უკიდურეს ზომად მიიჩნევსო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG