Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიცერ თეთრაძის საქმე ძიებაში დაბრუნდა ახალი მოწმეებით და ახალი გარემოებებით


არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
28 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები და მოწმეები გამოიკვეთა. კბილაშვილის თქმით, საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა განცხადებები, რითაც ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სხვა თანამშრომლები ეჭვმიტანილნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ორმა პატიმარმა კი აღიარა, რომ, ციხის ადმინისტრაციის დავალებით, მათ ოფიცერი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს:

„საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ, მე-8 დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსის ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით, მან და პატიმარმა სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სცემდნენ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ძალადობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა“.

2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, როგორც იმხანად წერდა პრესა, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, ერთი კვირის თავზე კი ოჯახს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრებსა და უფლებადამცველებში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ოფიცერი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი, ციხეში დანაშულის აღიარების მიზნით განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შემდეგ, კარანტინში ყოფნის დროს დაიღუპა. ვიცე-პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის სიკვდილის გარემოებებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა 2011 წლის 31 დეკემბერს გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით, რასაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა „სიცრუე“ უწოდა:

„იმ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ზემოაღნიშნული დაზიანებები თეთრაძემ მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე, გაურკვეველ ვითარებაში. მინდა განვაცხადო, რომ ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მოცემული ფაქტები არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. 2012 წლის 14 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ“.
ამ საქმეზე დღეს დაკავებული იქნა დანაშაულის უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილი, დღეის მდგომარეობით, იმყოფებიან პატიმრობაში...
არჩილ კბილაშვილი


პროკურატურამ ხელახალი გამოძიების პროცესში დაკითხა მრავალი მოწმე - მათ შორის, გლდანის მე-8 დაწესებულების მორიგე ექიმი, რომელმაც, კბილაშვილის თქმით, დაადასტურა, რომ „პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა 53-ე საკანში, არამედ კარანტინის ე.წ. ნახევრად სარდაფულ საკანში“. ახალი გამოძიებით დგინდება, რომ პატიმარი თეთრაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაწესებულების განაწესის ნორმების უხეში დარღვევით, გაიყვანეს ციხის ტერიტორიიდან გლდანის საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მანქანით, რომელშიც თავად მუხაძე იმყოფებოდა. დაწესებულების მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ პატიმარი სერგო თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ იმავე მანქანით იმავე პირების მიერ შემოყვანილი იქნა ციხის ტერიტორიაზე. პატიმარი მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იგი წელში იყო მოხრილი და სიარულიც უჭირდა.

„დადგინდა ასევე, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები, ხოლო საექსპერტო დასკვნა, რომელიც არსებობდა ამ საქმეზე, არასწორი და ზედაპირულია. ამ საქმეზე დღეს დაკავებული იქნა დანაშაულის უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილი, დღეის მდგომარეობით, იმყოფებიან პატიმრობაში“, - განაცხადა 28 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.

ოფიცერ სერგო თეთრაძის ციხეში დაღუპვის თაობაზე 2011 წლის ოქტომბერში პირველად ხმაური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ატეხა. მაშინ ოპოზიციაში მყოფმა ალასანიამ საინფორმაციო მიტინგი გამართა თავდაცვის სამინისტროს წინ და იმჟამინდელ მინისტრ ბაჩო ახალაიას და სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას „ჯაშუშომანიით შეპყრობილი ჯალათები“ უწოდა.

მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი ალასანია არაერთხელ გაკიცხეს, თითქოსდა პოლიტიკური მიზნებით ოფიცრის სიკვდილით სპეკულაციის გამო. ახლა, როდესაც 28 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოფიცერ სერგო თეთრაძის ციხეში სიკვდილის ახალი გარემოებები გააცნო საზოგადოებას, საპარლამენტო უმცირესობის წევრები დუმილს
პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი
ამჯობინებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი დაელოდებიან სასამართლო გამოძიების დაწყებას და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.

სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2007 წლიდან აღარ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. აფხაზეთის ომის მონაწილე 57 წლის გადამდგარი ოფიცერი ოთხი წლის წინ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ასაკის გამო დაითხოვეს. მას შემდეგ თეთრაძე, ოჯახთან ერთად, მცირე პენსიით ირჩენდა თავს და მეუღლესთან, მარინა თეთრაძესთან ერთად, 15 წლის შვილს ზრდიდა. ასე იყო ეს 17 სექტემბრამდე, ვიდრე სწორედ თავის დაბადების დღეს დაპატიმრებული, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოფიცერი ციხეში გარდაიცვლებოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG