Accessibility links

logo-print

სომხეთის პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებს პროკურატურას


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი

სომხეთში ამ კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცა მკაცრი კრიტიკა, რომელიც პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა გამოთქვა ქვეყნის პროკურატურის მისამართით.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ჰოვიკ აბრამიანი ფიქრობს, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვება პრეზიდენტის მიერ პროკურორების გაკრიტიკებას. აბრამიანმა, რომელიც ჩეხეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები პროკურატურაში:

„ყოველთვის არის გადადგომის შემთხვევები ყველა სფეროში. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ძალიან სერიოზულად წამოჭრა ეს საკითხი“.

საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა სარქისიანმა წამოჭრა, მართლაც ძალიან სერიოზულია: ორშაბათს პროკურატურაში ჩატარებულ თათბირზე, მან სამართალდამცველთა ხელმძღვანელებს წაუყენა ბრალდება, რომ ზოგი მათგანი ხელს აფარებს დამნაშავეებს.

„პროკურორი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ რამდენიმე პირი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ საქმეში მოწმე ხდება და პროკურორი არა მარტო თვალს ხუჭავს ამაზე, არამედ აქტიურად მონაწილეობს მასში. დამნაშავეობასთან ბრძოლის ნაცვლად, ის თვითონ ჩადის დანაშაულს და ძებნილი ხდება. ვერ წარმომიდგენია უფრო მდაბალი და ამორალური საქციელი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის მხრიდან“, - განაცხადა თათბირზე პრეზიდენტმა.

მან ეს მძიმე ბრალდებები არ იკმარა და დასძინა, რომ ბევრი არაფერი გაკეთებულა კორუფციის ასალაგმად და ზოგი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევის სათანადოდ გამოსაძიებლად, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ნაწილი დოკუმენტების მანიპულაციის, მონაცემების გაყალბების მეშვეობით ბრალდებებს უყენებს უდანაშაულო მოქალაქეებს, რათა დაიცვას ნამდვილი ბოროტმოქმედები და რომ მას - პრეზიდენტს - სმენია დაკავებულების პროკურატურაში ცემის შემთხვევებზე.

ჩვენი რადიოს სომხურმა სამსახურმა ამაოდ სცადა პროკურატურის რეაქციის დადგენა მის მიმართ მკაცრი კრიტიკის შემდეგ. გენერალური პროკურორის პრესმდივანი სონა ტრუზიანი დასჯერდა განცხადებას, რომ რეგულარულად გავრცელდება ინფორმაცია ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამენ პრეზიდენტის დავალებების შესასრულებლად.

სამართალდამაცვი სტრუქტურების მიმართ სომხეთის პრეზიდენტის, როგორც ჩვენი კოლეგები აღნიშნავენ, უჩვეულოდ მკაცრი კრიტიკის ფონია სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოება. არჩევნები მომავალი წლის თებერვალში გაიმართება. სერჟ სარქისიანს - სომხეთის მმართველი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს - ნათქვამი აქვს, რომ მეორე ვადითაც შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას.
XS
SM
MD
LG