Accessibility links

ფიზიკურ პირებს უიმედო, ვადაგადაცილებული სესხები ჩამოეწერებათ, თუ ისინი ბანკის მიერ შემუშავებულ შიდა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის პროექტიც „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ონოფრიშვილმა მოამზადა.

ინიციატივის ავტორის თქმით, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვადაგადაცილებულ, უიმედო სესხებს უკვე წლებია ვერ იხდიან და, ამავე დროს, მათ შესაბამისი ქონება /შემოსავლები აღარ აქვთ, შეეძლებათ მიმართონ შესაბამის კომერციულ ბანკს ვალდებულების ჩამოწერის თხოვნით.

კანონპროექტის მიხედვით, ეს შეეხებათ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტისაგან მიღებულ სესხზე ვადაგადაცილება 2014 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ. ამასთან, ინიციატორი აცხადებს, რომ სესხის ჩამოწერის კრიტერიუმებს თავად ბანკი განსაზღვრავს, კანონპროექტი კი ასეთი გადაწყვეტილების, ანუ სესხის ჩამოწერის, შემთხვევაში ფიზიკურ პირსა და თავად ბანკს გადასახადებისგან ათავისუფლებს. კერძოდ, საუბარია ბანკისთვის 15 %-იან მოგების გადასახადზე და საშემოსავლო 20 %-ზე ფიზიკური პირისთვის.

როგორც კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბანკები უიმედო ვალების ჩამოწერაზე უარს ამბობდნენ.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების კომენტირებისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებული კანონი საბანკო სექტორს პრობლემას არ შეუქმნის. მისი თქმით, აღსრულების პრაქტიკა პასუხს გასცემს კითხვებს, თუმცა ამ ეტაპზე ბანკებისთვის განსაკუთრებულ პრობლემებს არ ელოდებიან. რაც შეეხება საბანკო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციას, ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მურთაზ კიკორიას თქმით, თუ სესხის ამოღება არ ხდება, ის ისედაც ბალანსს გარეთ იწერება:

”არ მგონია, ამას დიდი გავლენა ჰქონდეს საბანკო სექტორის მდგრადობაზე. პატიება არის აქტი, რომელსაც უშუალოდ დაკრედიტებასთან კავშირი არ აქვს. არ მგონია, კანონით შესაძლებელი იყოს დავალდებულება. ეს იქნება, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბანკის გადასაწყვეტი, თუ რა უყოს მოგებას”.

კიკორიასავე თქმით, ერთია კანონი, მაგრამ მისი რეგულირება არის ცალკე ტიპის სამუშაო, რაზეც მუშაობა გაგრძელდება. თავის მხრივ, ”ბანკების ასოციაციის” პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე ბანკებთან შეთანხმებით მუშაობენ.

”ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოწერა აპრიორი უნდა მოხდეს. თითოეული სესხი ბანკმა უნდა შეისწავლოს და, თუ არის იქ საშუალება, ბუნებრივია, ბანკი ამ ჩამოწერას გააკეთებს და, თუ არ არის, არ გააკეთებს”, - განაცხადა გვასალიამ.

არავინ იცის, რამდენ ფიზიკურ პირს შეეხება აღნიშნული ინიციატივა და ჯამში რა სავარაუდო ოდენობის უიმედო სესხი დაგროვდა 2014 წლის 1 იანვრამდე. ინიციატივის ავტორის თქმით, ეს ბანკების მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG