Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეების მონიტორინგი ჟურნალისტების გარეშე?


რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულება
რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულება
საახალწლოდ პრეზიდენტი რამდენიმე ათეული პატიმრის შეწყალებას აპირებს. ასევე ახალ წლამდე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ამნისტიით გათავისუფლებული მსჯავრდებულები, თუმცა კანონის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. სავარაუდოდ, ახალი წლიდან შეიცვლება ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობაც. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მონიტორინგში ჟურნალისტების მონაწილეობას აპროტესტებს. ასევე სადავოა მოქმედი ჯგუფის უფლებამოსილების ვადის საკითხი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ვადა 2013 წლის 1 იანვარს იწურება, მაშინ როცა ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუში ამტკიცებს, რომ, მის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით, მონიტორინგის ჯგუფის მოქმედების ვადა 2013 წლის 31 იანვარს გადის.

საქართველოს პრეზიდენტი საახალწლოდ კიდევ რამდენიმე ათეულ პატიმარს შეიწყალებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, 430 განცხადებიდან, საფუძვლიან განხილვას მხოლოდ 135 დაექვემდებარა. სულ 1 ოქტომბრის შემდეგ შეწყალების კომისია სამჯერ შეიკრიბა:

„დანარჩენებს არ აქვთ მოხდილი სასჯელის ნახევარი, ან უარყოფითი დახასიათება აქვთ, ან ძალიან მძიმე საქმეებია. სულ, ამ სამი სხდომის საფუძველზე, ჩვენი რეკომენდაციით, 905-მა პატიმარმა დატოვა ციხე“.

გაცილებით მეტი, დაახლოებით 3 ათასი პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ამნისტიის გამოსვლის შემდეგ, ჯამში კი, სასჯელი 15 ათასამდე პატიმარს შეუმსუბუქდება. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელია, მოუწოდებს პრეზიდენტს დროულად მოაწეროს ხელი კანონს და არ შეაფერხოს მისი ძალაში შესვლა:

„არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ კანონის შეჩერების და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის კანონის დროულად აღსრულებას ( ხაზს ვუსვამ, დროულად აღსრულებას...) იქნება აღქმული როგორც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯი“.
ჟურნალისტების მთავარი მოტივაცია არ უნდა იყოს ის, რომ მონიტორინგის საბჭოს წევრობას მხოლოდ თავის საქმისთვის გამოიყენებენ. ზოგადად დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მიზანი არის სისტემური პრობლემების დანახვა ...
ნათია კაციტაძე

ამნისტიის შედეგად, მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირებას იწონებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელიც ახალი წლიდან საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის შეცვლას აპირებს. მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, წინა მინისტრის მიერ 2012 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი ბრძანებულებით, ჯგუფის მოქმედების ვადა 2013 წლის 1 იანვარს იწურება. ამასთან, გიორგაძე იმასაც ამბობს, რომ ჯგუფში ჟურნალისტების შეყვანას არა სამინისტრო, არამედ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

„სხვადასხვა არგუმენტები იყო - მაგალითად, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა სხვა ჟურნალისტებთან მიმართებით. „ნიუსის“ კეთება, რაც მონიტორინგის საბჭოს წევრის ფუნქცია არ უნდა იყოს“, უთხრა გიგა გიორგაძემ რადიო თავისუფლებას.

გიგა გიორგაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით 22-23 დეკემბერს გაერო-ს განვითარების პროექტის მხარდაჭერით გუდაურში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც „ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციაც“ მონაწილეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ნათია კაციტაძის თქმით, დასაზუსტებელია არა მხოლოდ ჯგუფში შემავალი ჟურნალისტების, არამედ მისი თითოეული წევრის მოქმედების კრიტერიუმები. რაც შეეხება ჟურნალისტებს:
მთელი ეს პროცესები ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოების ნაწილს შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაცა გაუმჭვირვალედ ხდება ...
გელა მთივლიშვილი

„ჟურნალისტების მთავარი მოტივაცია არ უნდა იყოს ის, რომ მონიტორინგის საბჭოს წევრობას მხოლოდ თავის საქმისთვის გამოიყენებენ. ზოგადად დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მიზანი არის სისტემური პრობლემების დანახვა, მის აღმოფხვრაზე მუშაობა და ა.შ. ჟურნალისტების ფუნქციაც (თუ მონიტორინგის ჯგუფში იქნებიან) ეს იქნება და არა უშუალოდ პროფესიული სარგებლის მიღება“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ამ შენიშვნას თუ გაფრთხილებას ზედმეტად მიიჩნევს მონიტორინგის ჯგუფის წევრი გელა მთივლიშვილი, რომლის თქმითაც, ჟურნალისტებს, პატიმრებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მონიტორინგის წევრობა არანაირ პრივილეგიას არ ანიჭებს. მთივლიშვილის თქმით, ჟურნალისტების ყოფნა მონიტორინგის ჯგუფში თავად პატიმრების ინტერესებშია:

„მთელი ეს პროცესები ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოების ნაწილს შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაცა გაუმჭვირვალედ ხდება. გაცილებით მეტი ნდობა აქვთ საპყრობილეებში მოთავსებულ პატიმრებს მონიტორი ჟურნალისტების მიმართ, ვიდრე ჯგუფის სხვა წევრების მიმართ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პატიმრებს და გამოკითხოთ - ამაში იოლად დარწმუნდებით. ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვნაა ჟურნალისტებზე, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე“.

გელა მთივლიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მოქმედების ვადის შემცირების გამოც აკრიტიკებს. ჟურნალისტის მტკიცებით, ყოფილი მინისტრის, გიორგი ტუღუშის მიერ გამოცემული ბრძანებულებით, ჯგუფის წევრთა უფლებამოსილება 2013 წლის 31 იანვარს იწურება, რაც აღნიშნულია კიდეც სამინისტროს ოფიციულურ ვებ-საიტზე ორი თვის წინ დადებულ ტექსტში, თუმცა სამინისტროში, გიორგი ტუღუშის განცხადების საპირისპიროდ, ამტკიცებენ, რომ ბრძანებულების მიხედვით, ბოლო ვადა 2013 წლის 1 იანვარია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG