Accessibility links

ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნის დიზაინი შეიცვლება. ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. სამუშაოებისთვის 20 ათასი ლარი განისაზღვრა. ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნის შეცვლის აუცილებლობა დეპუტატებმა რამდენიმე მიზეზით ახსნეს. უმთავრესი მაინც ისაა, რომ 2008 წელს ზუგდიდის მთავარ ბულვარში მოწყობილ შადრევანთან გადაადგილებისას ქვეითებს სახელმწიფო სიმბოლოსა და ჯვარზე უწევთ ფეხით გავლა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა, რომ მათ აბსოლუტურად მიზანშეუწონლად და მიუღებლად მიაჩნიათ სახელმწიფო სიმბოლოზე, დროშაზე, ფეხით გადავლა. აქედან გამომდინარე, მოხდა სწორედ ამ პროექტის ჩასმა ბიუჯეტში“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ სახეს მიიღებს შადრევანი, თუმცა აღნიშნულმა საკითხმა უკვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში გაცილებით დიდი და ბევრი პრობლემა არსებობს, ვიდრე შადრევნის დიზაინია:

„ზუგდიდში გაცილებით ბევრი პრობლემებია თუნდაც ინფრასტრუქტურული კუთხით. შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მართლმადიდებლები არიან, იყოს ცოდვა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან არამართლმადიდებლებიც. ამიტომ საკითხს ასე ნუ მივუდგებით. სამი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ და სახელმწიფო სიმბოლიკების და უმაღლესი თანამდებობის პირების პატივისცემა ვერ ვისწავლეთ გინდა ოპოზიციამ და გინდა პოზიციამ - ყოველთვის უკიდურესობაში, ერთმანეთის ლანძღვაში გადავდივართ“.

შადრევნის დიზაინის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს ანა წითლიძის თანაფრაქციელი ბათლომე შელია. მან ასევე გააპროტესტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადება, რომ არსებობს შადრევნისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა, თუმცა პროექტი ჯერ არ მომზადებულა. ბათლომე შელია დაინტერესდა, თუკი არ არსებობს პროექტი, მაშინ საიდან განისაზღვრა სარემონტო სამუშაოებისთვის 20 ათასი ლარი. საპასუხოდ გიორგი თოდუამ განმარტა:

„ჯერ არის რაღაც წინადადება, შემდგომ თანხა გამოიყოფა, პროექტი დგება და მერე უკვე სამუშაოები განხორციელდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია“.

ზუგდიდის ცენტრში საქართველოს დროშის ფორმის შადრევანი 2008 წელს მოეწყო. მაშინ მისი მშენებლობისთვის თანხა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან გამოიყო.

XS
SM
MD
LG