Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შაჰ დენიზი 2“-ის პროექტის მიმდინარეობა და საქართველო


საერთაშორისო მაგისტრალურ პროექტებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთის რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს საყველთაოდ ცნობილი ამბავია. შესაბამისად, ინფორმაცია ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ ყოველთვის იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის, "შაჰ დენიზი 2"-ის, პროექტის რეალიზაციის სამუშაოების თითქმის 70 % დასრულებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტის სამუშაოები მნიშვნელოვნად დაჩქარებულია. ნაგიტ ალიევის განცხადებით, მომავალში სამხრეთ კორიდორით გაზის ტრანსპორტირება ირანიდან, ერაყიდან, კვიპროსიდან და ისრაელიდან იქნება შესაძლებელი.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, „შაჰ დენიზი 2“-ის ფარგლებში გაზის მოპოვება წლიურად 9 მილიარდიდან 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. პროექტის თანახმად, გაზის მიწოდება თურქეთისა და საქართველოს მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ, 2018 წლისთვის დაიწყება. დაახლოებით, 6 მილიარდი კუბური მეტრის რაოდენობით ყოველწლიურად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება განხორციელდება საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.

„შაჰ-დენიზი 2“-ის ფარგლებში გათვალისწინებულია 26 გაზის წარმოების ახალი ჭაბურღილის გაბურღვა; 500 კმ სიგრძის ზღვისქვეშა მილსადენის გაყვანა, რომელიც ჭაბურღილებს ერთმანეთთან და ტერმინალთან დააკავშირებს; სანგაჩლის ტერმინალის გაფართოება; სამხრეთ კავკასიის მილსადენის აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ახალი, პარალელური მილსადენით გაფართოება, რათა თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით, 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდეს.

„შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც დღემდე ბუნებრივი აირის ძირითად მოცულობებს აზერბაიჯანიდან იღებს. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის მიწოდების მოცულობამ დღე-ღამეში 2,5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რის შესახებაც „სოკარის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბაჰატ იუსიფზადემ განაცხადა.
„აქედან ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტის ტრანსპორტირება საქართველოში მოხდა, 39 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტის კი - თურქეთში. საქართველოში პირველ კვარტალში გაზის მიწოდების მოცულობამ დღეში 2,5 მილიონი კუბმეტრი, თურქეთში კი 18,2 მილიონი კუბმეტრი შეადგინა“, - აღნიშნა „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას. „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის განხორციელება საქართველოს უზრუნველყოფს გაზის დამატებითი ოდენობით, რასაც საფუძვლად უდევს კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები. მანამდე კი, 2030 წლამდე, ”სოკართან” 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბმეტრი გაზი დამატებით მიეწოდება სოციალურ სექტორს (მეურნეობები და ელექტროენერგიის თერმული გამომუშავება). კომერციულ სექტორში არ მოქმედებს საკანონმდებლო შეზღუდვები და კომერციულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმწოდებლის არჩევა კომერციული პირობების საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG