Accessibility links

ორი პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული წინასწარ პატიმრობაზე დათანხმდა


შალვა აბულაძე სასამართლო პროცესზე

შალვა აბულაძე სასამართლო პროცესზე

შალვა აბულაძე, რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. წინასწარი პატიმრობა მას დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული ბორჯომის სასამართლოს მიერ. 11 აპრილს თბილისის სასამართლოს სხდომაზე გადაწყვეტილება დადასტურდა. ბრალდებულს და მის ადვოკატს მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პატიმრობაში ის უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვინაიდან მას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისგან საფრთხე ემუქრება.

ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე და მისი ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე დაეთანხმნენ პროკურატურის მოთხოვნას და მოსამართლის გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ პატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ვინაიდან შალვა აბულაძეს საფრთხე ემუქრება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მხრიდან:

„ბატონი შალვა აბულაძის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ემუქრება საფრთხე. კერძოდ, ეს საფრთხე მომდინარეობს მამუკა ხაზარაძის მხრიდან. ამდენად, ბრალდებულის სურვილია დარჩეს პატიმრობაში და შემდგომში გამოძიებას მისცეს დასაბუთებული და ჩამოყალიბებული ჩვენება“.

რაც შეეხება დასაბუთებულ და ჩამოყალიბებულ ჩვენებას, შალვა აბულაძის განცხადებით, ის ამჟამად არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ სრულყოფილი ჩვენება მისცეს, თავის საფრთხეზე საუბრისას კი ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა:

„როგორ არ ჩნდება საფრთხე, როცა ჩემი მეგობრები და ჩემი 19 წლის საცოლე 3 თვის წინ აწამეს. ფეხმძიმე გოგოს რომ აწამებენ და გალახავენ და არაადამიანურად მოექცევიან 67 წლის მამიდას!.. ჩემს პირად სასტუმროში ხელყუმბარები შეყარეს და ააფეთქეს, რესტორანი დამიწვეს. ეს ფაქტები ხომ ყველამ იცის, გაზეთებში დაიწერა, პროკურატურაში დევს და საფრთხე როგორ არ მემუქრება?!“

თუმცა ბრალდებულის მიერ ჩამოთვლილი ფაქტების თაობაზე პროკურატურას ინფორმაცია არ გააჩნია, განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ და დასძინა, რომ ინფორმაციას მოიძიებენ და საამისოდ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება:

„განცხადებასთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია დღეს მოვისმინე მეც, ისე როგორც თქვენ და, შესაბამისად, რაიმე დამატებით კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგცემთ“.

რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რითაც მოსამართლეც დაინტერესდა, შალვა აბულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ახლა „ამაზე საუბარს აზრი არ აქვს“ და მოგვიანებით ილაპარაკებს. შალვა აბულაძის ყოფილი სახაზინო ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე, რომელიც საქმეს ჩამოშორდა, ამბობს, რომ ბრალდებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ვერ იხსენებს, რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლისა და ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შესაძლო კავშირზე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წერდა და ე.წ. აქცია „პერფორმანსს“ ასახელებდა, რომელიც ბრალდებულმა შალვა აბულაძემ კომპანია „ბორჯომის წყლებთან“ გამართა.

7 აპრილს „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამი იყო:

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია "ბორჯომის" წარმომადგენლებს არ ჰქონიათ კონტაქტი პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთან და საერთოდ არ იცნობენ მას. უფრო მეტიც, რამდენიმე წელია მამუკა ხაზარაძე აღარ არის კომპანია "ბორჯომის" აქციონერი და არ მონაწილეობს მის მართვაში. ამიტომ გაუგებარია ამ კრიმინალის მიერ ორგანიზებული აქცია ბორჯომში რატომ იქნა დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან.

შეგახსენებთ, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ასავალ-დასავალს" და მის ჟურნალისტებს უკვე დაეკისრათ საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებების უარყოფა. ამის ნაცვლად ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ პროვოკატორულ ცილისწამებას!“

ორი პოლიციელის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი შალვა აბულაძე 10 აპრილს, გამთენიისას, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში დააკავეს. მიტოვებული შენობა, სადაც შალვა აბულაძე აფარებდა თავს, ბორჯომ-ბაკურიანის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ძებნილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრელებული ცნობით, „შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG