Accessibility links

logo-print

პოეტი ალბათ იმისაა, რომ თავისი ახირებები ჰქონდეს. ახირებები თუ არა, აკვიატებები მაინც. ასე იყო ყველა ეპოქასა თუ სივრცეში. ქართველებსაც გვყავდა და წესით ახლაც უნდა გვყავდეს ასეთები. ამიტომაც დღეს ერთ-ერთ ასეთზე მოგითხრობთ: შალვა ბაკურაძეზე. მას პოეზიის თავისებური ხედვა აქვს (უფრო სწორად, თანდათან ჩამოუყალიბდა) და ამ პრინციპებს დიდი ხანია ჯიუტად არ ღალატობს. არა, ხანდახან ღალატობს და სულ სხვანაირი პოეზიის წერასაც იწყებს, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ როგორც არ უნდა დაიწყოს წერა, პოეზიის ბაზისური გაგება მასში მაინც არ იცვლება.

შარშან შალვა ბაკურაძემ გამომცემლობა „საუნჯეში“ თავისი მესამე კრებული გამოსცა სახელწოდებით „დასდებელნი წმინდისა აღდგომისანი“. კრებულის ყდას მხოლოდ სათაური აწერია, ავტორი ზედაპირზე არ ჩანს, ის სადღაც სიღრმეშია ჩაკარგული. ზედაპირზე კი თემო ჯავახიშვილის ნამუშევარია - მორზეს ანბანით დაწერილი „მამაო ჩვენო“. თუმცა ავტორი მკითხველს ამ შიფრს არც უხსნის: მხოლოდ მხატვრის სახელსა და გვარს უთითებს სატიტულო გვერდზე. ეს მორზეს ანბანი კი ლექსთმცოდნეთათვის ქორეებს, დადაქტილებს, მუხლებს და ტერფებს წააგავს: ასეთი რაღაცებით ლექსის სტრუქტურის კვლევა ხდება - მისი დაშლა მარცვლებად, მახვილიან თუ უმახვილო ნაწილებად, პაუზების, ანუ ცეზურების აღნიშვნა, ერთი სიტყვით, ვერსიფიკაცია. ეს ცალკე მეცნიერებაა. ამ მეცნიერებას დღეს ვერ ჩავუღრმავდებით, მაგრამ ვერც ავცდებით, ვინაიდან ეს მორზეს ანბანი თუ ეს ქორე-დაქტილები შალვა ბაკურაძისთვის უსაშველოდ მნიშვნელოვანია. მისი დღევანდელი, თანამედროვე პოეზია ძველი ქართული პოეზიისა და ჰიმნოგრაფიული ტექსტების კითხვისა და შესწავლის შედეგადაა გაჩენილი. რომ დავაზუსტოთ, მთავარი აქ ისაა, რომ შალვა ბაკურაძეს აქვს თავისი აკვიატებული იდეა, თუ როგორ იკითხებოდა, ითქმებოდა, იმღერებოდა ძველი ქართული ტექსტები, სად ისმებოდა მახვილები, როგორი იყო ინტონაცია... მას შეუძლია საათობით ილაპარაკოს ამ თემაზე, შეუძლია წაიკითხოს ლექციები იმაზე, თუ როგორ გადმოდიოდა ბერძნული იამბიკო ქართულში და სინამდვილეში როგორი იყო უძველესი ქართული ლექსის ჟღერადობა. მერე შეუძლია ხელში აიღოს შუა საუკუნეების რომელიმე ქართული ტექსტი და ეს ასე თითქოსდა ბოლომდე ნაცნობი ნაწარმოები სულ სხვანაირი, მაგრამ მისი აზრით, უფრო სწორი აქცენტებით წაგვიკითხოს, მერე დახუჭოს თვალები და საკუთარი ლექსი ამ თავისი თეორიული წესებით იმღეროს. ერთი სიტყვით, წიგნი, რომელსაც მე ახლა წარმოგიდგენთ, შედეგია შალვა ბაკურაძის ერთი ახირებული პოეტური კონცეფციისა და ლექსის კარგი და დაკვირვებული მკითხველი ამ თავისებურ მიდგომას მაშინვე იგრძნობს. აი, რას ამბობს ამ წიგნზე პოეტი დიანა ანფიმიადი:

დიანა ანფიმიადი

დიანა ანფიმიადი

„შალვა ბაკურაძის პოეტური კრებული არის ერთ-ერთი ის წიგნი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი როგორც მკითხველი და როგორც პოეზიის მოყვარული, და აბსოლუტურად გაამართლა ჩემი მოლოდინები ამ წიგნმა. შეიძლება ცოტა ხმამაღალი გამოვიდეს, მაგრამ მგონია, რომ ის ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრებულია ქართულ პოეზიაში. და ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამედროვე ქართველი პოეტის ტექსტებში ვპოულობ ჩემს ყველაზე საყვარელ ქართველ პოეტებს. შალვა ბაკურაძის პოეზია არის გზა ქართული ჰიმნოგრაფიიდან დღევანდელ დღემდე, დავით გურამიშვილის, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართველი პოეტის გავლით. ყველაზე მეტად, რატომაც მომწონს ეს პოეზია, არის ის, რომ მას აქვს ის მისია თუ დანიშნულება, რისთვისაც შეიქმნა პოეზია თავიდან, რელიგიურ საგალობლებად და სიმღერებად, და დღეს, XXI საუკუნის პოეზიაში სწორედ ის ძველი, რიტუალური პოეტიკა შეგვიძლია წავიკითხოთ და ამითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ავტორი.“

ამას წინათ კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ გამოწვლილვით გაარჩია ამ წიგნის ერთი პატარა პოემა, სახელწოდებით, არც მეტი არც ნაკლები, „ვეფხისტყაოსანი“, და მას „ინტონაციების პოემა“ უწოდა. აი, რას წერს იგი:

“შესაძლებელია პოეტი უფრო ინტონაციებით „აზროვნებდეს“, ვიდრე სიტყვებით?

ვისაც შალვა ბაკურაძის წაკითხული მისივე ლექსები მოუსმენია, ალბათ დამეთანხმება, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

მაგრამ მოსმენა სავალდებულო არ არის - შალვა ბაკურაძის ტექსტების თვალით აღქმა-წაკითხვის დროსაც ინტონაციები ჩაგრავენ სიტყვებს.

ინტონაციით რომ არანაკლების (ზოგჯერ მეტის!) თქმა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით, ეს ცნობილია (მადლობა ამაში ჩვენი დარწმუნებისთვის სტრუქტურალიზმის თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს!). მაგრამ ინტონაცია აქამდე მაინც სიტყვებს იყო დაქვემდებარებული. აქ (შალვა ბაკურაძესთან) პირიქით - სიტყვები ექვემდებარებიან ინტონაციებს: მთავარი ინტონაციაა და არა მაინცდამაინც ის, თუ რა სიტყვებით მოგვეწოდება ეს ინტონაცია. ინტონაცია დომინანტია, სიტყვები - დამხმარე საშუალება.“

არ არსებობს ტექსტი, რომელსაც ხარვეზი არ ჰქონდეს. "განგებულებახორცთ…" არ არის გამონაკლისი, მისდევს ამ ტრადიციას. ასეთია მეოთხე ფირფიტა, რომლის შემონახული ფრაგმენტები, შესაძლოა, ნაწარმოების სწორედ მარჭვალ სიტყვას ინახავდეს, მაგრამ უკონტექსტოდ დარჩენილნი, მთარგმნელის ნებაზე არიან მინდობილნი, როგორ აღადგენს იგი კონტექსტს...

შალვა ბაკურაძის ამ წიგნში სხვადასხვა პერიოდის მისი ტექსტებია თავმოყრილი, მაგრამ რაც მთავარია, კრებული კონცეპტუალურად შეკრულია და მასში ბევრი კოდია ჩადებული. დაშიფვრის გზებზე ავტორი არ ერიდება მისტიფიკაციებსაც. ასეთია პოემა "განგებულება ხორცთ...", რომელიც ვითომდა 2005 წელს ნაპოვნი ხუთი შუმერული ფირფიტის თარგმანს წარმოადგენს. მახსოვს, როდესაც მან ეს პოემა პირველად ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა, ბევრმა ეს სიმართლედ აღიქვა, იმდენად შთამბეჭდავად იყო შესრულებული მისტიფიკაცია. ეს რომ ასეა, ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ მთავარი ქართველი შუმეროლოგი და „გილგამეშის“ მთარგმნელი, ბატონი ზურაბ კიკნაძე შალვა ბაკურაძეს ამ „თამაშში“ აყვა და ასე ვთქვათ „მეცნიერული“ ბოლოთქმა დაურთო ამ ტექსტს, რის შემდეგაც თარგმანის „ავთენტურობა“ აბსოლუტურად დამაჯერებელი გახდა. ეს ბოლოთქმა ახლა, ფაქტობრივად, ტექსტის ორგანული ნაწილია და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ კიკნაძემ უსიტყვოდ გაუგო შალვა ბაკურაძეს და მთელი თავისი გამოცდილება არტისტულად გამოიყენა, რათა მკითხველისთვის პოემის ფარული, „შუმერული“ პლასტები ეჩვენებინა. აი, რას წერს ზურაბ კიკნაძე თავისი წერილის პოსტსკრიპტუმში:

„არ არსებობს ტექსტი, რომელსაც ხარვეზი არ ჰქონდეს. "განგებულებახორცთ…" არ არის გამონაკლისი, მისდევს ამ ტრადიციას. ასეთია მეოთხე ფირფიტა, რომლის შემონახული ფრაგმენტები, შესაძლოა, ნაწარმოების სწორედ მარჭვალ სიტყვას ინახავდეს, მაგრამ უკონტექსტოდ დარჩენილნი, მთარგმნელის ნებაზე არიან მინდობილნი, როგორ აღადგენს იგი კონტექსტს. ბევრი ცდილობს, მაგრამ შედეგი მხოლოდ პროფანაციაა. ჩვენი მთარგმნელი არ გაყვა ამ გზას და ფრაგმენტები, რომლებიც გვაწოდებენ საკვანძო სიტყვებს (ნაღველი, შიში, სიყვარული), ფრაგმენტებად დაუტოვა მკითხველს მისი თავისუფლების გამოსაცდელად.“

ერთი სიტყვით, შალვა ბაკურაძის ეს წიგნი ძველი ეპოქების პოეტურ გამოცდილებათა გააზრების და ახალი, თანამედროვე პოეზიის შესაქმნელად ამ გამოცდილებათა გამოყენების ჯიბრიანი მცდელობაა. ერთჯერადი წაკითხვისათვის იგი არაა დაწერილი და გამოცემული, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი წიგნს რამდენიმეჯერ წაიკითხავთ და როგორც ლევან ბრეგაძე ამბობს, იგრძნობთ, რომ ინტონაციები დაჩაგრავენ სიტყვებს, ამისიც ნუ შეგეშინდებათ - იცოდეთ, რომ ეს განზრახ მოხდა და არა შემთხვევით!

XS
SM
MD
LG