Accessibility links

logo-print
11 ივნისს ”ლეობორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეტეხის ტაძართან საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია, რომლის თემა მედიისათვის ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო. ამას წინ უსწრებდა პრესაში გავრცელებული ცნობა ნათელაშვილის პოლიტიკიდან სავარაუდო წასვლის შესახებ, თუმცა პრესკონფერენციაზე პრესით გავრცელებულიჭორი არ გამართლდა. უფრო მეტიც, ლეიბორისტებმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს.

”ჩვენი თავგანწირული ბრძოლა ანტიხალხური რეჟიმის შესაცვლელად იწყება და ის მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ცხადდება წინასაარჩევნო სტარტი. მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვარწმუნებთ, რომ ასარჩევი ბევრი არაფერია. ორი ძალაა - ან ჩვენ, ან ისინი, სხვა არავინ!“

სანამ ჩვენ არ დავანგრევთ ბარაბა სააკაშვილის და ბარაბა ივანიშვილის სასახლეებს, ჩვენ არაფერი გვეშველება ...

ამ სიტყვებით დაიწყო 11 ივნისს მეტეხის ტაძრის ეზოში პარტიის საარჩევნო კამპანია ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და ამით გაფანტა კიდეც გასულ კვირაში გავრცელებული ჭორი „ლეიბორისტული პარტიის“ დაშლისა და თავად ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ნათელაშვილმა თქვა, რომ ეს მათთვის მეორე და მნიშვნელოვანი შანსია გამარჯვებისათვის. არც საგანგებო პრესკონფერენციის ადგილი შერჩეულა შემთხვევით. პარტიის აქტივმა და მათმა მხარდამჭერებმა თავი სწორედ იქ მოიყარეს, საიდანაც კარგად ჩანს როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასახლე, ისე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია. ნათელაშვილს კი ორივეს მისამართით აქვს კონკრეტული გეგმები:

”სანამ ჩვენ არ დავანგრევთ ბარაბა სააკაშვილის და ბარაბა ივანიშვილის სასახლეებს, ჩვენ არაფერი გვეშველება და ისინი უნდა დავანგრიოთ.”

რამ გამოიწვია მითქმა-მოთქმა ლეობორისტების დაშლის შესახებ და რატომ იყო პარტიის ოფისიდან მთელი კვირის განმავლობაში ჩამოხსნილი დროშები, რატომ არ აქტიურობდა ამ ხნის განმავლობაში ხშირი პრესკონფერენციებით ცნობილი პოლიტიკური ძალა? - ნათელაშვილმა განმარტა, რომ პარტია საარჩევნოდ ემზადებოდა. დროშები კი:

”დროშები? დროშები გავრეცხეთ”...

”ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას, სანამ პრეზიდენტობის ორ ვადას არ ამოწურავს,არ გეგმავს. მისი საარჩევნო დაპირებები კი ამჯერად ასეთია:

”ჩვენ სანამ არ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ცხინვალს; სანამ არ გავხსნით გზებს რუსეთისაკენ, რომ ის მიტოვებული ბაზარი დავიბრუნოთ; სანამ საქართველოს არ გადავაქცევთ ნეიტრალურ სახელმწიფოდ, რომელიც არ შეძვრება არც ნატოში და არც სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში; სანამ ადამიანებს აქ გარანტირებული სამსახური არ ექნებათ, ხოლო უმუშევრობაზე არ მიიღებენ კომპენსაციას; სანამ პენსიონერს არ ექნება იმდენი თანხა, რომ არა მარტო შვილიშვილებს აჩუქოს, არამედ სამოგზაუროდ წავიდეს; სანამ არ გაუქმდება დენზე მიბმული გადასახადები; სანამ სწავლა არ იქნება უფასო, ავადმყოფის მკურნალობა არ იქნება უფასო, ჩვენ არსად ფეხის მომცვლელები არ ვართ.”

ნათელაშვილმა თავის ამომრჩეველს იმედები პირველად მაშინ გაუცრუა, როდესაც თბილისის საკრებულოში სააკაშვილს დაუთმო თანამდებობა, მერე პარლამენტში არ შევიდა ...

11 ივნისს ლეიბორისტების ლიდერმა რეგიონალური შტაბების უფროსების ვინაობა დაასახელა. თბილისში საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს კახაბერ ძაგანია, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში - პაატა ჯიბლაძე, კახეთსა და ქვემო ქართლში - იოსებ შატბერაშვილი, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - გიორგი გუგავა, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - კონსტანტინე გუგუშვილი, ხოლო აჭარასა და გურიაში - დავით რობაქიძე. „ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში კვლავაც მარტო იბრძოლებს - პოლიტიკური კოალიციებისა და ბლოკების გარეშე, თუმცა ნათელაშვილმა თქვა, რომ მათი პარტიული სია მსურველებისათვის ძველებურად ღია იქნება.

მაგრამ დღეს, როცა პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად პოლარიზებულია, ”ლეიბორისტების” შანსებს პოლიტოლოგები და სოციოლოგები დადებითად ვერ აფასებენ. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ისეთი ჯგუფები, ვისაც ნათელაშვილის სათქმელი და სტილი მოსწონს, მუდამ იარსებებს, თუმცა მისი ამომრჩეველი ვერ იქნება ძველებურად ანგარიშგასაწევი რაოდენობის:

”ნათელაშვილმა თავის ამომრჩეველს იმედები პირველად მაშინ გაუცრუა, როდესაც თბილისის საკრებულოში სააკაშვილს დაუთმო თანამდებობა, მერე პარლამენტში არ შევიდა, თუმც კი დეპუტატი იყო. პრაქტიკულად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ნათელაშვილი რაღაც ბარიერის იქით გადაბიჯებას არ აპირებს.”

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, ”ლეიბორისტული პარტიის” რეიტინგი 3-4%-ს არ ასცილებია. ნათელაშვილის მშობლიურ დუშეთის რაიონშიც კი მისი რეიტინგი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა, გვეუბნება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. ლეიბორისტების რეიტინგის ვარდნა განსაკუთრებით შესამჩნევი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის გამოჩენის შემდეგ გახდა -”ქართული ოცნების” გარშემო შემოკრებილმა პოლიტიკურმა ძალებმა არა მხოლოდ ლეიბორისტების, არამედ ერთ-ერთი რეიტინგული ”ქრისტიან-დემოკრატების” ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც გადაიბირა. ასე რომ, დღეს, გვეუბნება იაგო კაშკაჭიშვილი, „ლეიბორისტულ პარტიას“ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგას, რაც თავისთავად უნიკალური შემთხვევაა:

” ‘ლეიბორისტული პარტია’ 2000-იანების დასაწყისში ძალიან წონადი პოლიტიკური პარტია იყო, მაგრამ შემდეგ მან, თუ შეიძლება ითქვას, ნაბიჯ-ნაბიჯ ხარაკირი ჩაიტარა, ძალიან არაპოპულარული განცხადებები გააკეთა და დღემდე ასეა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი სამსახური მას გაუწია რუსეთთან მიმართებით გაკეთებულმა ლოიალურმა განცხადებებმა; ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ხელი მოეწერათ ნატოში შეუსვლელობის ვალდებულების აღების დოკუმენტზე. მოკლედ, ეს ისეთი პრინციპებია, რომლებიც ჯერჯერობით ძირითადი ქართული პოლიტიკური მეინსტრიმის მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG