Accessibility links

logo-print

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ავღანეთისა და სირიის პრობლემები განიხილეს


შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის მონაწილეები

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის მონაწილეები

ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების სამიტზე რუსეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს. ერთდღიანი სამიტის ყურადღების ცენტრში იყო ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონის - განსაკუთრებით, ავღანეთის - უსაფრთხოების საკითხები.

რაც უფრო ახლოვდება ავღანეთიდან ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო დანაყოფების გაყვანის პროცესი, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს კითხვა, თუ როგორი იქნება უსაფრთხოების გარემო ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. ამ საკითხზე ბიშკეკში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ავღანეთში გაიზარდა ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობა.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კი ხაზი გაუსვა ავღანეთის, როგორც ტერორიზმის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნის, მნიშვნელობას. თუმცა კარზაიმ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების გასაგონად ისიც განაცხადა, ისეთი საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების გარდა, როგორიც ალ ყაიდაა, ავღანეთი თავიანთი საქმიანობის არეალად უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობისა და თურქმენეთის ისლამისტური პარტიის გასამხედროებულმა ჯგუფებმაც გადააქციესო.

ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში აშშ დაეხმარება ქაბულს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მხარი დაუჭირა ქაბულს და მისთვის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„გვჯერა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის წევრი იმ ქვეყნების მხარდაჭერით, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე, და ასევე მთელი მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მოძმე ავღანელი ხალხი წარმატებით გაართმევს თავს მომავალ სიძნელეებს და მსოფლიოს აჩვენებს თავის მისწრაფებას - ააღორძინებს ავღანეთს, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მდიდარი ისტორიითა და თვითმყოფადი კულტურით. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ავღანეთის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მორალურად და მატერიალურად დავეხმაროთ ჩვენს მეზობელს“.

ალმაზბეკ ატამბაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სამიტზე განაცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ბიშკეკში 10 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვა წარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც აღნიშნა, ირანს აქვს უფლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი სამშვიდობო მიზნებითო. პუტინი მიესალმება თეირანის მზადყოფნას, გააცნოს თავისი ბირთვული პროგრამა საერთაშორისო ინსპექტორებს. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, რომელიც, ავღანეთისა და მონღოლეთის ლიდერების მსგავსად, პირველად ესწრებოდა შანხაის ორგანიზაციის სამიტს დამკვირვებლის სტატუსით, სირიის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე შეაჩერა ყურადღება:

„ადამიანური ტრაგედია სირიაში პოლიტიკური გზით, სირიის ხელისუფლებასა და მის წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფებს შორის დიალოგით, ყოველგვარი საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის გარეშე უნდა დასრულდეს. ირანის მსგავსად, ყველა მხარემ, ვისაც შეუძლია გავლენის მოხდენა, უნდა მიმართოს ძალისხმევას იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ამგვარი კონსტრუქციული დიალოგის გამართვას“.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ე.წ. ბიშკეკის დეკლარაციას, რომელიც ნარკოტიკების არალეგალური მოძრაობის, ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებას გულისხმობს. შანხაის ორგანიზაციის მომდევნო სამიტი მომავალ წელს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG