Accessibility links

logo-print

სინათლე უშუქო სოფლებში 25 წლის შემდეგ


მცირე ჰესისა და რეაბილიტირებული ადგილობრივი გამანაწილებელი ქსელის პრეზენტაცია შატილში

მცირე ჰესისა და რეაბილიტირებული ადგილობრივი გამანაწილებელი ქსელის პრეზენტაცია შატილში

25 წლის შემდეგ საქართველოს ოთხ უშუქო სოფელში განათდა. ამ ხნის განმავლობაში ზოგან შუქი საერთოდ არ ჰქონდათ, ზოგან ელექტროენერგიის ძაბვა ისეთი დაბალი იყო, რომ მოსახლეობა საოჯახო ტექნიკის ჩართვას ვერ ახერხებდა. 9 ივლისს ამ სოფლებიდან ერთ-ერთში, შატილში, განახლებული მცირე ჰესისა და რეაბილიტირებული ადგილობრივი გამანაწილებელი ქსელის პრეზენტაცია მოეწყო. შატილშივე, პირველად ამ წლების განმავლობაში, სკოლის შენობაში გათბობა დამონტაჟდა, სკოლა-პანსიონის ბავშვებისა და პედაგოგებისათვის კი განახლებად ენერგიის წყაროზე - მზის ბატარეებზე -მომუშავე აბანო ააშენეს. ეს ყველაფერი გაკეთდა USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტ „ნათელის“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაცია Winrock International Georgia-მ განახორციელა.
უნდა გენახათ, რა სიხარული იყო. ბავშვები სახლიდან აღარ გამოდიოდნენ. მოსახლეობამ შეიძინა ტელევიზორები. ინფორმაციულ ვაკუუმშიც იმყოფებოდნენ მთელი ეს წლები და ჰქონდათ ძალიან ძველი ტელევიზორები, რომლებსაც ტუმბოებად იყენებდნენ...

შატილის მკვიდრის დათო ჭინჭარაულის სახლში თვეების განმავლობაში დღე და ღამე ჩაუქრობლად ენთო ნათურა, როგორც ნიშანი, თუ როგორ მუშაობდა სოფლის მცირე ჰიდროელექტრო-სადგური. თუ ძაბვა დაეცემოდა და ნათურა აციმციმდებოდა, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, დათო ჰესისაკენ გარბოდა, რომ პრობლემა მოეგვარებინა. სიბნელეში ძილს ძნელად შეეჩვია:

„ახლაც, როცა ვიღვიძებ, მაინც პირველად იმას ვფიქრობ, რომ აბა, დენი რას შვრება, რას შვრება ჰესი..."

სახლში ელექტროენერგიის ჩამრთველიც გაჩნდა.

„გვინდა ჩავრთავთ, გვინდა გამოვრთავთ - სინათლეში აღარ გვძინავს. უკვე კომპიუტერსაც ვრთავთ უპრობლემოდ. ეს დამცველიც გვაქვს, რომელსაც 220 ვოლტზე ვამუშავებთ. ახლა უკვე დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ვფიქრობდით ადრე, დენი რომ გვქონდეს, ამას ვიზამდით, იმას ვიზამდითო... ახლა სტაბილური დენი გვაქვს და დანარჩენი.. ცხოვრება წინ არის..."

პროექტ „ნათელისა“ და ამავე Winrock International Georgia-ს ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე იხსენებს, რომ ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. ამოცანა ასეთი იყო: მთელი საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლები უნდა შეესწავლათ და გაენათებინათ. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 49 ასეთი სოფლისგან შემდგარი სიიდან საბოლოოდ ოთხი სოფელი შეირჩა: მამიშლარი დმანისის რაიონში, ჭართალა ახმეტაში, იმერხევი ქარელის რაიონში და შატილი დუშეთში.

„დავალება ასეთი იყო, რომ ელექტროენერგია ადგილებზე განახლებადი ენერგიის წყაროებით უნდა მიგვეყვანა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა ანალიზმა და შეფასებამ იქამდე მიგვიყვანა, და ეს იყო ენერგეტიკის სამინისტროს თხოვნაც, რომ გადამცემი ხაზები აღგვედგინა, რადგან ამ მეთოდით მთლიანად სოფლები განათდებოდა და ეს გარშემო მდებარე სოფლების ელექტრიფიკაციასაც შეუწყობდა ხელს“.

ინგა ფხალაძე იხსენებს სოფელ მამიშლარში ხალხის ემოციას, როცა იქ, 23 წლის შემდეგ, შუქი მოვიდა. იგივე განმეორდა სოფელ ჭართალაშიც.

„უნდა გენახათ, რა სიხარული იყო. ბავშვები სახლიდან აღარ გამოდიოდნენ. მოსახლეობამ შეიძინა ტელევიზორები. ინფორმაციულ ვაკუუმშიც იმყოფებოდნენ მთელი ეს წლები და ჰქონდათ ძალიან ძველი ტელევიზორები, რომლებსაც ტუმბოებად იყენებდნენ... იყიდეს მაცივრები, სარეცხი მანქანები - ყოველდღიურ ყოფაში ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იყო“.


ინგა ფხალაძე ამბობს, რომ ეს პროექტები მათ ადგილობრივი მუნიციპალი-ტეტებისათვის განახორციელეს. ახლა სწორედ მათი პასუხისმგებლობაა სისტემის მოვლა. მაგალითად, შატილის შემთხვევაში, დასრულებული პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა და მასთან მემორანდუმიც გაფორმდა.

პროექტ „ნათელის“ ჰიდროინჟინერი ავთო ლომიაშვილი გვიხსნის, რომ მათი უმთავრესი მიზანი ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით მაქსიმალური ღონისძიებების გატარება იყო. შატილს, მაგალითად, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ცენტრალური წყაროდან არასდროს მიეწოდებოდა. 1960-70-იან წლებში სოფელი ელექტროენერგიით დიზელზე მომუშავე გენერატორების, მოგვიანებით კი მცირე ჰესის საშუალებით მარაგდებოდა. ჰესის აშენებამდე უღელტეხილზე არსებული გადამცემი ხაზის შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ის ხშირად ზიანდებოდა და ზამთარში შატილი უშუქოდ რჩებოდა. 90-იან წლებში ჰესის ტექნიკური მდგომარეობაც გაუარესდა. დროდადრო შატილის ჰესს არემონტებდნენ და დენიც ჰქონდათ, რაზეც დამოკიდებული იყო გათბობაც, განათებაც, სამხერხაოც...

„მაგრამ დენის ხარისხი ძალიან დაბალი იყო, მათ არ შეეძლოთ ემუშავებინათ მაცივარი, სარეცხი მანქანა..."

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ჰესის ტურბინა იმდენად დაზიანებული იყო, რომ თბილისში წაიღეს და „თბილავიამშენში“, ფაქტობრივად, თავიდან ააწყვეს. ამას გარდა, შატილში იზოლირებული სადენებიც გაკეთდა. ახლა ქსელი ავარიული გათიშვებისგან მაქსიმალურად დაცულია.

„აი, შეხედეთ, ერთი ხაზი ამ გზით ადის კოშკებში და ხიდამდე, ხიდის ქვეშ უკვე მიწისქვეშ გადის და ასე შედის ახალი შატილის დასახლებამდე“.

ჰესი

ჰესი

შედეგად, თუ ადრე ჰესის ძველ ტურბინას 30 კვ საათზე მეტის გამომუშავება არ შეეძლო, დღეს 100 კვ-ზე მეტის აღება შეუძლია, ანუ, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სიმძლავრის რეზერვი უკვე არსებობს. დენი ხარისხიანია.

შატილელ მზია წიკლაურს, წესით, რიგით მესამე მაცივარი აღარ უნდა გადაეწვას:

„50 ჰერცი რომ სჭირდება, არა? - გვქონდა დაახლოებით 23 ან 25 ჰერცი. კი ამუშავებდა რაღაც ტექნიკას, მაგრამ ყველაფერი მალე ფუჭდებოდა. აი, ეს უკვე მესამე მაცივარია. როგორც კი შუქი გაგვიკეთეს, ჩამოვიტანე. წინა ორზე მოტორი გადამეწვა“.

შატილის მცირე ჰესს ადგილზე უფროსი დათო ჭინჭარაული და უმცროსი დათო ჭინჭარაული უვლიან. დილით და საღამოს მათი გზა ჰესის სათავე ნაგებობასთან იკვეთება, ზედმეტი ნარჩენებისგან, ხავსისა თუ მცენარეებისგან წყალი უნდა გაიწმინდოს. უფროსი დათო ჭინჭარაული გვეუბნება, რომ თუ ჰესზე რამე პრობლემაა და დროებით უნდა გამორთონ, ხალხს წინასწარ აფრთხილებენ, რომ არაფერი გაუფუჭდეთ. სოფელში რომ ინტერნეტი იყოს, ჰესის კონტროლი დათოს სახლიდანაც შეეძლებოდა:

„ინტერნეტი რომ მქონდეს, მონიტორს ამ ჩემს კომპიუტერში დავინახავდი და აქედან შევძლებდი კონტროლს. ჯერჯერობით ეს შეუძლებელია და ყოველთვის ადგილზე მისვლა სჭირდება“.

დათო წელს მეთორმეტე კლასში გადავიდა. რადგან ელექტრობაში ერკვეოდა, დახმარებაც მას სთხოვეს, ჰესის სისტემის მართვა შეასწავლეს და ახლა ეს ადგილი მისი სამსახურიცაა და საზრუნავიც. ხშირად მიდის და ამოწმებს სისტემის გამართულობას. იმასაც ამბობს, ისე მომეწონა ეს საქმე, ალბათ, ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებო:

„მასწავლეს მართვის ეს სისტემა. სულ არ გამძნელებია. ჩემთვის უკვე მარტივია. ძირითადად მე სწორედ ეს მევალება - კომპუტერთან და ელექტრობასთან მუშაობა“.

აბანო

აბანო

შატილის სკოლის გვერდით ახალი აბანო დადგეს, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყარო ამუშავებს – შენობის სახურავზე მზის ბატარეებია დამონტაჟებული. ეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს, რომლებიც შატილში ახლომახლო სოფლებიდან დადიან, საშუალებას მისცემს აბანოთი ისარგებლონ. როგორც Winrock International Georgia-ს წარმომადგენლები განმარტავენ, ენერგოეფექტური აბანოს მუშაობით წელიწადში 3000 კვტსთ ენერგია დაიზოგება. მოლოდინი ასეთია: აბანო ხელს შეუწყობს ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებას, სკოლის მოსწავლეებს და პერსონალს კი საყოფაცხოვრებო პირობებს გაუუმჯობესებს. პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და Winrock International Georgia-ს ხელმძღვანელობით „თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“/“ნათელი II“-ის მიერ განხორციელდა, 80,320 აშშ დოლარი დაჯდა.

კიდევ ერთი სიახლე, რაც შატილელებს აქვთ – ეს სკოლის გათბობაა. აქამდე სკოლა, რომელშიც 12 მოსწავლე სწავლობს და 8 მასწავლებელი ასწავლის, შეშის ღუმელებით თბებოდა. ამ ზამთარს, წესით, სკოლაში აღარ უნდა შესცივდეთ. იქ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის“ მიერ ახალი თაობის თბური ტუმბო დამონტაჟდა, რომელიც შატილის სკოლის შენობის გათბობასა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ენერგოეფექტური გათბობა შეამცირებს დამოკიდებულებას შეშაზე და სკოლის ხის შენობისათვის მეტად უსაფრთხოც იქნება. ამ პროექტის საერთო ღირებულება 75 820 აშშ დოლარია.

„ეს ეკოლოგიურად სუფთა, თბური ტუმბოა, ენერგოეფექტურ რეჟიმში მუშაობს. აქ საინტერესო ისაა, რომ ზამთარში - თებერვალში, განსაკუთრებით - წყლის მოდინება არის ძალიან მცირე და როცა ადრე სკოლას დენით ათბობდნენ, მაშინ იყო ხოლმე მომენტები, როცა ელექტროენერგია დანარჩენ სოფელს საერთოდ აღარ ჰოფნიდა. ამ სისტემით კი მთელი შენობა გათბება უფრო ნაკლები დანახარჯებით“.
აქ რომ შუქი არ იყოს, ცხოვრებაც არ იქნება - არც სკოლა იქნება, არც მაღაზია, არც გამგეობა, არაფერიც არ იქნება, აქ რომ შუქი არ იყოს...

შატილში რეაბილიტირებული ჰესის გახსნაზე ეროვნული ტურისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სიგუასაც შევხვდით. მას იმდი აქვს, რომ განახლებული ჰესის ამუშავება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შუწყობს ხელს. დღეს ეს სფერო შატილში მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სიგუა ამბობს, რომ შატილის, როგორც ტურისტული ზონის, რეკლამირება როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე საქართველოს შიგნითაც გაგრძელდება:

„ტურისტული ინფრასტრუქტურა აქ ძალიან სუსტადაა განვითარებული. დასაძინებელი ადგილების ნაკლებობაა, გზაც გასაკეთებელია, სოფელში მაღაზიის პრობლემაცაა, სადაც ტურისტი რამის ყიდვას შეძლებდა. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს დროის ამბავია და მოთხოვნის შემთხვევაში მიწოდებაც იქნება. ჩვენ ძალიან მალე ვიწყებთ დიდ კამპანიას შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით და ვფიქრობთ, რომ ეს სიმდიდრე, რაც შატილის სახით გაგვაჩნია, ქართული ტურიზმის სფეროში თავის სიტყვას იტყვის“.

მაგრამ სანამ შატილში ყველა პრობლემა მოგვარდება, მანამდე სოფლის მოსახლეობას ყველა აუცილებელი პირობები სჭირდება. ამ პირობებიდან ერთ-ერთი უმთავრესი სინათლეა. ასე ფიქრობს 80 წელს მიტანებული კიდევ ერთი შატილელი, ზვიად ჭინჭარაული. მისი თქმით, რომ არა ელექტროენერგია, შატილიც ისევე დაცარიელდებოდა, როგორც სხვა ახლოს მდებარე სოფლები...

„აქ რომ შუქი არ იყოს, ცხოვრებაც არ იქნება - არც სკოლა იქნება, არც მაღაზია, არც გამგეობა, არაფერიც არ იქნება, აქ რომ შუქი არ იყოს..."
XS
SM
MD
LG