Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერებული საფინანსო ზედამხედველობა


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის დასადგენად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მიმართეს. 12 ოქტომბერს სასამართლომ, პლენუმის 9-ვე მოსამართლის მხარდაჭერით, საქმე წარმოებაში მიიღო. რა არგუმენტებით იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლომ და რა გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაზე?

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ 22 სექტემბერს შეტანილ სარჩელში, რომელსაც 39 დეპუტატი აწერს ხელს, ვკითხულობთ: „საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევა ეროვნულ ბანკს ართმევს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებას იზრუნოსფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების მხარდაჭერაზე“. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თქმით, სადავო კანონი კონსტიტუციასარღვევს პრეზიდენტის უფლებამოსილების კუთხითაც, ვინაიდან პრეზიდენტს არანაირი როლი აღარ ეკისრება ახალი სააგენტოს საბჭოს წევრთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესში:

„პრეზიდენტი თუ მონაწილეობდა საბანკო ზედამხედველობის კონსტიტუციური ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოს დაკომპლექტებაში, მას ეს კომპეტენცია წაერთვა, მისი უფლებამოსილება შეიზღუდა და ამის გამო ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტიც უნდა ჩერთოს მესამე მხარედ ამ დავაში. საერთოდ, თუ ივანიშვილსა და პარლამენტარ მეჭიაურს უნდოდათ, რომ ეროვნული ბანკისთვის წაერთმიათ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, ეს ვერ მოხდებოდა ასეთი საკანონმდებლო ცვლილებით. ამისთვის საჭირო იყო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“.

ოპოზიციური პარტიების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 12 ოქტომბერს მიიღო. გარდა ამისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გამოაცხადა, სასამართლოს პლენუმმა (5 მოსამართლე - მომხრე, ოთხი - მოწინააღმდეგე) დროებითი ზომის სახით შეაჩერა კანონის იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოსა და უფროსის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს:

„2015 წლის 12 ოქტომბრის N3/6/668 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473 მუხლის 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 22-ე პუნქტის, აგრეთვე ამავე კანონის 474 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის“ (N4188-I) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“ მოქმედება. აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს“ ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი".

საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ მიეყენებინა გამოუსწორებელი ზიანი საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორებისა და მეანაბრეების უფლებებისა და ინტერესებისათვის. იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„საკონსტიტუციო სასამართლო არის ის უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას. ამ მანდატის ფარგლებში სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვიწროპოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი პროცესი დააბრუნა კონსტიტუციურ, კანონიერების ფარგლებში და ყველას უთხრა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტული ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით კი არა, სახელმწიფო ინტერესებით უნდა იმართებოდეს სახელმწიფოო“, უთხრა ლევან ალაფიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ლევან ალაფიშვილისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. ასე ფიქრობს ფრაქცია“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი:

„არც ერთ იურისტს არ უთქვამს, რომ საფინანსო ზედამხედველობის გასვლა ეროვნული ბანკიდან და შესაბამისი კანონის მიღება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ასეთი რამ არ უთქვამთ არც საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც ღრმად არიან ჩახედული საკითხში. საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვანწილად მოდის იმ გუნდიდან, რომელიც მართავდა ქვეყანას და არასოდეს არ ჰქონია მათ საქმიანობაზე შენიშვნა და, ვფიქრობ, პაპუაშვილს ამ გუნდის წევრობა ავალებს გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული დამოკიდებულება“.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცუდი სტარტი (ორ დღეში შეუჩერდა მოქმედება) ხელს შეუშლის ფინანსური სტაბილურობის მიღწევას. საბანკო ექსპერტის გოჩა თუთბერიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიწვევს, სულ ცოტა, ახალი ინსტიტუტის დემორალიზებას:

„ამ გადაწყვეტილებით ზედამხედველობა, ფაქტობრივად, კასტრირებული აღმოჩნდება, რადგანაც არავინ არ იცის რითი დასრულდება სასამართლო და რა ვერდიქტს გამოიტანს ის. ამიტომ ეს ცალსახად არ წაადგა სისტემის ფინანსურ სტაბილურობას და შესაძლოა ამას გარკვეული მძიმე შედეგებიც მოჰყვეს. მყიფე წონასწორობა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და ამის მაკროეკონომიკური ნიშნები არსებობს, რომ ვითარება საბოლოოდ დასტაბილურდეს, ამასაც ემუქრება საფრთხე“.

თუმცა, პასუხად, სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სააგენტოს ამოქმედებით ზიანი მიადგებოდა საბანკო-საფინანსო სექტორს:

„წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი, რომ ახლა არ შეეჩერებინა საკონსტიტუციოს სააგენტოს მოქმედება, მერე, გარკვეული დროის შემდეგ, ეცნო არაკონსტიტუციურად (დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, იმდენად ნათელია ეს ყველაფერი). მაშინ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებდა არალეგიტიმური ორგანო. ეს გამოიწვევდა ძალიან დიდ ქაოსსა და არეულობას მთელ სისტემაში“.

საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, არაუგვიანებს უახლოესი ცხრა თვისა, გაირკვევა, ეროვნულ ბანკში დარჩება თუ დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG