Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისიის გარეშე შეწყალებულები


ელენე თევდორაძე
ელენე თევდორაძე
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ პირთა დიდი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტმა 30 ოქტომბერს შეიწყალა, კომისიის სარეკომენდაციო სიაში საერთოდ არ ყოფილა. ელენე თევდორაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ 1995 წლიდან კომისიაშია, 10 წელია თავმჯდომარეა და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პრეზიდენტს შეეწყალებინოს პირი, რომელიც გაქცეულია და საპატიმროში არ იმყოფება. ელენე თევდორაძე გულისხმობს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმას, დავით ადეიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ, იურისტების შეფასებით, პრეზიდენტს შეწყალების აქტით კანონი არ დაურღვევია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება აქტის მორალური მხარე.

„ვინ არიან ესენი, არ ვიცი მე“,- ამბობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომელიც აცხადებს, რომ კომისიამ პრეზიდენტს შესაწყალებლად 120 პატიმრის სია გადაუგზავნა. როგორ გაიზარდა სია 250-მდე, ელენე თევდორაძისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომლებიც ძებნილები იყვნენ და საპატიმროში ერთი დღეც არ ყოფილან. შეწყალებულთა სიაში მოხვდა ასევე ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით იყო გასამართლებული.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე შეწყალებულთა სიაზე ხელმოწერას არ აპირებს:

„მე ჯერ არ მომიწერია ხელი და მე განვაცხადე, რომ დღეს მე ხელს მოვაწერ მხლოდ იმ პატიმრების შეწყალებაზე, რომელსაც ჩვენ მივეცით თანხმობა“.

ელენე თევდორაძემ კომისიაში მუშაობის 8- წლიანი პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მისთვის მუშაობა არაკომფორტული იყო, ვინაიდან კომისიის მიერ შესაწყალებლად შერჩეული პატიმრების სია პროკურატურაში იგზავნებოდა, პროკურატურა ამ სიას ცხრილავდა და ისე უბრუნებდა პრეზიდენტს, საბოლოოდ კი, ელენე თევდორაძის თქმით, საპატიმროდან გამოდიოდნენ ის პატიმრები, რომელთა გამოშვების რეკომენდაციასაც პროკურატურა იძლეოდა. ელენე თევდორაძისთვის უცნობია, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ამის შესხებ. მიუხედავად იმისა, რომ ელენე თევდორაძე პრეზიდენტის მიერ ბოლოს გამოცემული შეწყალების აქტს არ ეთანხმება, ამბობს, რომ პრეზიდენტს ამის უფლება ჰქონდა.

პრეზიდენტი მოქმედებდა იმ სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, რომელიც მას აძლევს ამ ტიპის ინდივიდუალური შეწყალებების საშუალებას...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ის, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა ვინაობა არ მოსწონთ ოპონენტებს, არ უკვირს პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილს. მისი სიტყვებით, ქვეყანაში, სადაც ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, გასაგებია, რომ კრიტიკა იქნება, თუმცა ეს პოლიტიკური შეფასების საგანია:

„პრეზიდენტი მოქმედებდა იმ სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, რომელიც მას აძლევს ამ ტიპის ინდივიდუალური შეწყალებების საშუალებას“.

პრეზიდენტს რომ ნამდვილად ჰქონდა საკუთარი სურვილის მიხედვით და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პატიმართა შეწყალების უფლება, ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძეც, თუმცა ის ამ გადაწყვეტილების სამართლიანობას მაინც ეჭვქვეშ აყენებს. კოჟორიძის სიტყვებით, პრეზიდენტს შეწყალების უფლებას ანიჭებს კონსტიტუცია. იმას, თუ რა წესით უნდა გამოსცეს შეწყალების აქტი, განსაზღვრავს 2004 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ შეუძლია შეიწყალოს პირი, რომელსაც მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა და არ აქვს მოხდილი სასჯელის 25 წელი, ასევე არ შეუძლია შეიწყალოს პირველად ნასამართლევი პირი, რომელსაც მისჯილი აქვს 5-წლიანი პატიმრობა და მოხდილი არ აქვს სასჯელის 1/3 და ა. შ. თუმცა ისევ პრეზიდენტმა, 2005 წელს თავისსავე განკარგულებაში შეტანილი ცვლილებით, საკუთარ თავს დაუმტკიცა უფლება, 2004 წლის დებულებით დადგენილი შეზღუდვების გაუთვალისწინებლად შეიწყალოს ნებისმიერი პირი. კახა კოჟორიძის სიტყვებით, ამ განაკარგულების თანახმად, პრეზიდენტს დღეს პატიმრობაში მყოფი ყველა პირის შეწყალების საშუალება აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი შეწყალების აქტი კრიტიკას იმსახურებს და, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, უსამართლობის დამკვიდრებას ემსახურება:

ადამიანი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა, მეორე მხრივ, პარალელურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი კომისიის გარეშე იწყალებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს...
კახა კახიშვილი
„მე ვფიქრობ, არასწორია და ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართლმსაჯულების იდეისთვის ეს არის საზიანო, იმიტომ რომ სახელმწიფო, პროკურატურა, სასამართლო ხარჯავს ძალიან ბევრ რესურსს იმისათვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და თუ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი ყველა იმ პირს უცებ - ყოველგვარი დასაბუთების, მოტივაციის, არგუმენტაციის გარეშე - შეიწყალებს, ცხადია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტაბილურობაც, სამართლიანობაც და ძალიან ბევრი რამ, რაც ქვეყანაში უნდა არსებობდეს“.

თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის 30 ოქტომბრის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომელიც „პოლიტიკური დევნის მსხვერპლი" გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულ პირთა უმეტესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. უფრო კონკრეტულად, შეწყალებულთა შორისაა: განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებული 15 და განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 4 პირი (აქედან 12, ყველა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული, სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან), ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული 32 პირი, ასევე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული სხვა პირები - სულ 250-ზე მეტი პატიმარი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია შეწყალების ეს ფაქტი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ყოვლად უპასუხისმგებლო და უკიდურესად შემაშფოთებელი, ვინაიდან შეწყალებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა“, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის სიტყვებით, დასკვნა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტის ეს ქმედება, მაშინ როცა ის თვითონ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრობდა:

„ადამიანი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა, მეორე მხრივ, პარალელურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი კომისიის გარეშე იწყალებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG